ლურჯი ცის და ყვითელი გვირილების დასავლეთით, ფართო გზების ბოლოს, სოფელ ანგელოვკაში ცხოვრობდა სიცხიანი გოგონა სავკა ციგანკოვა. მარჩიელები მისთვის კითხულობდნენ ლოცვებს. ეგონათ, რომ გოგონას ბატონებმა მიაკითხეს წასაყვანად. მარჩიელების ორკესტრს სონია პეპერია უფროსობდა, ბანდიტ იანკტო პეპერეს ბებერი დედა.  სავკას ძალიან ეშინოდა მათი ხმების და ოცნებობდა, რომ მათ ნაცვლად გიტარისტები მოეყვანათ. ანგელოვკაში ცხოვრობდა შვიდი კაცი და ოთხი ქალი, რომლებმაც კარგად იცოდნენ გიტარაზე დაკვრა.

  • რა გინდა? – ჰკითხა მამამ.
  • ბულიონი არ უნდა… – ტიროდა დედა.
  • ბულიონი არ მინდა! – აყვირდა სავკა.
  • რა გინდა? – კვლავ ჰკითხა მამამ.
  • საჩუქარი… – ყურში უთხრა სავკამ.
  • თოჯინა?
  • არ ვიცი. მოიფიქრე.
  • მაღაზიაში პულტიანი მანქანა ვნახე…
  • მანქანა და თოფი შენ თავს აჩუქე!

ანგელოვკაში ექიმები არ იყვნენ. ცუდი დრო იყო. ექიმები ქალაქებში დარბოდნენ და სიცხიანებისთვის არ ეცალათ. ანგელოვკაში აფთიაქიც არასდროს ყოფილა.  თერმომეტრი კოლია სიდორჩუკის ცოლმა ათხოვა რებეკა ციგანკოვას. რებეკა ციგანკოვა სავკას დედა იყო. ტირასპოლში დაიბადა, ათას ცხრაას სამოცდათორმეტ წელს.

  • კორონა მაქვს! – გადაწყვიტა სავკამ.
  • ღმერთმა არ ქნას… – პირჯვარი გადაიწერა მამამ.
  • ლასლო, იქნებ მართლა… – უთხრა ქმარს ატირებულმა რებეკა ციგანკოვამ.
  • გაჩუმდი ქალო! საიდან უნდა ჰქონდეს? სოფელში არავის აქვს. გაცივდა. გაუვლის.
  • ვკვვდეებბიი… – ამოიკვნესა სავკამ.
  • ეგღა მაკლია შვილი მომიკვდეს. – საწოლთან ჩამოუჯდა სავკას მამა.

ლასლო ციგანკოვი ადრე ბევრ რამეს იპარავდა. ვინც ბევრ რამეს იპარავს, არაფრის არ ეშინია. ამიტომ, ლასლო ციგანკოვს არც სავკას წუწუნი აგდებდა საგონებელში. ლასლოს ბევრი სიცხიანის ბოდვა ჰქონდა მოსმენილი, მაგრამ სიცხით მკვდარ ადამიანს ვერ იხსენებდა. საერთოდ ლასლოს მხოლოდ ის სჯეროდა, რაც ნანახი ჰქონდა. ფიქრობდა, რომ მსოფლიოში ყველაზე გამოცდილი და ნატანჯი კაცი იყო.

  • მამიკო, მართლა ვკვდები, აი, ცოტაც და… გადამარჩინე მამიკო… – თვალებს ნაბავდა უსაყვარლესი სავკა ციგანკოვა.
  • როგორ გადაგარჩინო? – იღიმოდა ლასლო.
  • საჩუქაარრიიი… – ვითომ ბოდავდა თვალდახუჭული სავკა.

 

 

 

*           *           *

 

დნეპრი არ არის საკმარისად გრძელი. ამიტომ  დუნაის გაუყევი. არ ვიცი რა ჯანდაბად გინდა ბანდიტების ნახვა ასე ძალიან, რომ ამდენ სიარულს აპირებ, მაგრამ თუ მაინც გინდა, შორს ნუღარ წახვალ, რადგან იანკტო პეპერეზე გამბედავ დეგენერატს მაინც ვერსად მიაგნებ და პირდაპირ მასთან მიაჭერი, ანგელოვკაში. თავიდან ტკბილად გაგეცნობა. კონიაკი მიუტანე. ძალიან ეყვარები სანამ კონიაკი გაუთავდება. როცა გაუთავდება, ეცადე იქ აღარ იყო.

კვირაში ერთხელ იანკტო პეპერე ულვაშს მაკრატლით იკრეჭს. არ დაუკარგო ის მაკრატელი. შეიძლება ისეთმა გაღიმებულმა გათხოვოს, რომ იფიქრო, ფეხებზე ჰკიდია და ამის გამო არ მომკლავსო, მაგრამ იანკტო პეპერეს სახე და გული, მატყუარა სახე და გულია. იანკტო პეპერეს გული, სიყვარულით გაბოროტებული გულია. იანკტო პეპერეს გული, იანკტო პეპერეს სახეზეა შეყვარებული.

იანკტო პეპერეს ორი ვირი ჰყავს. თუ შეეხვეწები, ერთით შენ გაკატავებს, მეორეზე კი, დედამისს შესვამს. დედას ფულს არ მოსთხოვს, მაგრამ შენ ამის გამო თავს ნუ მოიტყუებ. თადარიგიანი კაცი ისედაც ჩანხარ, ხოდა აუცილებლად იქონიე ზედმეტი ორი დოლარი. თუ ორი დოლარი არ გექნება, იტირებ და მე ვეღარ გიშველი.

იანკტო პეპერეს მისაღებში მუხის მაგიდა დგას. ამ მაგიდასთან სხდებიან იანკტო პეპერეს სტუმრები. ამ მაგიდაზე ყოველთვის დევს სამი წითელი ვაშლი. ორს იანკტო ჭამს, ერთს დედამისი სონია. სტუმრებმა იციან, რომ ვაშლის აღება არ შეიძლება. გაზაფხულის მესამე საღამოს, ქარიანი თოვლების დასაწყისში, ზუსტად მაგ  მუხის  მაგიდასთან იჯდა იანკტო პეპერეს ნათლია,  ლასლო ციგანკოვი.

 

  • იანკტო, გადაგიხდი! – თქვა სიტყვა ლასლო ციგანკოვმა.
  • რას გადამიხდი? დამპალი კი არ ვარ… სავკასთვის უფულოდაც ვიკისრებ ყველაფერს. – გაბრაზდა იანკტო პეპერე.
  • უარს მეუბნები და…
  • უარს არ გეუბნები.ომია და არ იშოვება არაფერი. მე გულიანი პაცანი ვარ. მარა ჯადოქარი არ ვარ.
  • ვიცი რომ ომია. შენც მაგიტომ გთხოვ. მშვიდობაში ჩემითაც ვიზამდი რამეს.
  • შოკოლადებს მოგცემ. ბევრი შოკოლადები მაქვს. ძვირფასები. ეგ აჩუქე.
  • არა. საჭმელზე უარს ამბობს. ქათმის ბულიონიც არ ჭამა.
  • ბავშვია შე დურაკო. რა ბულიონი? შოკოლადი და ბულიონი ერთია?
  • არა. რაღაცა უფრო მნიშვნელოვანს ითხოვს.
  • საერთოდ რა სისულელეა ეს ცუდად ყოფნა? ჩვენ არ გვქონია სიცხე? ვინ გვყიდულობდა საჩუქრებს?
  • რა ვქნა, მამა ვარ… გახდები მამა და მიხვდები. არ შემიძლია, რომ იმედი გავუცრუო.
  • არ გავხდები. კიდე თუ მეტყვი ეგეთ დებილობას ფეხებში გესვრი!
  • მოპარულიც არაფერი გაქვს?
  • რა მოპარვა… ორი წელია პირადობის მოწმობა ავიღე. მე ის ციგანი აღარ ვარ ლასლო!
  • კარგი რა. ყველამ იცის, რომ ეგ პირადობა ჯერ სახელმწიფო შემწეობის და მერე, სიბერეში პენსიის მისაღებად აიღე.
  • მერე რა? მე კანონმორჩილი მოქალაქე ვარ.
  • ავტომატი გაფორმებული გაქვს?
  • ეგ რას ნიშნავს?
  • იანკტო მიშველე რამე…
  • კაი. წამოდი და სოფლის მაღაზიას გავძარცვავ.
  • არა.
  • რატო?
  • მანდ მარტო პულტიანი მანქანები აქვთ.
  • მერე რა?
  • პულტიანი მანქანა არ მინდაო.
  • ძალიან გაგიტუტუცებია სავკა…
  • რა ვქნა…
  • რაც გინდა ის ქენი, მე თავი დამანებე.
  • ანუ არ მეხმარები?
  • ვერ გეხმარები! ის არ ქნაო… ეს არ ქნაო… ღმერთს ვგავარ? ღმერთი რომ ვიყო ცოლები არ გამექცეოდნენ. ან გამექცეოდნენ, მაგრამ თვალს მაინც მოვკრავდი და სროლას მოვასწრებდი.
  • კარგი, ბოდიში…
  • კარგი ეხლა, ნუ იცრემლები. მოვიფიქრებ რამეს. ისე არ დაგტოვებ. მთავარია მანამდე სიცხემ არ დაუწიოს. ან როგორ დაუწევს, მარტო დედაჩემის დებილური შელოცვებით მკურნალობთ. მოდი გადამეხვიე.
  • კარგი რა…
  • გადამეხვიე მეთქი ლასლო ციგანკოვ, თორე ფეხებში გესვრი.

 

 

 

1 2 3