სიცოცხლის ბოლო წლებში ხშირად ნახავდით მარჯანიშვილის თეატრიდან კინოსტუდიისკენ სწრაფად მიმავალს; შორიდანაც რომ მოგეკრათ თვალი, იცნობდით მაღალს, ტანადს, ლამაზად შევერცხლილი თავი ოდნავ მარჯვნივ ჰქონდა ხოლმე გადახრილი. შეხედავდით და იგრძნობდით, რომ იგი ისევე აუცილებელი იყო ჩვენი ქალაქისათვის, როგორც ყველაფერი ის, რაც თბილისს თბილისად შეგვაცნობინებს. თვალშეჩვეული ვიყავით, მაგრამ მაინც გავაყოლებდით თვალს შემოქმედებასთან ნაზიარებ ამ ადამიანს, და თითქოს მხარი აუბესო, ორეულებივით გაჰყვებოდნენ მისივე ნაძერწი გმირები, ასე ღრმად რომ შემოიჭრნენ ჩვენს ცხოვრებაში…

მისი ყველაზე დიდი გატაცება თეატრი იყო. აქ უნდა მოსულიყო და ეთქვა თავისი სათქმელი, აქ უნდა მიეღო ხალხის აღიარება და სიყვარული. საბედნიეროდ მოხდა ისე, რომ ჯერ კიდევ სიჭაბუკის ჟამს გიორგი შავგულიძე თავის ყრმობის ქალაქში, ქუთაისში შეხვდა დიდ ქართველ რეჟისორს, ამ დროს ახალი თეატრის დაბადების სურვილით ანთებულ კოტე მარჯანიშვილს, რომელიც აქ, ქუთაისის თეატრის სცენაზე ზედიზედ ქმნიდა თავის შედევრებს. მათი შეხვედრა გარდუვალი იყო და აღსრულდა კიდეც.

შემდეგ თბილისი და პირველი დიდი სიხარული – დაკავშირებული პირველ როლთან, სპექტაკლი “ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ”. უშანგის დიდების ხანაში უშანგის შეცვლა სცენაზე და წარმატებით მოპოვებული ტაში… ხანგრძლივი ტაში იქცა მისი შემოქმედებითი ცხოვრების მუდმივ თანამგზავრად.

საიდან უნდა დაიწყო, რამდენი რამ უნდა გაიხსენო, რაოდენ დიდი განცდა და მონდომება უნდა ჩააქსოვო ნათქვამში, რომ დაახლოებით მაინც შეძლო, ისიც ჩანახატში, მისი პორტრეტის გაცოცხლება.

როდესაც შემოქმედებაზე ლაპარაკობენ, ხშირად ხმარობენ სიტყვა საოცარს და ის, რაც ბევრ შემთხვევაში გაზვიადებულად გვეჩვენება, გიორგი შავგულიძის მიმართ თითქოს ვერ უტოლდება მისი ხელოვნებით მონიჭებულ ემოციებს.

მაინც რა იყო ის ძალა, ასე რომ გიპყრობდათ, როდესაც მას უყურებდით სცენაზე? ეს გახლდათ, მთელი მისი არსებიდან გადმოსული შემოქმედებითი სიხარული და გატაცება.

ეს იყო მიმზიდველობა, რომელიც გვაიძულებდა განუწყვეტლივ კონტაქტში ვყოფილიყავით მის გმირებთან. ეს იყო გარდასახვის იშვიათი ძალა, რომელიც მუდამ გვაოცებდა და გვატყვევებდა.

გიორგი შავგულიძეს არ შეეძლო უფერულად, დიდი მღელვარების, ნამდვილი შემოქმედებითი აღმაფრენის გარეშე თამაში. იგი თეატრი იყო თეატრში და მუდამ დაუსრულებელ ზეიმს გვაზიარებდა; ეს იყო სწორედ, მის გმირებთან განმეორებით შეხვედრის სურვილს რომ ბადებდა ჩვენში.

შავგულიძის შემოქმედებას ახასიათებდა ეპიზოდური როლის ისეთი ელვარება, სპექტაკლის თითქმის ყველაზე ძლიერ შთაბეჭდილებად რომ გამოჰყოლია მეხსიერებას; განა ასეთი არ იყო “სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილიდან” უსაქმო და ჭორებს აყოლილი თავადიშვილი ლუარსაბი, რომლის შეუცდომელ დახასიათებას მსახიობი მხოლოდ რამდენიმე ფრაზით აღწევდა და ჩვენ წინ აცოცხლებდა ამ კლასის წარმომადგენელთა პირუთვნელ სურათს…

მან მართლაც ჩინებულად იცოდა გასაკიცხის გამათრახება, არაკაცის მხილება, გამოუსწორებლის მიწასთან გასწორება, მაშინ თვითონაც იცინოდა და ჩვენც გვაცინებდა, გვაფრთხილებდა. მაგრამ არა მარტო ასეთი პერსონაჟები გვახსოვს მისი შემოქმედებიდან, არამედ სხვა გმირებიც – ამაღლებული გრძნობების ადამიანები, პატრიოტები, ქვეყნის ღირსეული მოქალაქენი, რომელთაც მაყურებელთა დარბაზი სრულ სოლიდარობას უცხადებდა.

ეს იყო ღარიბი ქალიშვილის სიყვარულით ანთებული ჰერცოგის ვაჟიშვილი ფერდინანდი შილერის დრამიდან “ვერაგობა და სიყვარული”; ეს იყო ფარხადი – სიყვარულის მარადიულ ჰიმნს რომ უმღეროდა შირინს – ნაზიმ ჰიქმეთის პიესიდან “ლეგენდა სიყვარულზე”; ქართველი ჯარისკაცი გიორგი ღუდუშაური – ასათიანისა და ჭიაურელის ეპოპეაში “1917 წელი”; უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლი ვაჟკაცი დათიკო შევარდნაძე ბერძენიშვილის “დაჭრილ არწივში”; დავით აღმაშენებლის გონიერი აღმზრდელი, წელთა და ფიქრთა სიმრავლეში გაჭაღარავებული ჭყონდიდელი, რომლის ბუნებას ორგანულად ერწყმოდა უკეთილშობილესი გარეგნობა, ეს იყო შავგულიძის კიდევ ერთი შედევრი – საიათნოვა, ღრმა ემოციური სახე პოეტისა და პატრიოტისა.

და მაინც, გიორგი შავგულიძის შემოქმედებითი სტიქია სახასიათო, კომედიური როლები, სატირული, გროტესკული სახეებია. აქ აღწევდა მსახიობი შეუდარებელ ოსტატობას, ფართოდ შლიდა თავის მდიდარ შესაძლებლობებს. აი, ძველი თბილისის ეგზოტიკური ტიპი საქუა – ავქსენტი ცაგარლის პიესიდან “რაც გინახავს ვეღარ ნახავ”.

ჯერ მარტო გარეგნული პორტრეტის დანახვა რად ღირდა. გრიმის დიდი ხელოვნების წყალობით ფიროსმანის ტილოდან გადმოსულ კინტოს რომ მოგვაგონებდა; მსახიობი მთელი არსებით გრძნობდა კომედიის ბუნებას, ამიტომ იყო რომ საქუას “დრამა” ერთადერთ სწორ რეაქციას – გულიან სიცილს იწვევდა.

მხატვრულ ინტუიციას შეუცდომლად მიჰყავდა მსახიობი სწორი გზისაკენ და მაშინაც კი, როდესაც ერთდროულად მოუხდა ისეთი განსხვავებული ხასიათების დახატვა, როგორიც ოქტავიოს კეისარი და ნიკიფორე უკლებაა – აქაც ნამდვილი გამარჯვება იზეიმა.

კეისარი, ქვეყნის ბრწყინვალე მმართველი, ეპოქისა და მოვლენების მონუმენტურობა, შესრულების ამაღლებული სტილი და ნიკიფორე უკლება, შეშინებული ბუხჰალტერი, პატიოსანი, მაგრამ უნებისყოფო, დაბნეული ადამიანი, ყოფითი ხასიათი – მართლაც ძნელი იყო ამ ორი ჩინებული სახის შემქმნელში ერთი მსახიობის შეცნობა.

უყვარდა როლზე მუშაობა, აღელვებდა ახალ გმირთან შეხვედრა; ბედნიერება კი ის იყო, რომ მის გმირებს არასოდეს ამძიმებდა გაწეული შრომა კვალი, მსუბუქად, ძალდაუტანებლად მოქმედებდნენ ისინი სცენაზე და გვხიბლავდნენ იოლად აღსაქმელი სცენური ფორმით.

 

1 2