ფეხბურთზე  საუბრისას სულ ერთი ფილმი მახსენდება ხოლმე, საუკეთესო ფილმი სადაც სპორტული თემატიკა იკვეთება, კენ ლოუჩის ერიკის ძიებაში. აქ რიგით ბრიტანული მუშათა კლასის წარმომადგენელს ერიკ კანტონა ელანდება, რომელიც ცხოვრებისეულ რჩევა-დარიგებებს აძლევს და რთულ სიტუაციაში მორალური მხარდამჭერის ფუნქციას ითავსებს. ერთ სცენაში მთავარი პერსონაჟი მითიურ კანტონას კითხავს შენი ყველაზე ტკბილი მოგონება რომელი გოლიაო და იწყებს მარჩიელობას. კანტონა პასუხობს, რომ კარიერის საუკეთესო მომენტი პასი იყო. ამით ლოუჩი იდეალურად წარმოაჩენს ფეხბურთში და ცხოვრებაში სოლიდარობის, მეგობრობის და კომუნიკაციის აუცილებლობის და მნიშვნელობის საკითხს, უფრო დიდი მასშტაბში რომ გადმოვთარგმნოთ იმას, რომ საზოგადოება როგორც გუნდი გაცილებით ძლიერი და დაუმარცხებელია, ვიდრე  ცალკეული, ინდივიდუალური სუბიექტები.

იმედია მალე დაგვიბრუნდება ფეხბურთი, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზეც მოახერხებს გასვლას და პირადად მე ინგლისიც დიდი გამარჯვების სიხარულს მაღირსებს. ხშირად მეხუმრებიან, რაღა ისეთი ნაკრები აირჩიე საგულშემატიკვროდ, რომელსაც ნახევარ საუკუნეზე მეტია არაფერი მოუგიაო, თუმცა, ბავშვობის სიყვარულის ჩანაცვლება ძალიან რთული საქმეა. პრინციპში, როგორც კანტონა ამბობს, შეიძლება ცხოვრებაში ბევრი რამე შეიცვალო, ცოლი, პოლიტიკა, რელიგია, მაგრამ ერთადერთი, რასაც ვერ შეიცვლი, საყვარელი გუნდია. წარმატებულ ქომაგობას გისურვებთ.

1 2