ჟინმორეული ჯონი თავისას არ იშლიდა. ყოველ საღამოს, ყოველ უქმეს რაფიკასთან ერთად დომინოს არახუნებდა. ყველა მორიგ ხელს გამარჯვების იმედით იწყებდა. თუმცა, ჯერჯერობით იმედგაცრუებული გახლდათ.

როცა ამ ეზოში გადმოსახლდა, მომავალ მეზობელთაგან ყველაზე უწინ სწორედ რაფიკას გაეცნო. სამეზობლოში მას ავტობუსა რაფიკასაც ეძახდნენ. რაფიკა საბჭოეთის დაშლამდე ავტობუსების პარკში მექანიკოსად მუშაობდა. ჰოდა, ბუნებრივი იყო, რომ იქ ნამუშევარი კაცის სახელს ასეთ ზედსართავს უმატებდნენ.

რაფიკამ მეზობლებს ჯონის მიპატიჟებაც დაასწრო. მერე კი გადაპატიჟებას აღარ დალოდებია და ერთ მშვენიერ საღამოს ჯონს თავად ეწვია სამოთახიან ნაქირავებში. დომინოცა და მოზრდილ-გაცრეცილი საბუღალტრო საანგარიშოც იღლიაში ამოეჩარა დაუპატიჟებელ სტუმარს.

ნახევარლიტრიანი ჭაჭაჩანაცვლებული ლიმონათის ბოთლი რომ გამოცალეს, სწორედ იმ დღეს, დროის მოკვლის მიზნით, ანუ არცთუ უმიზნოდ, მაგიდაზე პირველად მიმოაწყვეს დომინოს შავი ქვები. იმ დღიდან მოყოლებული ერთმანეთს მხოლოდ ზემოთ დასახელებული მიზნით გაეთამაშებოდნენ ხოლმე. მერე თამაში ფულით გააზავეს, თუმცა ფულზე თამაშმაც ვერ შეჰმატა დიდი ხალისი თავიდანვე უღიმღამო პაექრობას. ამის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ რაფიკას საყვარელი თამაში ჯონში საგრძნობ ინტერესს ვერ იწვევდა. მეზობელს ხათრს არ უტეხდა, ეგ იყო და ეგა.

ჯონის ერთთავად სახემომღიმარი, ტანწერწეტა და ნახევრად მკერდშიშველი ცოლი, რომელიც დროგამოშვებით გამოჩნდებოდა ხოლმე სასტუმრო ოთახში, ნალექდამჯდარ ყავის ჭიქებს უჩუმრად უცვლიდა მოპაექრე მეზობლებს. ამ დროს რაფიკა თითებსა და ხელისგულს შორის ჩამწკრივებულ დომინოს ქვებს მზერას აასხლეტდა, ქალს უღიმოდა და ახალ სვლას აკეთებდა.

მართალია, ახალგაზრდა დიასახლისი რაფიკას ისედაც მოსწონდა, მაგრამ ის, რაც რაფიკას ინტერესს უღვივებდა და ამ ქალბატონის წარუშლელი ღიმილისთვის ღიმილითვე შეგებებისკენ უბიძგებდა, მისი უცხოელობა გახლდათ.

ამ ქალის მსგავსნი რაფიკას უცხოურ ფილმებში მრავლად ენახა. ისინი, როგორც წესი, ფართო საწოლებსა და რბილ დივანებზე გაშხლართულნი და ფილმის მთავარი გმირის სიმძიმის ქვეშ ვნებიანად მკვნესარ-მოკრუსუნენი ახსენდებოდა რაფიკას. ნეტარების მომგვრელი ეს მრავალწახნაგა ფრაგმენტი ქალის ყოველ შემოსვლაზე რაფიკას აღგზნებულ მეხსიერებაში ამოტივტივდებოდა და მერე ნელ-ნელა ინავლებოდა. ეს ყველაფერი მის საპასუხო სვლებს გვარიან დაღს ასვამდა.

ახლა, რახან თქმა სჯობს, სათქმელი ჯონიზეც უნდა ითქვას. რაფიკასთან პირველად რომ იყო, ჯონმა მაშინვე დაადგა თვალი მეზობლის შავთვალწარბა მეუღლეს. თანაც, მისი ანგარიშით, ამ ნასაბჭოთაკავშირელ ადამიანებში სინდის-ნამუსი და ოჯახური ერთგულების გრძნობა საერთოდ არ უნდა არსებულიყო. ჯონის აზრით, ყოფილ კოლექტიველთა მხარეში ყველაფერი, მათ შორის ცნობიერებაც კოლექტიურ-მასობრივი იყო. ქვეყანაში, სადაც წლების განმავლობაში კერძო მესაკუთრეობა მკაცრად იგმობოდა, შენი-ჩემი არ უნდა სცოდნოდათ.

ჯონმა თავის მეუღლესთან ერთად სახელმწიფო საზღვარი რომ გადმოკვეთა, სწორედ ამ განწყობით შეხედა ყველა გადმოღმელ ქალს. ამიტომაც თავისი ორი ღერი რუსულით ცდილობდა რაფიკასთვის აეხსნა, ხვალ თქვენთან ვითამაშოთო.

რაფიკა ამაზე ყოველთვის თანხმდებოდა. ხვალ ექვს საათზე ჩვენთან შევხვდეთო, ეუბნებოდა, მაგრამ მეორე დღეს ექვსს რომ ხუთი წუთი უკლდა, დომინო-საანგარიშო ამოიღლიავებული მიუკაკუნებდა ხოლმე ჯონს ნაქირავებში. გაოცებულ მასპინძელს გაბადრულ სახეს შეაგებებდა და დაპატიჟებულივით აუვლიდა გვერდს.

სახტად დარჩენილი ჯონი იმედს მაინც არ კარგავდა, ჯიუტად სჯეროდა, რომ მომავალი მატჩი რაფიკასთან გაიმართებოდა. ის კი, რა თქმა უნდა, დროს იხელთებდა და რაფიკას ცოლს ანიშნებდა მისადმი აღძრული დაუოკებელი გრძნობების შესახებ,  როგორმე მოახერხებდა და ეტყოდა,  ხვალ საღამოს ქალაქის რომელიმე მყუდრო რესტორანში ვახშამზე გეპტიჟებიო. შეიძლება ფარული მინიშნებები სულაც არ დასჭირდეს, სავარაუდოა, რომ კოლექტიური სულისკვეთებით აღზრდილმა ხალხმა ასეთი წინადადება სულაც არ ითაკილოს. ეგებ რაფიკამაც არ უთხრას უარი და ცოლი “თანამედომინოე” ამხანაგს ერთი ღამით ათხოვოს კიდეც.

ჯონი ამ იმედით ცხოვრობდა, მაგრამ რაფიკას სახლამდე ვერა და ვერ მიეღწია. ერთხელ ჯონს უცნაური იდეა გაუჩნდა. იმ ღამეს თვალი არ მოუხუჭავს, დილამდე დომინოში ივარჯიშა. ქვათა კომბინაცია ათასგვარად შეცვალა, ხან ისე დაალაგა, ხან ასე. თავი ისე გაიწაფა, კაცს ეგონებოდა, დიდი შეჯიბრისთვის ემზადებაო. ბოლოს რაღაცა ახალს მიაგნო.

და აი, რაფიკა ჩვეულ დროს რომ მოვიდა და კაპიკ-გროშის მოგების იმედით დომინოს ქვები მაგიდაზე გადმოყარა, ჯონმა ეშმაკურად გაუღიმა და უთხრა:

– ფული არ მაქვს.

რაფიკამ ხელები გაასავსავა და მიუგო:

– რა უჭირს, ისე ვითამაშოთ. როცა  გექნება და მერე ისევ ფულზე ვითამაშებთ… აიღე!

– არა, ისე არა. – ამომარცვლა ჯონმა.

– აბა, რა ვქნათ? ფული არა გაქვს და!…

– ფულზე არა… – ჯონმა კვლავ ამომარცვლა.

– მაშ რაზე? – რაფიკამ ეს რომ იკითხა, უნებლიედ მზერა ჯონის თითზე წამოცმული ბეჭდისკენ გაექცა.

ჯონმა კიდევ ერთხელ შესცინა მსუნაგურ-ეშმაკურად და მოულოდნელად თქვა:

– ამჯერად ცოლებზე ვითამაშოთ…

რაფიკამ ყურებს არ დაუჯერა. გაიფიქრა, ენა რომ არ იცის კარგად, ჩანს, სათქმელს თავი ვერ მოაბაო. ამიტომაც ჩაეკითხა:

– რაზე ვითამაშოთ?

– ფულის მაგიერ ცოლებზე ვითამაშოთ… ვინც მოიგებს მისია…

ჯონმა ეს თქვა და კვლავ ეშმაკურად შეჰღიმილა, – თანახმა ხარ? რაფიკა ელვისებურმა რისხვამ შესძრა და ააძაგძაგა. პირი გაუშრა. ერთი პირობა დააპირა, წამოვარდნილიყო და ამ უცხოელისთვის თავ-პირი ჩაელილავებინა. მერე გადაიფიქრა. დომინოს ქვები ხელის კანკალით მოაქუჩა. უცებ თვალი საანგარიშოსკენ გაექცა. თავი ძლივს შეიკავა, რომ ამ უნამუსო კაცისთვის თავზე არ ჩამოემხო.

დაჭერის შეეშინდა. უჩივლებდა, იცოდა. თავი ხელში აიყვანა და მუხლებაკანკალებული წამოდგა.

 

1 2