*           *           *

 

იანკტო პეპერემ ერთი ტანკი ეზოში დააყენა. მეორე ტანკს ანგელოვკას ორღობეებში დაარბენინებდნენ ის და ვალერა გონდალიუკი. უკან მიჰყვებოდნენ სოფლის თერთმეტი გიტარისტი და მღეროდნენ ბამბოლეიოს. ტანკზე ისხდნენ ბავშვები, საშკა, იაშკა, მაშკა, დაშკა და აპოლონია ვერხოვენსკაია.  დაშკამ დედას პლასტმასის ყვავილების ნაბორი მოპარა და ბავშვებს დაურიგა. ყინავდა და ნამდვილი ყვავილები ჯერ არ იყო ანგელოვკაში. ბავშვები ტანკიდან ყვავილებს ისროდნენ. ყვავილები თავში ხვდებოდათ გიტარისტებს, მაგრამ არ სწყინდათ.

  • ეს რა მომითრიე? – მორბოდა და კიოდა მარჩიელი სონია პეპერია.
  • სახლში წადი დედილო. ეს კაცების საქმეა. აცადე მომღერლებს, რომ შენს შვილს ასიამოვნონ. – ტრაქტორის კაბინაში ცეკვავდა იანკტო პეპერე.
  • აჰა, შენი კალაშნიკოვი. არ გადამიგდია. რატომ მოათრიე ტანკი…
  • ე, აბა? ამომიგდე!
  • არა!
  • ხოდა სახლში წადი და შეინახე!
  • წვნიანი გავაკეთე…
  • შენი წვნიანის გამო ვაფრენ დედილო! წადი სახლში!
  • ავტომატი ისევ გქონია, რა ფეხებად გინდა ეს ტანკები? – იკითხა ვალერა გონდალიუკმა.
  • ბებიაშენს ტრაკში რომ დავუმიზნო. ჩემსას ჩვენს ჯარს მივცემ! მეორეს აქ ვტოვებ. გააჩერე.
  • აქ რა გვინდა?
  • ვინ გეკითხება?

პეპერე ტრაქტორიდან ჩამოხტა და ლასლო ციგანკოვის ეზოში შევიდა.

  • ლასლო, გამოდი თორემ ფეხებში გესვრი! ჰაჰაჰაჰაააააა!!!! – ახარხარდა იანკტო პეპერე.
  • რა გაყვირებს? მეძინა! – კარიდან უპასუხა წირპლიანმა ლასლომ.
  • აჰა, საჩუქარი სავკას!
  • დამცინი ციგანო?
  • ჩემზე ადრე შენ იყავი ციგანი, ბებერო!
  • ცხრა წლის გოგოს ტანკი ვაჩუქო? არ უნდა!
  • ნუ ხარ უმადური. ახლა წავალ და ვიტირებ. მერე დავთვრები და ფეხებში გესვრი.
  • მინდააა!!! – კივილით გამოვარდა სახლიდან ფეხშიშველი სავკა.
  • როგორ ხარ სიხარულო? – მოეფერა პეპერე.
  • ხელი გაწიე, ჩაჩანო! – მოიშორა სავკამ ნათესავი.
  • ამას სიცხე აღარ აქვს? – გაუკვირდა იანკტო პეპერეს.
  • გაუარა. – მხრებს იჩეჩავდა ლასლო.
  • იანკტო, საშკას უთხარი ჩემს საჩუქარს ბორბლებზე ნუ აფსამს. – ეწყინა სავკას.
  • არ ვაფსამ. დედას გეფიცებით. – თავი იმართლა სავკას კლასელმა საშკამ.
  • სავკა, რა უნდა უყო ამას? – ჰკითხა ვალერა გონდალიუკმა.
  • შიგნით უნდა ვჭამოთ ხოლმე! დედა ქათმის ბულიონი გააცხელე. ბავშვებო სახლიდან საჭმელები მოიტანეთ. აპოლონია, დედაშენს შპროტი გამოართვი.

 

 

 

 

 

 

1 2 3