აი, რა ხდება, როცა სიყვარული კვეთს ისტორიას. ესაა დისტანცია, რომელსაც იცავ, ან, შენ კი არა, რომელსაც ვიეტნამელები იცავენ, ან ხანშიშესული კაცები. ან ესაა, გამოხატულება იმისა, თუ რას ვფიქრობთ მე და ჩემი ქმარი დისტანციასა და სინაზეზე, ან ესაა, გამოხატულება იმისა, თუ როგორები ვართ ჩვენ სინამდვილეში. ვინ იცის? ჩვენ შვილები არასოდეს გვეყოლება. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ. ან, შეიძლება, არც. არა, ნამდვილად არ ვართ ბედნიერები. ჩვენ ერთმანეთი ძალიან გვიყვარს, და ამ გრძნობას ჩვენს ცხოვრებაში სინათლე და ფორმები შემოაქვს.
ბოლო რამდენიმე წელია, რუფერტარდის ქუჩაზე ვცხოვრობთ. ყოველ დილით, როდესაც სამსახურში მივდივარ, ჩემი ქმარი, იღლიაში ამოჩრილი პირსახოცით, ჩვენი სახლის გვერდით მუნიციპალურ საცურაო აუზზე მიდის. თვალწინ მიდგას, როგორ ცურავს ლურჯ წყალში ისე, რომ ერთ შხეფსაც არ გამოსცემს. აუზში ემსგავსება მოხუც ქალს ფრანგულ სანაპიროზე, თმააწეული და ცხვირზე სათვალედაკოპსილი, სხვა მისნაირ ქალებთან ერთად ნავით რომ დასეირნობს და ჭორაობს.
შეი ნებდება, Marlboro Lights – ის ერთ ღერს პირში იჩრის და ღმუის და ხვნეშის, ღრმად და დიდხანს. და მერე, როცა თავის საქციელს ბოლომდე ინანიებს, ასანთს უკიდებს.
„საშინელი გემო აქვს.“ ამბობს.
„აღარ გინდა.“
მაგრამ ის არ ჩერდება. როცა საღამო დასასრულს უახლოვდება, ცოლის შესახებ ვეკითხები.
„მარია როგორაა?“
„გაწამაწიაში.“
„გასაგებია.“
გაწამაწიაში! ირლანდიაში ყველაფერს გაწამაწიას ეძახიან – ღნავილით დაწყებული, სრული ფსიქოზით დამთავრებული. თუმცა, მგონი, ფსიქოზის შემთხვევაში, უფრო იტყოდნენ, „საკუთარ თავს აღარ გავსო.“
„რა ვიცი,“ ამბობს შეი. „აქეთ-იქით სიარული არ შველის. ესტომში ვიყავით, მთავარ ოფისში, და იქ მითხრეს… გერმანიაში გადასვლა შემომთავაზეს.. მაგრამ არა მგონია, მარია დათანხმდეს. რთულია მისი დაყოლიება. ბავშვების ამბავიც ხომ იცი, ახალ სკოლას ძლივს შეეგუვნენ.“
მე ჩემი სიგარეტის ფერფლს ვამრგვალებ და თავს ენერგიულად ვუქნევ. რა ვქნა, მიყვარს შეი. მას ყოველთვის დიდი, გატეხილი გული ჰქონდა. იცით როგორია? ისეთი ბიჭია, ქუჩაში ჯიბეებს რომ ამოიტრიალებს, ოღონდ დაგარწმუნოს, რომ შიგნით არაფერი უყრია. და ახლაც, თავის სულს კაფეს მაგიდაზე ძველი ფარდაგივით მიშლის. სულ ესაა, რაც აბადია.
„მესმის, რომ ჩემი ბრალია. ან ჩემი სამსახურის ბრალი. საქმე იმაშია, რომ ისევ მიყვარს, იცი?“
„არ მიკვირს. რატომ არ უნდა გიყვარდეს?“
„სურვილი აქვს, ისევ სიმღერას დაუბრუნდეს.“
„უი, მართლა? სიმღერას?“
„ჰო, გათხოვებამდე მღეროდა.“
დავიჯერო? მარია კარგად მახსოვს – მომცრო, ლამაზი ქალია. ისიც მახსოვს, დანახვისთანავე რომ შემიძულა. მაშინ დიდი მონდომებით მიამბო, როგორ დადიოდა ტანვარჯიშზე, მაგრამ სიმღერა? დარწმუნებული ვარ, შეის სჯერა, რომ მართალს ამბობს, ეჭვიც არ ეპარება, რომ მარია მომღერალია. მეც დარწმუნებული ვარ, რომ ის შეის ცოლად შენიღბული სახელგანთქმული მომღერალია და მისი ნიჭის ჩახშობა თუ სასიცოცხლო ენერგიის ამოწურვა სწორედ შეის ბრალია. შესანიშნავად მახსოვს მათი ქორწილიც – მისი წვრილი წელი შეის უზარმაზარი ტორის ქვეშ. მინდა წარმოვიდგინო, როგორ გადადიოდა ყირაზე ცხრა წლის ასაკში.
„მართლა კარგი გოგოა,“ ამბობს შეი, „უბრალოდ კარგი კი არა, ფანტასტიური… მაგრამ ის არაა, რომელსაც…“
შეი წინადადებას დაუსრულებლად ტოვებს.
ექვსს ხუთი აკლია. სახლში ჩემი ქმარი საქონლის ხორცს მოხარშავს, ნახარშს გაფილტრავს, აადუღებს და მაკარონის სუფს გააკეთებს. სახლში ჩემს დაბრუნებას არ დაელოდება და გემრიელად შეხვრეპს. მერე, თუ მანამდე არ დავბრუნდი, ტელევიზორს ჩართავს. ფანტასტიკა უყვარს, განსაკუთრებით, „ზენა – რაინდთა დედოფალი“. თუ რამე ამდაგვარი ვერ იპოვა, მაშინ სამედიცინო წიგნებს გადმოიღებს, კითხვის დროს რამდენჯერმე შეჩერდება, მუცელზე წერტილს მოინიშნავს და ხელს დაიჭერს, ან ფეხის თითებს დაჭიმავს და ყურადღებით დააკვირდება.
ხუთი ქუჩის იქით, მე შეის ტორს ვეხები და ვამბობ: „ასე ხდება ხოლმე.“
შეი ჩემს თითებს დაჰყურებს. შემდეგ ის თავის დოდრონ თავს წევს და ისე მიყურებს, თითქოს უნდა მითხრას, შენ ამის შესახებ რა იცი, ან საიდან უნდა იცოდე, რა ხდება ხოლმეო.
„ისეთი გრძნობაა, თითქოს გზაზე მირბიხარ და უცებ, გზას აცდი. უბრალოდ, ეს ქალებს უფრო ადრე ურტყამს, სულ ესაა. ბავშვიან ქალებს ყველაზე ადრე.“
„იცი, რატომ მიყვარს შენთან ლაპარაკი? რასაც ფიქრობ, იმას დაუფიქრებლად ამბობ: დაბერდები, გასუქდები, ცხოვრება ნაცარტუტად იქცევა, ბოლოს მოკვდები.“
„ჰო, ალბათ.“
თურმე, ყველაფერი ჩემი ბრალი ყოფილა – ის, რომ შეის ცოლი რადიოში ვერ მოხვდა, რომ მათი საწოლი ჯაზის ჰანგებით აევსო. მე ვარ თურმე ის, ვინც მას წარმატებისკენ მიმავალ გზას უღობავს.
„როცა ვიღაცის ოცნებას ეხები, განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინო.“
ჩემი ქმარი 1943 წელს დაიბადა. თავისი ცხოვრების განმავლობაში, იაპონელების, ფრანგებისა და ამერიკელების არმიის თარეში გადაიტანა. როგორც ჩანს, მისმა ოჯახმა არა მხოლოდ სამხედრო ინტერვენციას გაუძლო, არამედ, საკმაოდ კარგადაც შეეგუა მტერს. ჰოა საიგონის ფრანგულ კოლეჯში ასწავლიდა. იმ დროს, რასაც ჩვენ ვიეტნამის ომის დროს ვეძახით, ის დაქორწინდა და ორი ვაჟი შეეძინა. მისი ერთი ვაჟი ლაოსში ცხოვრობს, მეორეს კი მამის ნახვა არ სურს. ახალგაზრდობისას ჰოას პარიზი სამყაროს ცენტრი ეგონა. განათლების სამთავრობო ბანაკში გატარებული სამი წლის მერე, მას პარიზის შესახებ აზრი შეეცვალა.
„მე გავთხოვდი.“ ვთქვი მოულოდნელად. „აღარ მახსოვს, გითხარი თუ არა.“
„ღმერთო ჩემო!“ წამოიძახა შეიმ. „არა, არ გითქვამს. ნამდვილად არ გითქვამს.“
ის აღფრთოვანებული სახით მიყურებს. უცებ, თითქოს თვალებში შუქი უქრება.
ის, რაც შეის ასე უყვარდა ჩემში, და საერთოდ, მათ ყველას ასე უყვარდათ ჩემში, ისაა, რომ მათზე დაქორწინების სურვილი არასოდეს გამჩენია. არა მხოლოდ გათხოვება, მათი შეყვარებაც კი არასოდეს მომსვლია თავში. ერთადერთი, ის მაღელვებდა, მათთან დამეძინა თუ არა. კაცებს მოსწონთ ეს. ან, შეიძლება ჰგონიათ, რომ მოსწონთ. ერთადერთი კაცი, რომელმაც გამიგო, და სხვათა შორის, არაჩვეულებრივადაც გამიგო, ჩემი ქმარი აღმოჩნდა.
„მხოლოდ ვიზის გამო.“
რა შემზარავი ღალატია! სიმართლე მაინც იყოს!
„აბა მითხარი.“ მეუბნება შეი, მაგრამ მე ისედაც ზედმეტი ვთქვი. თავში პატარა ისტორია დამიტრიალდა: ჩემი სამსახური ლტოლვილებთან, ჰოას გაცნობა, მაგიდაზე მოფენილი ფოტოები, ნაწილებად დაჭრილი ტექსტი და წებო. იმ ფოტოებზე ამა თუ იმ მოვლენის მსხვერპლი იყო აღბეჭდილი, მაგრამ ჰოას მსხვერპლობის არაფერი ეტყობოდა. თუმცა, როცა მის გვერდით ვიდექი, ვგრძნობდი მის ტკივილს, და იმასაც, ამ ტკივილს როგორ გამოსცემდა.
შეის არაფერს ვუყვები. შეიძლება იფიქროს, რომ მე გზას აცდენილი ადამიანი ვარ. ან, იქნებ, ვარ კიდეც.
ახლა ის სახეში ღიმილით მომჩერებია, თვალები სოციალური სიძულვილით ევსება. ვერ ხვდება, რა უნდა მითხრას. მერე ნამდვილი ირლანდიელივით, მეკითხება, რას ფიქრობენ „სახლში“ ჩემი ქორწინების შესახებ. აბა რა ვიცი, არა მგონია, ვინმეს საქმე იყოს. ექვსი წლის ვიყავი, დედა რომ მომიკვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან მსუბუქად რომ ვთქვათ, საკმაოდ მაგრად გვეტირა დედა.