ჯეიმს სტიუარტი გენიალურია ჯორჯ ბეილის როლში. მისი გჯერა, ენდობი, უმეგობრდები, გიყვარდება და სულ უფრო მეტ საერთოს პოუოლობ. მასზე ნერვიულობ და გულში რჩევებსაც აძლევ. გიყვარს მისი უსაზღვრო სიკეთის, თავდადებულობის გამო, მომენტებში ამსგავსებ საკუთარ თავს, უფრო მეტ მომენტებში კი გინდა რომ ჰგავდე, იმიტომ, რომ ის ნამდვილი გმირია, არ არის იდეალური, მაგრამ ახლოსაა იდეალთან. მცირე თუ დიდი დოზით, ჯორჯ ბეილი ყველა ადამიანშია. თუ არსებობენ ადამიანები, რომელთაც „ეს საოცარი ცხოვრება“ არ მოსწონთ, მათთვის მხოლოდ ორნაირი ახსნა შეიძლება მოიძებნოს – 1. ბოროტი ცინიკოსები არიან, რომლებიც არავის უყვარს 2. მათ უბრალოდ გული არ აქვთ. ორი საათის და ათი წუთის განმავლობაში, სურათი იმხელა პოზიტივით, იმედით, სიკეთით გავსებს, იმდენი ამაღელვებელი ეპიზოდია მასში, ისე სკრუპულოზურადაა გათვლილი თითოეული კადრი, აბსოლუტურად ყველა მსახიობი იმდენად დამაჯერებელია, უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ ის პირველივე ყურებისთანავე არ იქცეს თქვენს ერთ-ერთი საყვარელ ფილმად.

მეორე მსოფლიო ომიდან ახალდაბრუნებულ სტიუარტს და კაპრას ყველაზე კარგად მოეხსენებოდათ რა ჭირდებოდა იმ პერიოდში ამერიკას (და მთელს მსოფლიოს) და მათ შექმნეს იმედის და რწმენის კვინტესენცია კინემატოგრაფში, რომელიც მიუხედავად იმისა რომ უკვე არსებობის ნახევარ საუკუნეზე მეტს ითვლის, საერთოდ არ გაცვეთილა, არც ფასეულობები დაუკარგავს და აქტუალურობას იქამდე არ დაკარგავს, სანამ ჰომო საპიენსი არ განადგურდება.

მოკლედ და კონკრეტულად, „ეს საოცარი ცხოვრება“ ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია რომელიც გადაღებულა და შესაბამისად, ყველამ უნდა ნახოთ ის. უნდა ნახოთ როგორ ოცნებობს ჯორჯ ბეილი, როგორ ჩუქნის მთვარეს მერის, როგორ ქმნის ოჯახს დანგრეულ სახლში, როგორ არ ზოგავს თავს სხვების დასახმარებლად, როგორ მიდის ნერვულ აშლილობამდე და რატომ გადაწყვეტს თავის მოკვლას. უნდა ნახოთ როგორ გამოიყურება მეორე ხარისხის ანგელოზი და გაიგოთ რა აქცევს გაკოტრებულ ჯორჯ ბეილის ქალაქის ყველაზე მდიდარ ადამიანად. ამის შემდეგ ბევრ რაღაცას გაანალიზებთ, კიდევ უფრო ბევრზე დაფიქრდებით და მიხვდებით, რომ როდესაც თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებს უყვარხართ, მაშინ ცხოვებაც მშვენიერია.

 

 

 

1 2