როგორ შეგვიძლია პოლიტიკურად გავაანალიზოთ ფეხბურთი? მაგალითისთვის, ავიღოთ გვერდითი მსაჯი – მოედნის და მასზე მოძრავ ფიგურებს შორის პერიფერიული სუბიექტი, რომელსაც თამაშისათვის ფუნდამენტური მნიშვნელობა აკისრია, თუმცა მას განსაკუთრებულ ყურადღებას არავინ აქცევს, არ ვიცით მათი სახელები, არც ვამჩნევთ და არც ვსაუბრობთ მათზე. ჩვენი მთავარი ინტერესი და სიყვარული მხოლოდ ფეხბურთელებს, თამაშის ელიტურ დანაყოფს ეკუთვნის. აქ შეგვიძლია პარალელი გავავლოთ მშრომელთა ექსპლუატაციის თემაზე… არა, რა თქმა უნდა ამ ტიპის მსჯელობას არ ვაპირებ, უბრალოდ წარმოვიდგინე როგორი შეწუხებული სახით დაიწყებდით ამ ტექსტის კითხვას და ვერ ვუთხარი თავს უარი ამ სიამოვნების მიღებისგან.

სინამდვილეში მინდა ცოტათი ნოსტალგიური და რომანტიზებული სენტიმენტებით ვისაუბრო ფეხბურთზე, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო უკვე რამდნეიმე თვეა, მრავალ სხვა აქტივობასთან ერთად შეჩერებულია და რომლის მონატრებაც მოულოდნელად მაღალი აღმოჩნდა პირადად ჩემთვის და დარწმუნებული ვარ მრავალი თქვენგანისთვისაც.

ფეხბურთში ყველაზე უიღბლო გულშემატკივარი ვარ. ამის მიზეზი ისაა, რომ ბავშვობიდან ინგლისის ნაკრებს ვგულშემატკივრობ და იმედგაცრუების და დრამის მეტი გამოცდილება არ მიმიღია. რომ გავიხსენო ბავშვობის ყველაზე მძიმე წუთები და ის თუ რაზე მიტირია ყველაზე ხშირად, ინგლისის ნაკრების წაგებები დამიდგება თვალწინ. წელს ძალიან გულანთებული ველოდებოდი ევროპის ჩემპიონატს, ინგლისს დიდი ხანია ასეთი კარგი მოთამაშეები არ ყოლია და მეც იმედიანად განწყობილი ვფიქრობდი, რომ წელს მაინც მიაღწევდნენ ფინალში. ამის პარალალურად საქართველოსაც გაუჩნდა ევროპის ჩემპიონატზე გასვლის რეალური შანსი და სწორედ ახლა დაპაუზდა ყველაფერი. შესაბამისად, ფეხბურთის მონატრებასთან ერთად, ემოციური ფრუსტრაციაც ემატება მას. თუმცა ახლა თავად ამ სპორტის ესენციურ ღირებულებაზე გადავიდეთ.

ფრანგი ფილოსოფოსი ალბერ კამიუ ალჟირის უნივერსიტეტის გუნდში თამაშობდა სტუდენტობისას ფეხბურთს, მოგვიანებით, როდესაც ფილოსოფიის პოპ ვარსკვლავი გახდა, კითხეს როგორ გაიხსენებდით გუნდში გატარებულ პერიოდსო. მცირედი პერიფრაზირება რომ მოვახდინო, კამიუ პასუხობს, ცხოვრებაში ბევრი რამის ნახვა მოვასწარი, მაგრამ ერთადერთი, რამაც მორალის და ღირსების შესახებ ყველაზე დიდი ცოდნა მომცა, ფეხბურთი იყოო. ფეხბურთის ეთიკა საკმაოდ საინტერესო და ყურადსაღებია. გუნდი არ გახლავთ ინდივიდუალური მოთამაშეები, როლებიც საკუთარი მიზნების და ინტერესების ფარგლებში მოქმედებენ, ის უფრო, მჭიდრო კომუნაა, სადაც თითოეული მოქმედი პირის გაწეული შრომა თანაბრად მნიშვნელოვანი და საჭიროა საბოლოო წარმატებული შედეგის მისაღწევად.

მოედანზე აუცილებელია ღირსეული ასპარეზობა, „ფეირ ფლეის“ პრინციპების დაცვა, მოწინააღმდეგის პატივისცემა და არა უბრალოდ გამარჯვების ვნებით ეთიკური ქცევის უგულვებელყოფა და მიზნის მისაღწევად ვულგარული საშუალებების გამოყენება (როგორც მაგალითად 1981 წელს, ქართული ფეხბურთისათვის ტრუმფალურ დღეს მოიქცა კარლ ცაისის ფეხბურთელი, რომელმაც გოლი გაგვიტანა და შეურაცხმყოფელი ჟესტით აღნიშნა თავის გუნდის დაწინაურება) ამიტომ ვცემთ მეტ პატივს ღირსეულად მოთამაშე ფეხბურთელებს და არა, სიტყვაზე, მათზე ფიზიკურად უპირატეს სიმულანტებს თუ მაგალითად უსამართლო ქცევაში შემჩნეულ სპორტსმენებს. ფეხბურთის ეთიკა და მორალი მარტივი და არაორაზროვანია და ალბათ სწორედ ესაა მიზეზი, რომ მიუხედავად ფიფაში არსებული საშინელი კორუფციისა, პოლიტიკური გარიგებების, გაყიდული თამაშების თუ სხვა მანკიერი მხარეებისა, ხალხს მაინც არ უნელდება სპორტის ამ სახეობისადმი ვნება და ინტერესი, თუნდაც პოლიტიკისაგან განსხვავებით.

 

 

 

1 2