* * *
იანკტო პეპერეს ყოველთვის იდიოტობები ეცვა, მაგრამ უხდებოდა. ინდოეთში რომ დაბადებულიყო, აუცილებლად კინომსახიობი გახდებოდა. როცა სახლში მარტო რჩებოდა სარკეში იყურებოდა, იჭყანებოდა, იარაღს ატრიალებდა და ცეკვავდა. ერთხელ ადიდასის სამზოლიან შარვალზე დუბლიონკა შემოიცვა და ისე წავიდა კლასელის ქორწილში. ძალიან სასაცილო იყო, მაგრამ ცოტათი დასცინეს. ცოტათი როცა დასცინოდნენ, ვერ იგებდა და არ ბრაზდებოდა. ისე, ძალიან დიდ გულზე იყო ხალხი ანგელოვკაში, რადგან ყველამ იცოდა, რომ თუიანკტო დაცინვას გაიგებდა,უაზროდ ატეხავდა სროლას სუფრის გარშემო, მაგრამ მაინც დასცინოდნენ.
იანკტო პეპერეს პირადობის მოწმობა ჰქონდა, მაგრამ ჯარში მაინც არ მიჰყავდათ, შეურაცხადიაო. დედამისი, მარჩიელი სონია პეპერია ამბობდა, ბავშვობაში შემეშალა, რძის მაგივრად მრავალძარღვას ნაყენი დავალევინე და იმის მერე გააფრინაო. იანკტო პეპერე ყოველთვის უცოლო არ ყოფილა. ორი ცოლი ჰყავდა. პირველად ლვოველი გოგო ჩამოიყვანა, ლამაზიაო. მეორედ ანგელოვკელი მღვდლის შვილი შეირთო, გემრიელი ბორშჩის კეთება იცისო. ძალიან უიღბლო და იღბლიანი გოგოები იყვნენ იანკტოს ცოლები. უიღბლოები იმიტომ, რომ იანკტო პეპერეს გაჰყვნენ ცოლად. იღბლიანები კი იმიტომ, რომ ორივემ წამით გაასწრო. მეზობლებს უნდა უმადლოდნენ ცოცხლები რომ არიან. თუ რა თქმა უნდა კიდევ არიან… მე მაგათზე აღარაფერი გამიგია იმის მერე, რაც აქედან გაიქცნენ. მეზობლებმა უთხრეს, იანკტო დათვრა, იგინება, სახლში მოდის და შეიძლება სროლა აგიტეხოთო.
ორჯერ გადაუგდო მარჩიელმა სონია მიანკტოს იარაღი, მაგრამ მოხერხებული პეპერე იმ დღესვე შოულობდა ხოლმე ახალს. დედამისი კი ხვდებოდა, რომ სჯობდა პირველადაც არ გადაეგდო და ყველაფერი უკეთ იქნებოდა. ახლა ყველაფერი უარესად იყო. პეპერეს ახალი იარაღები ყოველთვის ძველებზე ხმამაღლა ისროდა.
იანკტო პეპერეს თავიდან სანადირო თოფით უყვარდა სროლა. შეწუხებულმა სონიამ ნაწილ-ნაწილ დაშალა თოფი, მერე აიღო და ეს ნაწილები სხვადასხვა ადგილებში დაფანტა. იანკტო გაბრაზდა და საიდანღაც მაკაროვის პისტოლეტი მოათრია. ვალერა გონდალიუკის ბავშვის ნათლობაში იმ მაკაროვით თავისი ძველი შეყვარებულის ქმარი ტრაკში დაჭრა. სონიამ იფიქრა, ამ იარაღსაც მოვაშორებო და ღამით, მთვრალ პეპერეს ჩუმად ამოაცალა უბიდან. მეორე დღეს, დნეპრში, მეთევზეებმა მაკაროვი დაიჭირეს. თავიდან ოქროს თევზი ეგონათ და დებილურ სურვილებს ჩურჩულებდნენ. ზოგს ზაპოროჟეცი უნდოდა, ზოგს ლოქოს ამოყვანა, ზოგს სელმა ჰაიეკის გაქინძვა… მერე მიხვდნენ, რაც იყო და დედის გინება დაიწყეს, სველია, ვეღარ გაისვრის და ვერც გავყიდითო. იანკტო პეპერემ კი, დედის ჯინაზე კალაშინიკოვი მოიტანა. სწორედ ამიტომ ფიქრობდა მარჩიელი სონია, რომ სჯობდა საერთოდ არ დაეწყო იარაღების გადაყრა. კალაშნიკოვით შეიარაღებული პეპერე გაცილებით საშიში ვინმე იყო, ვიდრე სანადირო თოფით.
* * *
- აქ რას ვაკეთებთ პეპერე? – იკითხა ვალერა გონდალიუკმა.
- ატარე ეგ ტრაქტორი რა! – შეუღრინა იანკტო პეპერემ.
- მითხარი რას ვაკეთებთ, თორე მივტრიალდები.
- მიტრიალდები და ფეხებში… არა, ტრაკში გესვრი!
- მესროლე. თუ არ მეტყვი რას ვაკეთებთ, მესროლე. თუ ბოლომდე წამოგყვები, იქნებ უარეს ადგილას მესროლონ…
- მაგალითად კვერცხებში არა?
- თუნდაც.
- ხოდა თუ არ წამომყვები, კვერცხებშიც გესვრი. ეხლა დამშვიდდი?
- არა. მითხარი რას აკეთებ!
- ვახ, შენ რა კუანა კაცი ხარ… არადა დედა ბოშა გყავს, ჩაჩანი, ჩემსავით. გადარეულმა სონიამ, დედაჩემმა, მგონი კალაშნიკოვიც გადამიგდო. ხოდა ეხლა ნახავს რაც მოუვა. ამის მერე ტანკი მეყოლება! ჰაჰაჰაჰაჰაააა!!!! აი ჩავალეეეე, რომალეეეე!!!! – ბოშურად ახარხარდა იანკტო პეპერე.
- რააა? ტანკიიი?
- ხო რაიყო? ნახე რამდენი ყავთ ამ ბოზებს. არა, ცოტაც რომ ყავდეთ მაინც ავახევდი, მაგრამ შენ რო კუანა ხარ იმიტომ გეუბნები… იმდენია რომ მაინც ვერ შეამჩნევენ. ნუ გეშინია.
- და რომ მოვიდნენ და დაგვინახონ?
- ვინ?
- ვინ და რუსები!
- მოვლენ და გავუშვებ გორბაჩოვთან!
- გორბაჩოვი ცოცხალია.
- მართლა? მაშინ ლენინთან გავუშვებ.
- არც ეგაა მთლად მკვდარი.
- შენ რა გამიხურე საქმე, გააჩერე უნდა მოვაბა.
- რითი დახოცავ? ავტომატი ხო გადაგიგდო…
- აუ, ხო. არაუშავს, რამეს მოვიფიქრებ. ძაან ისე შევხედავ. აი, მიყურე, ხო ხედავ? ხო შეგეშინდა? იმათაც ესე შეეშინდებათ, როცა შევხედავ.
- დროზე მოაბი!
- აჰა, აღარ გეშინია ხო?
იანკტო პეპერემ ტრაქტორს ჯაჭვით ტანკი მიაბა.
- მომე მეორე ჯაჭვიც.
- მეორე ჯაჭვი რათ გინდა?
- ბევრს ნუ ტლიკინებ.
იანკტო პეპერემ ტანკს მეორე ტანკიც მიაბა.
- ე, სირო, ჩართე მუსიკა. – დაიყვირა პეპერემ.
- ტრაქტორში მაგნიტაფონი არ მაქვს!
- მაშინ ჩემით ვიმღერებ! დაქოქე! ლელა, ლელა, ლელაააააა… ლეეეელააა, პალა ტუტეეეეეე!!!!!!
- ღმერთო, დროზე მომაშორე ეს შეურაცხადი. – პირჯვარი გადაიწერა გონდალიუკმა.
- ნახე რამდენნი მოვიდნენ. მწვანე ქარავანია. პლანი მაინც მოჰქონდეთ, ბომბები მოაქვთ ამ პუტანკებს. – ბრაზობდა იანკტო პეპერე.