უტიფრად გაღიმებული ჯონი მხრებზე დააწვა:

– მერე რა მოხდა… კოლექტივი… მე თუ წავაგე – შენ… შენ თუ წააგე – მე… – ამას რომ ამბობდა, საჩვენებელი თითი ჯერ მას მიადო მკერდზე და მერე თავად მიიბჯინა.

სწორედ ამ დროს ოთახში ჯონის მარადმომღიმარი და ნახევრად მკერდშიშველი ცოლი შემოვიდა. მან სტუმარსა და მეუღლეს ყავა მოართვა.

როგორც კი ახალგაზრდა დიასახლისი იხილა, რაფიკას მაშინვე უცხოური ფილმები და ნაცნობი კრუსუნი გაახსენდა. მის რისხვას თვალის დახამხამაბაში დუბელა გრძნობები ჩაენაცვლა და სხეულში სიამოვნებისმომგვრელი სითბონარევი სინათლე ჩაეღვარა.

რაფიკა რომ მის ცოლს სურვილით უმზერდა, ეს ჯონმაც იგრძნო, მაგრამ არაფრად ჩააგდო, რადგან თავის გამარჯვებაში ღრმად იყო დარწმუნებული.

რაფიკამ დომინოს ყუთი და საანგარიშო მაგიდაზე დადო. ქალის თეთრი მკერდის შიშველი ნაწილისთვის თვალი არ მოუშორებია, ისე ჩაილაპარაკა:

– ვითამაშოთ!…

ვერ გაიგებდი, ქალმა იცოდა, თუ არა, რა ხდებოდა. ერთი კია, შებრუნდა და ოთახი ასევე ლამაზადგაღიმებულმა დატოვა.

როცა რაფიკამ იგი თვალებით გააცილა, ისიც შეამჩნია, რომ დიასახლისს თხელი კაბის ქვეშ პერანგი არ ეცვა. სინათლეზე ლიფის საბეჭურები და საზაფხულო ქვედა საცვლის კონტურები ოდნავ იკვეთებოდა.

ჯონმა ყავის ფინჯანი გვერდზე გაწია და დომინოს პირველი ქვა ძალგულიანად დაახეთქა მაგიდაზე. კაცს ეგონებოდა, ეს ბრახუნი დიდი და უმნიშვნელოვანესი ამბის დასაწყისს მოასწავებსო.

თამაში დაიწყო.

თავიდან საქმე ისე წარიმართა, რომ ჯონმა კიდეც გაიფიქრა, დროის ამაოდ დაკარგვა არ ღირს, ჯობს, რაფიკას დამარცხების აღიარება შევთავაზოო. მაგრამ მერე და მერე რაფიკას გაუმართლა. ვითარება თანდათან შეიცვალა და ბოლოს… ჯონი დამარცხდა.

დამარცხებულს ფერი წაუვიდა. ერთხანს ხმა ვერ გაიღო. გაქვავებული იჯდა.

რაფიკაც არაფერს ამბობდა, ეგ იყო, შიგადაშიგ ფინჯანში ჩარჩენილ ყავას წრუპავდა. ერთი პირობა დააპირა, წამომდგარიყო და წასულიყო. თუმცა მერე რაღაც უხილავმა ძალამ შეაკავა იგი. გაიფიქრა, მე რომ წამეგო, ეს არამზადა ხომ არ მაპატიებდაო… ამგვარ შინაგან წინააღმდეგობასა და ყოყმანში ყავა ბოლომდე მოსვა.

თითქოს მისი ფინჯნის გამოცლას ელოდებოდაო, ჯონი წამოდგა და ცოლი რომ ეგულებოდა, იმ ოთახისკენ გაემართა ნირწამხდარი. 

ერთხანობას მეუღლეს უცხო ენაზე რაღაც უთხრა, ეჩურჩულა, ეჩიჩინა. ჩანს, დიასახლისი მის პირობას არ იზიარებდა. ჯონმა უცებ ხმას აუწია. მერე თავისთვის იბურტყუნა და ბოლოს ოთახის კარი ხმაურით გამოიხურა. რაფიკასკენ არც გაუხედავს, ისე გაიარა მისაღები და სახლის კარიც გაიჯახუნა.

რაფიკა მძიმედ წამოდგა და იმ ოთახში შევიდა, სადაც დიასახლისი უცხო მამაკაცის მოლოდინში ვნების აღმძვრელად გაყურსულიყო.

ქალი ხმისამოუღებლად დაემორჩილა ავტობუსა-რაფიკას, რამეთუ  დარწმუნებული იყო, რომ კაცმა ეს მართლაც დაიმსახურა.

რაფიკას ცდა არ დაუკლია, რომ ყველაფერი ისე გამოსულიყო, როგორც უცხოურ ფილმებშია. ჰოდა, მონდომება არ გაუცუდდა, ყველაფერი დაახლოებით ისე მოხდა, როგორც იმ ფილმებში ენახა და მეხსიერებაში

აღბეჭვდოდა.

იმ ნეტარ წუთებში რაფიკამ თავი სწორედ ჰოლივუდის მამრი ვარსკვლავივით იგრძნო. ამ ამბის შემდეგ რაფიკამ ჯონთან სტუმრობას მოუხშირა. ჯონმა კი ღამეულ ვარჯიშებს უმატა.

დომინოსადმი ჯონის ცოლიც  სულ უფრო მეტ ინტერესს იჩენდა. როგორც კი მოპაექრეები მაგიდას მიუსხდებოდნენ, ქალი გვერდითა ოთახიდან გამოდიოდა და სახემომღიმარი მიირწეოდა აბაზანისკენ.

წყლის ჩხრიალი დომინოს მოთამეშეებსაც ესმოდათ. ეს ჩხრიალი  რაფიკას თითქოს ამხნევებდა და მოწინააღმდეგისადმი უფრო დაუნდობელსა და ახალ-ახალი გამარჯვებებისკენ მეტად შემართულს ხდიდა.

როცა თამაში იძაბებოდა და გაუსაძლისად იწელებოდა, თხელხალათწამოსხმული ქალი აბაზანიდან გამოდიოდა, მოპაექრეებს უახლოვდებოდა და თამაშის მსვლელობას დიდი ინტერესით ადევნებდა თვალ-ყურს. რაც მთავარია, შედეგს უსაზღვრო ცნობისწადილით  მოელოდა. დომინოს წესებშიც კარგად გაერკვა. ეს იქიდანაც ჩანდა, რომ როგორც კი რაფიკას გამარჯვება მოახლოვდებოდა, თამაშის დასრულებას აღარ უცდიდა, შეტრიალდებოდა და ნარნარით გაემართებოდა ხოლმე საწოლი ოთახისაკენ.

ცოტა ხანში, როგორც წესი, ჯონიც მძიმე-მძიმედ წამოიზლაზნებოდა და გარეთ გავიდოდა.

ყოველ ჯერზე, სახლიდან ყოველ გასვლაზე ჯიუტად სწამდა, უფრო სწორად, იმედოვნებდა, მომავალში გამარჯვება აუცილებლად მას დარჩებოდა. თუმცა, რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, უბანში ყველა ამბობდა, ჯონი რაფიკას ცოლთან დაძვრებაო. თვითმხილველების თქმით, ეს ოკეანისგადაღმელი მეზობელი, თურმე ნუ იტყვი, თითქმის ყოველდღე ფანჯრიდან უთვალთვალებს შეძმაკაცებულის კარს. როგორც კი რაფიკას ქალაქში გასულად დაიგულებს, თავისი ნაქირავებიდან გამოდის და იქვე, ორ ნაბიჯში, პირდაპირ ლოგინში უხტება ავტობუსას ავხორცობით შეპყრობილ თვალჟუჟუნა ცოლსო.

ამ ამბავს რაფიკას ყურამდეც მიეღწია, მაგრამ არ სჯეროდა. ასე რომ, არავინ იცის, ვინაა ნამდვილი გამარჯვებული.

 

1 2