კრის კოლამბუსის „მარტო სახლში“-ს პირველ სერიაში, საფრანგეთში წასული მაკალისტერების ოჯახი სასტუმროში შავ-თეთრ ფილმს უყურებს, ფრანგულად დუბლირებულს. მიუხედავად იმისა, რომ ფრანგული არცერთმა მათგანმა არ იცის, ეკრანს თავალს მაინც არ წყვეტენ. მეორე სერიაში იგივე სიტუაცია მეორდება, უბრალოდ ახლა მაკალისტერები ფლორიდაში არიან და ფილმი ესპანურადაა ნათარგმნი. არც ესპანური იციან, მაგრამ მას მაინც მთელი ოჯახი უყურებს. ფილმს „ეს საოცარი ცხოვრება“ ქვია და ის ამერიკელთათვის ისეთივე ხელშეუხებელი საახალწლო ტრადიციაა, როგორიც სანტა კლაუსი, ნაძვის ხის მორთვა და მის ქვეშ საჩუქრების დაწყობა. არადა როდესაც ფილმი 1946 წელს კინოეკრანებზე გამოვიდა, სეზონის ჰიტად სულაც არ ქცეულა, გაქირავებაშიც ჩავარდა და არც „ოსკარის“ ლაურეატი გამხდარა, მიუხედავად 5 ნომინაციისა. შემდეგ ორი დეკადა თითქმის დავიწყებასაც მიეცა, სანამ ტელეკომპანია PBS-ს არ გაუჩნდა იდეა შობის საღამოს მისი გაშვების.

თუ გავითვალისწინებთ იმ აქსიომას, რომ სრულყოფილებას საზღვრები არ გააჩნია, მაშინ „ეს საოცარი ცხოვრება“ ძალიან ახლოს დგას იმ უხილავ საზღვართან, რომელიც ასე გამალებით აქვს გადამალული სრულყოფილებას. ეს არის სიკეთის, სიყვარულის, ერთგულების, ბავშვური მიამიტობის, ყველა დადებითი გრძნობის და ემოციის მანიფესტი, საუკეთესო ანტიდეპრესანტი და დამამშვიდებელი, ყველაზე ჰუმანური ფილმი კინემატოგრაფის ისტორიაში.

„ეს არის ყველაზე დიდებული სურათი ჩემს ფილმოგრაფიაში. მეტიც, ვფიქრობ ის ყველაზე დიდებული სურათია რომელიც ოდესმე გადაღებულა“ – აღნიშნავს ფრენკ კაპრა საკუთარ მემუარებში. ძნელია დაასახელო რომელია ყველაზე დიდებული ფილმი კინოს ისტორიაში, მაგრამ უფრო ძნელია კაპრას შეეწინააღმდეგო. დიდი ჰუმანისტი კაპრა ყოველთვის იღებდა კეთილ ფილმებს, კეთილ ადამიანებზე. მას არასოდეს დაუკარგავს კაცობრიობისადმი რწმენა და ამის კონსტატაციას საუკეთესოდ ახდენდა საკუთარ ფილმებში.

კაპრას საუკეთესოდ გამოსდის მაყურებლის გულის იმ სიღრმეებში შეღწევა, სადამდე მიღწევასაც სხვები წლებით, უშეედეგოდ ცდილობენ. მისი პერსონაჟები ყოველთვის იწვევენ თანაგრძნობას და სიმპათიას, მისი სათქმელი, ყოველთვის ადვილად გასაგები და მეგობრული, დამრიგებლური ტონით მოდის აუდიტორიამდე. მას კარგად ესმის ადამიანის ფსიქოლოგია, მისი ხასიათი, ბნელი და ნათელი მხარე, იცის სად იკვეთება ხაზი სიკეთესა და ბოროტებას შორის, იცის როგორ შეუძვრეს მაყურებელს გონებაში და აფიქროს ისე, როგორც თვითონ ფიქრობს.

„ეს საოცარი ცხოვრება“ყველაზე რეალური, ნამდვილი – იმდენად ნამდვილი, რომ ისიც შეიძლება მოგეჩენოს, რომ თუ ეკრანისკენ ხელს გაიშვერ, შეიძლება პერსონაჟს შეეხო – ლამის დოკუმენტური მნიშვნელობის ფილმია (მიუხედავად იმისა, რომ მასში ღმერთი ლაპარაკობს, მეორე ხარისხის ანგელოზებს ფრთების მისაღებად სპეციალური მისიების შესრულება ჭირდებათ და რამდენიმე წუთით ალტერნატიულ რეალობაშიც კი გადავინაცვლებთ), რომელიც პირველივე წამიდან რომ მიგაჯაჭვებს სავარძელს, წუთით არ მოგცემს უფლებას გვერდით გაიხედო. თუმცა ამის ნებართვა არც გჭირდება, რადგან იმდენად იძირები მის რეალურ სამყაროში, რომ იქიდან თავის დაღწევა იგივეა, საკუთარ ცხოვრებას გაექცე. კაპრას ყველაზე უკეთ გამოსდის ზედმიწევნით, ყოველგვარი შელამაზების, ჰოლივუდური გადახვევების გარეშე, შექმნას ცხოვრების პატარა მაკეტი, თავის მობინადრეებით, მათი განცდებითა და სურვილებით, რომელშიც ფილმის ქრონომეტრაჟის განმავლობაში გაცხოვრებს და საკუთარ სახლზე მყუდროდ გაგრძნობინებს თავს.

ფილმი არის ადამიანზე, მმმ, თითოეულ და ყველა ადამიანზე უკლებლივ. პირველადი იდენტიფიკაციისთვის ფილმის პროტაგონისტს ჯორჯ ბეილი ქვია. მას აქვს ოცნებები და იმედი, რომ იმოგზაურებს მთელს მსოფლიოში, ააშენებს ცათამბჯენებს და ხიდებს, გახდება მილიონერი… მაგრამ საბოლოოდ ის ოცნებებს გვერდით გადადებს, როდესაც ოჯახს მისი დახმარება დაჭირდება, შემდეგ მერის გაიცნობს, მასზე იქორწინებს და 4 შვილიც შეეძინება. შესაბამისად, ოცნებებიც უკვალოდ გაქრება და ის სამუდამოდ გაიჭედება მშობლიურ ბრედფორდ ფოლსში.

 

1 2