სამ მარტს დედის დღე აღინიშნება, ორ მარტს კი დედაჩემის დაბადების დღეა, ამიტომ გადავწყვიტე დღევანდელი ტექსტი დედის ფუნქციასა და მის როლზე ამეწყო. კრისტოფერ ნოლანის ფილმში „ინტერსტელარი“, ყველაზე მეტად რამაც მომხიბლა, იყო არა შთამბეჭდავი ვიზუალური ეფექტები ან პირველ ნახევარში გამართული მეცნიერული მსჯელობა შავ ხვრელებსა და პარალელურ განზომილებებზე, არამედ მთავარი პერსონაჟის, კუპერის სიტყვები, როდესაც მშობელი ხდები, საკუთარი შვილების მომავლის აჩრდილად გადაიქცევიო. დედის ფიგურა მუდმივი თანმდევია შვილის ცხოვრების, პოზიტიურ თუ ნეგატიურ ჭრილში. იქნება ეს ბავშვობის ტრავმები თუ ბედნიერი გამოცდილებები, ზრდასრულობაში შვილის ფსიქოპორტრეტზე უდიდესი ექო სწორედ დედასთან ურთიერთობას ექნება.

როგორც ერიხ ფრომი ამბობს, დედისა და შვილის ურთიერთობა პარადოქსული და რაღაც მხრივ ტრაგიკულია, რადგან ის საჭიროებს ყველაზე ძლიერ სიყვარულს დედის მხრიდან, თუმცა სწორედ ეს სიყვარული უნდა დაგეხმაროს, რომ დედის კალთას გამოეყო და დამოუკიდებლობა შეიძინო. ჩვენს რეალობაში ამის განხორციელება განსაკუთრებით რთულია, რადგან ზრდასრულობაში ეკონომიკური მზაობა მარტო ცხოვრებისთვის იშვიათად არსებობს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მარტოხელა დედის როლთან გვაქვს საქმე. მარტოხელა დედობა ალბათ ყველაზე გიგანტური გმირობაა სოციალურ პრაქტიკებში. ქალი, რომელიც უნდა იყოს დიასახლისიც, ფინანსური მომმარაგებელიც, შვილის აღმზრდელიც და ამ ყველაფრისგან გამოწვეული სტრესის მიუხედავად მოყვარული და მზრუნველი, იმ კალიბრის სამუშაოა, რომელიც ვერასოდეს ანაზღაურდება ვერც მატერიალური და ვერც ემოციური მდგომარეობით.

პედრო ალმოდოვარი თავის ბოლო ფილმში „ხულიეტა“ ბრწყინვალედ ასახავს იმ არაღიარებულ ფაქტს თუ რამხელა ძალაუფლება გააჩნიათ შვილებს მშობლებთან მიმართებაში. დედისადმი სიყვარული დეტონირებული გრძნობაა, რომელიც სულ არსებობს, მაგრამ ყოველთვის არ გვახსენებს თავს, არ გვიბიძგებს გამოხატვისკენ, არ მოგვიწოდებს მოქმედებისაკენ. ხშირად დედის მიმართ გულმავიწყი და სასტიკები ვართ. ისე, რომ ვერც ვიაზრებთ, მარტივად ვაყენებთ დიდ  ტკივილს, რადგან თითქოს სულ იქნება დრო მათთან შესარიგებლად, სულ იქნება დედა. ამის შესახებ სინანული კი მხოლოდ მათი წარმავლობის გააზრებისას დგება. დედასა და შვილს შორის სივრცის გაჩენას გამოუთქმელი განცდები იწვევს, რეალური კომუნიკაციის დეფიციტი. ფილმში ხულიეტა დუმდა იმის შესახებ, რასაც განიცდიდა, მაგრამ შვილი ხედავდა მის მდგომარეობას და უჩნდებოდა კითხვები, რომელზეც პასუხების მოპოვება თავად გადაწყვიტა. შესაბამისად მაშინ, როდესაც დედამ შვილს საკუთარი გრძნობების შესახებ არ უამბო (და პირიქით) მათი დედაშვილობა გაქრა, ისევე, როგორც მზის უკანასკნელი სხივი შებინდებისას, თუმცა თუ მზე მეორე დღეს ისევ ამოვა, დედა მხოლოდ გარკვეული დროით ანათებს და ათბობს, ამიტომ მაქსიმალურად უნდა მივცეთ მას ენერგია და ხანდახან დამწვრობაზეც დავხუჭოთ თვალები.
ფრანგი ფილოსოფოსი როლან ბარტი თავის ნაშრომში „კამერა ლუსიდა“, იხსენებს ბავშვობას, როდესაც დედის ფოტოს აკვირდება და პირველად ფიქრობს, რომ დედა მოკვდავია, ეს გააზრება კი ყველაზე კატასტროფულ პერსპექტივად ესახება. პირადად მე ბავშვობაში ყველაზე შემაძრწუნებელი განცდები მაშინ მქონდა, როდესაც დედაჩემს სამსახურიდან მოსვლა აგვიანდებოდა და აივანზე მის მოლოდინში მდგარი იმაზე ვიწყებდი ფიქრს, რომ ვეღარასოდეს ვნახავდი. ღამით ხშირად ვდგებოდი საწოლიდან და დედაჩემის ოთახში გავდიოდი იმის შესამოწმებლად ხომ სუნთქავდა, რათა მშვიდად გამეგრძელებინა ძილი. თუმცა ეს შიშები არასოდეს გამიზიარებია და გამომიხატავს, როგორც ის მადლიერება, რომელსაც მისდამი განვიცდი და სიყვარული, რომელსაც ღიად ძალიან იშვიათად ვაფიქსირებ.

ისევ ბარტს რომ დავუბრუნდეთ, მოგვიანებით, დედის გარდაცვალების შემდეგ დაწერილ გლოვის დღიურში მას ესიზმრება დედა, რომელიც ეუბნება არასოდეს გიყვარდიო. ის ფაქტი, რომ დედის მიმართ ზრდასრულობაში საკმარის სიყვარულს და მგრძნობელობას არ გამოვხატავთ, ალბათ ყველა შვილისთვის მცირედით თუ ბევრით ნაცნობია. ვღიზიანდებით როდესაც გვირეკავენ და გვეკითხებიან სად ვართ, ჩვენ არასოდეს ვურეკავთ თუ რამე არ გვჭირდება, კომუნიკაციის არეალი სულ უფრო ვიწროვდება, რადგან აღარ ვუყვებით პირად ისტორიებს და ა.შ. საქმე იმაშია, რომ დედის სიყვარული ერთადერთი სიკეთეა, რომელიც უპირობოდ მოგვეწოდება, ყველა სხვა ურთიერთობაში შრომითი ინვესტირებაა საჭირო, რომ არ გაცუდდეს, იქნება ეს მეგობრული თუ სასიყვარულო, მათთვის ყოველთვის გვცალია და დროის უდიდეს ნაწილს ვუთმობთ, რადგან იქ კარგ პარტნიორად თუ არ დავფიქსირდით, შეიძლება მიგვატოვონ. დედის სიყვარული იმ ეგოისტურ განცდას აჩენს, რომ მას სულ ეყვარები, რამდენადაც არ უნდა აწყენინო, ამიტომ განსაკუთრებულად აღარ ვუკვირდებით იმ პატარა დეტალებს, რომელიც შესაძლოა დიდ ემოციურ ტკივილს იწვევდეს მშობელში.
მე პირადად ზრდასრულობის ასაკიდან არ მახსენდება შემთხვევა, რომ დედაჩემისთვის მეთქვას მიყვარხარ თქო. არც მოფერებითი ფორმით მიმიმართავს, როგორც ამას ბავშვობაში ვაკეთებდი. ნუ პირველ რიგში ყოველთვის იმას ვფიქრობ, რომ ვერბალურად არ ჭირდება ვერიფიკაცია დედაჩემს იმის თაობაზე რომ მიყვარს, მეორე რიგში კი მასკულინური კულტურის წნეხი იჩენს თავს, რომლის პარადიგმაშიც ბავშვივით მოქცევა ფემინური სენტიმენტია და საჯაროდ მაგალითად დედიკოს დაძახება კონკრეტული ასაკის შემდეგ მიუღებელი ხდება და ლექსიკაში შემოდის სტატიკური წოდება დედა.
არადა კამიუ, პრუსტი თუ ზემოთხსენებული ბარტი, თავიანთ ნაშრომებში დედას მხოლოდ მოფერებით ფორმაში მოიხსენიებდნენ, ფრანგული სიტყვით „მამონ“. რაც იდეალურად გამოხატავს იმ სინაზეს, რომელიც მშობლის მიმართ ფარულად გაგვაჩნია, თუმცა ღიად უნდა გაგვაჩნდეს. „უცხოში“ კამიუ მერსოს ემოციური ინდიფერენტულობის მთელი სიცხადით აღსაქმელად თხრობას დედის გარდაცვალების პასაჟით იწყებს, სადაც მთავარი პერსონაჟი გარდაცვალების დღეზე აკეთებს აქცენტს და არა თავად ტრაგედიაზე. თუმცა კამიუ აქაც სინაზეს იჩენს და დედას მოფერებითი ფორმით „მამონ“ ათქმევინებს თავის გმირს. გამოდის, რომ ზრდასრულობაში დედისადმი სიყვარულის ღიად გამოხატვას სიმამაცე ჭირდება, ყველა ვინც ამას ვერ ვახერხებთ, ვცდილობთ ვუარყოთ, რომ კიდევ ბავშვები ვართ, რომლებსაც დედის მზრუნველობა გვჭირდება.
პირადად მე ბავშვობის მოგნებებიდან არაფერი ისე ბედნიერად არ მახსენდება, როგორც მომენტები, როდესაც დედაჩემი ძილის წინ ზღაპრებს მიკითხავდა. არც პირველი ფლეისთეიშენის ყიდვა, არც ზიდანის მაისური და არც პირველი ვიზიტი მაკდონალდსში. თუ არსებობს რაიმე ამ ბინძურ სამყაროში, რაშიც ეჭვის შეტანა არ შეგვიძლია, ეს პირველ რიგში დედის სიყვარულია. არ მაქვს ილუზია, რომ ამ ტექსტის შემდეგ ან თქვენ ან მე შევიცვლებით და იდეალურ შვილებად ვტრანსფორმირდებით, მაგრამ მთავარია ის მაინც გვახსოვდეს, რომ განსაკუთრებული თარიღები არაა აუცილებელი იმისთვის, რომ დედისგან მიღებულ გაუნელებელ სიყვარულს მცირედით მაინც ვუპასუხოთ.