დავუბრუნდეთ კიჩის კლასიკურ გამოხატულებებს. ამ ფილმში კლასიკური კიჩს ეკლექტიკურ გამოვლინებასთან ერთად  ამბიციური ქალების ჩხუბიც შეგვიძლია ვუწოდოთ. ეს ძალიან საინტერესო პროცესია, რადგან თავის მხრივ ფილმის სიუჟეტურ ხაზთანაც მოდის თანხვედრაში. ფილმის დასაწყისში ნენსი სინატრას “Bang-Bang” ისმის. ეს მუსიკა თითქოს უმა თურმანის პერსონაჟის პირადი საუნდტრეკია. ნენსი და უმას პერსონაჟი ძალიან მსგავსი ტიპაჟები არიან. ნაზი, ქერა, ამერიკელი გოგონები.  მიუხედავად იმისა რომ მკვლელია, უმა თურმანის პერსონაჟის სულიერი და ფიზიკური მდგომარეობა მაინც კდემამოსილი ამერიკელი გოგონას სულიერი მდგომარეობაა.  ნენსი სინატრას კი, მთელი ფილმის განმავლობაში  კონკურენციას იაპონელი მომღერალი, მეიკო კაჯი უწევს, მისი ყველაზე ცნობილი სიმღერებით – “Urami Bushi” და “Flowers of Carnage”.  მეიკო კაჯიც ძალიან ჰგავს ფიზიკურად იაპონელ მკვლელ გოგონა,  ო-რენ იშის, რომელიც უმა თურმანის პერსონაჟის მთავარი მტერია.  თითქოს რაფინირებული ამერიკელი ქალები ერთობლივი ძალებით უპირისპირდებიან სასტიკ იაპონელ ქალებს.

 

ნენსი სინატრაც და მეიკო კაჯიც კიჩის კლასიკური გამოხატულებები არიან. ნენსის არავინ აღიქვამდა ისე სერიოზულად, როგორც ფრენკს. მეიკო კაჯის კი, არც ჰყოლია ფრენკის მსგავსი ოჯახის წევრი. ამ ორივე პერსონაჟის მუსიკა პოპ-კულტურის მარტივი გამოხატულებებია. მეტიც, რომ არა ტარანტინო, მეიკო კაჯის დრო უმოწყალოდ გააქრობდა ხელოვნების მეხსიერებიდან. თუმცა ტარანტინოს მოსწონს ეს გოგონები. მათზე რეფლექსირებს. საერთოდაც, როგორც ზემოთ ავღნიშნე, არ ღირს ცუდზე და კარგზე საუბარი. არსებობს ცუდი და კარგი ემოციური მდგომარეობა და ის, თუ რას მიყავს მაყურებელი ამ მდგომარეობებამდე.  აღსანიშნავია ისიც, რომ ტარანტინო  აქაც სრულიად სხვა კარიდან შემოდის და „იაკუძას“ მსგავსად,  მეიკო კაჯისაც იაპონური კულტურის პრეზენტირებისთვის იყენებს. ეს მაყურებლისთვის კულტურის ჩამქრალი მხარის ჩვენებას ჰგავს. მსგავსი ქმედებები ზოგჯერ დამოკიდებულებებსაც ცვლიან.   არადა იაპონიაზე ყველას უცნაური კულტურული მახასიათებლები, მიშიმა და ატომური ბომბი ახსენდება. ამ ფილმის ნახვამდე ვფიქრობდი, რომ არაფერი იყო იაპონიაში საინტერესო, რადგან  ეს ყველაფერი არ მაინტერესებდა. „მოკალი ბილის“ ნახვის შემდეგ კი ჩემთვის იაპონია მეიკო კაჯია და ეს გაცილებით რომანტიკულია, ვიდრე გაბრაზებული კაცების ხარაკირი.

 

„მოკალი ბილის“ იაპონიის ვიზუალური და აბსტრაქტული მხარე ცალსახად კემპია.  როდესაც იაპონურ თემებს ვუყურებთ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ოცდამეერთე საუკუნეში არ ვართ და მეტიც,  მთავარი პერსონაჟი ზღაპრულ სამყაროში მოგზაურობს.  იაპონიის ვიზუალიზაციისას ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ თუ კი ტარანტინოს რაიმე გაუგია იმის შესახებ, თუ რა არის იაპონიაში ლამაზი და ამაღელვებელი, ყველაფერი ამ ფილმში გააერთიანა.  ო-რენ იშის ძალიან ლამაზი თეთრი კიმონო აცვია.  მისი სამფლობელოც სამურაების საერთო საცხოვრებელს მოგაგონებთ, ლამაზი შვერილებით სახურავზე. უკანასკნელი ბრძოლის სცენისას ამომავალი მზის ქვეყანას იასამნისფერი შუქით ანათებს ჩამავალი მთვარე, რომ  თოვლის ფანტელები, ო-რენ იშის თეთრ კიმონოსთან ერთად ძალიან მკაფიოდ ანათებდნენ. იასანმნისფერში გადასული თეთრი ფანტელები, მეომარი გოგონების სისხლთან კოორდინაციაში თითქოს საკურას იმიტაციას ქმნიან. თუმცა, ამ ეპიზოდს რომ შევეშვათ, გაცილებით უფრო ნიშანდობლივი კემპია ჰატორი ჰანზოს ხმლის ამაღელვებელი ისტორია. მთელი ამ ხაზის მიმდინარეობისას იქმნება შთაბეჭდილება, რომ  ტარანტინომ იაპონიის სიძველეების მუზეუმი გაძარცვა, ექსპონატად ქცეული ისტორია მოიპარა და „მოკალი ბილში“ რეკვიზიტად გამოიყენა.  ვიზუალური მახასიათებლები ჰანზოს ისტორიაშიც შთამბეჭდავია. აქცენტი აქაც თეთრ კიმონოებზეა. ჰანზოს რიტუალური სწავლებები, მებრძოლის სიბრძნეები და ოთახები დროში მოგზაურობას ჰგავს. ოთახები, რომლებშიც კედლებზე ნახატების ნაცვლად იეროგლიფები ჰკიდია. ერთ საიდუმლო ადგილზე კი, ულამაზესი კატანები.

 

ერთის მხრივ ზედმეტად თეატრალური და მანერული იაპონური ვიზუალები და ატმოსფერო, რომლებიც ო-რენ იშის და ჰატორი ჰანზოს სამფლობელოებში გვხვდება, მეორეს მხრივ  თხრობის პერსპექტივა, რომელიც „იაკუძას“ ესთეტიკიდან ამოდის და ამ ორივე გარემოების თანმდევი მეიკო კაჯის ძალიან არაიაპონური,  სასიყვარულო სიმღერები  ერთობლივად ქმნის „მოკალი ბილის“ იაპონიას. რაც ძალიან ლამაზია, მაგრამ ძალიან სასაცილოც. სასაცილოა იმის გააზრება, თუ როგორ არ არის ეს ყველაფერი ერთმანეთთან შუაში და როგორ გვახვევს თავს ავტორი საკუთარ სპეციფიკურ გემოვნებას.

 

 

 

 

 

1 2