ყველაზე მეტად მას ქართველი კაცის დახატვა უყვარდა და თუ ეს სახე ნამდვილი დრამატურგიიდან იყო მოსული, თან კომედიურიც გახლდათ, მაშინ მის შემოქმედებით გატაცებას, გამომგონებლობას საზღვარი არ ჰქონდა.

ასეთია პლატონ სამანიშვილის მოყვარე კირილე მიმინოშვილი; ვერა და ვერ დაიჯერა შავგულიძის კირილემ პლატონის განზრახვა – მოხუცი მამისათვის თავად ეძებნა საცოლე, ისიც ორნაქმარევი და უშვილო. ჯერ იყო და ამაზე სიცილით ძლივს იჯერა გული, მერე კი დაიჟინა, მეც შენთან ერთად უნდა ვეძებო გასათხოვარი დედაბერიო. ძნელია იმის აღწერა, როგორ იცინოდა გიორგი შავგულიძის მთელი არსება, როდესაც სახე მოჩვენებით სერიოზულობას გამოხატავდა იმ სცენაში, კირილე რომ ეშმაკური ღიმილით ურჩევდა პლატონს, თუ სად უნდა ეძებნათ სასურველი საცოლე ბეკინასათვის. კონტრასტი პლატონისა და კირილეს განწყობილებათა შორის აძლიერებდა ტრაგიკომიკურ ინტონაციას და, ამავე დროს, ჭეშმარიტი თეატრალობით ავსებდა სცენას.

ქართულ თეატრში არასოდეს შენელებულა კომედიური ნიჭის ელვარება. ხშირად ვყოფილვართ მოწმენი, როგორც ჰკარგავდა წონასწორობას მაყურებელთა დარბაზი სიცილის ქარტეხილებისაგან. როდესაც განელების მოლოდინში კარგა ხანს ქანდაკებად ქცეულან ბედნიერი მსახიობები, მაგრამ ისეთი კომედიური ცეცხლი, როგორიც მარჯანიშვილელთა “კოლმეურნის ქორწინებამ” დაანთო, მაინც იშვიათად გვინახავს ჩვენს თეატრში.

ბრწყინვალე სცენურ სახეთა თანავარსკვლავედში უპირველესი ადგილი გიორგი შავგულიძის ხარიტონს მიეკუთვნება.

ხარიტონის ტრიუმფი მისი პირველივე გამოჩენიდან იწყებოდა, როდესაც სცენაზე ყოვლად უცნაური არსება შემოდიოდა გაშეშებული ტანის რხევით. სახეს საოცრად მოძრავი, ცბიერად მოციმციმე თვალები და გრძელი, სწორი მაჯის სიმსხო ულვაშები უმშვენებდა. აქა-იქ შემორჩენილი თმა საგანგებოდ დაევარცხნა, რომ როგორმე დაეფარა სიტიტვლე თავისა. მუდმივი ყვირილისაგან ხმა ჩახლეჩოდა და ამის გამო ყელი მუდამ შეხვეული ჰქონდა. შავი ძაფით ნაკერი შემაძრწუნებელი ყვითელი ფერის, განიერ და მუხლებამდე ჩაგრძელებულ აბრეშუმის ხალათზე ათამდე სამკერდე ნიშანი ჩაემწკრივებინა. მხარჩამოგდებულ და წელგაშეშებულ ხარიტონს თითქოს თავისი მოშვებული სხეულის წონასწორობაში მოყვანა სურსო, მარჯვენა ხელი მუდამ წელზე ჰქონდა შემოდებული. მხოლოდ შავგულიძის უზადო ნიჭს შეეძლო გაემართლებინა ამ უცნაური კაცის არსებობა, საქციელი. და მაინც, ხარიტონის ჰიპერბოლიზებული ხასიათი არ შორდებოდა ცხოვრებისეულ სიმართლეს, ამ უცნაური კაცის სახეში თქვენ შეიცნობდით ტიპურს, მრავალჯერ ნანახს…

გაივლის წლები, ქართულ თეატრში შექმნილი ბევრი რამ გაფერმკრთალდება და, როგორც დროს სჩვევია, დავიწყებას მიეცემა, მაგრამ შავგულიძის ხარიტონი, როგორც შედევრი არტისტული გარდასახვის ხელოვნებისა, იშვიათ სცენურ სახეთა შორის მარად იცოცხლებს.

მიუხედავად იმისა, რომ მსახიობის საუკეთესო გმირები ხშირად დაცინვის ობიექტებს წარმოადგენდნენ, მაყურებელი მათ პოეტური, ამაღლებული ხელოვნების ქმნილებებად აღიქვამდა. ამიტომ უყვარდა გიორგი შავგულიძე რომანტიულისადმი ყველაზე უფრო გულისხმიერად განწყობილ თაობას, ახალგაზრდობას; ამიტომ იყო, რომ მსახიობისთვის გაგზავნილ მრავალრიცხოვან ბარათებში თავის დიდ სიყვარულს იგი პოეტური ენით, ლექსით გამოხატავდა.

ბოლო წლების როლებიდან განუმეორებელი მომხიბვლელობით ცოცხლდება ჭრიჭინა – მარინესადმი დაფარული გრძნობით აღსავსე კოხტას სახე. რამდენი ლირიზმი, ვაჟკაცის თავშეკავებული გრძნობა, უზადო იუმორი ჩააქსოვა მსახიობმა ამ პატარა სცენურ სიცოცხლეში; აი, გიტარით ხელში შემომჯდარა ჭრიჭინას სახლის აივანზე კოხტა და სევდიანი თვალებით შეჰყურებს მედეა ჯაფარიძის წარმტაც ჭრიჭინას გაუთავებელ ანცობას…

 

ამ სახემ აღაფრთოვანა რუსი მაყურებელი ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურის დეკადის დროს. “ყველა როლის შემსრულებელში და მთელს სპექტაკლში იგრძნობა ადამიანურობა, ჰუმანიზმი, მაგრამ მე მაინც მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო მძღოლის როლის შემსრულებელი შავგულიძე. რა სევდიანი და დამწუხრებულია იგი, როდესაც მისი სიყვარულის ილუზიები იფანტება… რამდენი სისადავე, გულმართლობა და იუმორია ამ შესანიშნავ მსახიობში”. მრავალ ამგვარ ქების სიტყვებს ბეჭდავდნენ გიორგი შავგულიძის შესანიშნავ ხელოვნებაზე გაზეთები.

სიცოცხლეშიც არავინ დაიშურებდა, ხოტბა შეესხა მისთვის… მის გარეშე გატარებულმა წლებმა კი მთელი ძალით შეგვაცნობინა გიორგი შავგულიძის ხელოვნების განუმეორებელი მომხიბვლელობა და სილამაზე. დღეს მსახიობის ნიჭიერების საუკეთესო საბუთად და საზომად შავგულიძეს მოიხსენიებენ, დრომ თავისი ბრძნული სიტყვა თქვა – მას ადგილი პირველთა შორის მიუჩინა.

 

 

 

 

 

1 2