„ვარ  მინდობილი  კლასიკურ  მუზას  მცირეოდენი  განდაგანათი“

 

ჟურნალ  ,,არილის’’   მესამასე ნომრის  წაკითხვის  შემდეგ  ( რომელიც    დავით წერედიანს  ეძღვნება), ერთი მივიწყებული  ( უფრო ზუსტად,   მეხსიერების  საცავში   ჩაკარგული)   ეპიზოდი  გამახსენდა:

ჯერ კიდევ  სტუდენტი ვარ.  ,,ფაუსტის’’  მეორე  ნაწილი   ახალი დაბეჭდილია.  კითხვის  პროცესი  იმდენად შთამბეჭდავი  აღმოჩნდა, რომ  ადგილს ვერ ვპულობ.  ერთ დღესაც    ( სრულიად შემთხვევით!)  აჭარის  მწერალთა  სახლში    დავით წერედიანის  ვიზიტის  შესახებ  გავიგე  (  შემატყობინეს!).  პირდაპირი რომ ვიყო,  ეს შენობა  თავისი  პათეტიკებით და   გულზე  მუშტის  ბრახუნებით ბავშვობიდან   მაღიზიანებს, თუმცა  კაცმა არ იცის,   კიდევ  სად და  რა ვითარებაში  მომიწევდა (თუ მომიწევდა!)  დავით წერედიანის  გაცნობა.   შესაბამისად, საღამოს მაინც დავესწარი.    მართალია, გამომსვლელთა საუბრები   უკვე  ბუნდოვნად  მახსოვს, თუმცა   შეუძლებელია  გოეთეს , ვიიონის, რემბოს,  ვალერის,  ცელანის, ბახმანის  თავჩახრილი, მორცხვად ირონიული  მთარგმნელის  დავიწყება.

მიუხედავად იმისა, რომ  სახლში  უავტოგრაფო  ,,ფაუსტით’’  დავბრუნდი ( ვერ მივედი:  ეტყობა,  შემრცხვა ან იქნებ,  მის, არც თუ  სახარბიელო ჯანმრთელობას  გავუფრთხილდი,  რადგან ისედაც ემოციური  შეხვედრა იყო),  თუმცა  დღეს  უკვე  ამ   უპატიებელი   სიმორცხვის  ,,გამოსწორებას’’  სწორედ ამ მცირე  წერილის  სახით  თუ შევძლებ.

არ ვიცი,  რას იფიქრებდა მისივე პოეტური  კრებულის  შესახებ  თავმოყრილი  შთაბეჭდილების წაკითხვის  შემდეგ, თუმცა   მორცხვად   ნამდვილად  ჩაიცინებდა…

 

 

„ლექსი არასოდეს არ არის დასრულებული- მხოლოდ  შემთხვევითობა ასრულებს მას. ესე იგი, ის, რასაც მკითხველი  გადასცემს  ლექსს.“ – პოლ ვალერი

 

გამომცემლობა  ,, ინტელექტის’’ მიერ  დაბეჭდილი    პოეტური კრებულის  (,,პარაპეტი’’) ერთ-ერთ რკალში   (,,სულთათანა’’)    შესულია    პოსტმოდერნისტული ესთეტიკის   უმთავრესი ინსტრუმენტებით  რეკონსტრუირებული    ვრცელი ლექსი:  ,,  ვერისპირული მოზაიკა  აღაპის ფონზე-1977’’.   ამ ტექსტის  უნიკალურობა იმაში  მდგომარეობს, რომ პრაქტიკულად, აქ მოშლილია ამბის  გაგების ტრადიციული  მანერა და კითხვის დაწყებისთანავე  ვაკვირდებით  ე.წ.  ლირიკული გმირის ( ნარატორის)  ცნების  დეკონსტრუქციის პროცესსაც. საქმე იმაშია, რომ  რეალობის აღქმის   პერსონალურ ფოკუსს (დამოკიდებულებას საგნებთან,  მოვლენებთან, ენასთან)   ფლობს  ინდივიდუალობაადღაბნილი  ქორო, რომელთა რეპლიკებსაც  ყოველგვარი, ერთმანეთისგან  გამმიჯნავი, მარკერების გარეშე  ვეცნობით.

შეიძლება  ითქვას ასეც:  დავით წერედიანი ქმნის ისეთ ენობრივ  რეალობას,  იმ ტიპის ლინგვისტურ  სუბსტანციას, სადაც ენის  (language) და  მეტყველების  ( parole)  ცნობილი დიქოტომია   ( ტრაგიკომიკური კონტრასტის ეფექტის მისაღებად!)  მიბმულია  გვიანდელი  ბრეჟნევიზმის    კონტექსტზე.    ამდენად, ,, ვერისპირული  მოზაიკის’’ საავტორო ხმა  მკვეთრად უპირისპირდება   ქოროდ  ქცეული  საბჭოთა  მოქალაქეების   ქაოტურ  ყაყანს.

საგულისხმოა  ერთი  დეტალი:  სტრუქტურული  თვალსაზრისით, რჩება შთაბეჭდილება, რომ თითქოს,   ეს, ზამბარასავით შეკუმშული,  პოემა  ერთმანეთთან დაუკავშირებელი  ფრაგმენტებისგან  (  პაზლებისგან!)  შედგება,  თუმცა   თუ  კარგად დავაკვირდებით,   ქვეტექსტუალურად  დანტეს  ,,ჯოჯოხეთის’’ გარსთა ,,ამოკითხვასაც’’ შევძლებთ.  ცხადია, აქ არ იგულისხმება  ცოდვების  კლასიფიკაციის პირდაპირი  ,,ასლირება’’ და არც    ჯოჯოხეთის  პაროდირებული ვერსიის შექმნის მცდელობა. არა, წერედიანთან    საქმე   გარსების ყოფით  ვარიაციებთან, მეორენაირად  კი, როგორც  თამაზ ჭილაძე  იტყოდა ,, გრადაციულ  ერთფეროვნებასთან’’   უფრო  გვაქვს, თანაც   უკიდურესად   ,,დამიწებული’’ ფორმით.

 

***

,,ხვნეშით  მოლაგდნენ  კოლეგები,-

საბრალო ქავთარ!

გათამაშდება  პანაშვიდი,  ქელეხი მწირი.

აცხონოს  ღმერთმა, ახლობელი არავინ  ჰყავდა,

სამაგიეროდ, დღეც მშვიდია, არავინ ტირის.

რა რჩება?  ერთი ყრუ ოთახი?  ძველი ავეჯი?

სხვა?  არაფრისგან არაფერი?  უზმნო  შავეთი?’’

 

 

აშკარაა, რომ  ,,უზმნო  შავეთის’’ სახით  პოეტი მეტად  სარისკო, თუმცა  ვიყოთ გულწრფელები,  საკმაოდ ორიგინალურ,  მე ვიტყოდი,  მსოფლიო პოეზიაშიც კი  რთულად  მოსახელთებელ  ტევად  მეტაფორას  ქმნის.   ერთ-ერთ  ინტერვიუში  იმასაც კი ამბობს, რომ  თავისი  თაობიდან  ქრონოლოგიურადაც კი იყო ამოვარდნილი    (ნაკლებს ბეჭდავდა,   უფრო  ინტენსიურად  გადაერთო   თარგმანებზე) და  რაც ყველაზე  ნიშანდობლივია  გვერდით  მოვლენად იქცა ( მისი სიტყვებია!). ეს კი  იმას ნიშნავს, რომ  დამკვირვებლის  პოზიციიდან კიდევ უფრო მეტად  გასწორდა  რეალობის აღქმის   ფოკუსი.  იქნებ,   ასე უფრო მეტადაც  კი  გრძნობდა  საბჭოთა სინამდვილის   სიმახინჯეს:  საგამომცემლო  სფეროში,  ურთიერთობებში,   რიხიან  რიტორიკებში…

ის, რაც  წესით  ქმედებასთან, სიცოცხლისუნარიანობასთან,  ცნობიერების  აქტივობასთან  ასოცირდება,   ,,ვერისპირულ  მოზაიკაში’’  ,, უ’’ პრეფიქსის დართვის შემდეგ უძრაობის,   მენტალური ატროფიის,  უპერსპექტივობის,  ხრწნის სინონიმად იქცა.   იქნებ, ამიტომაც ,,ვესწრებით’’  ჩვენთვის  უცნობი  ადამიანის    პანაშვიდს, რაც მეტაფორულად    პიროვნების, პიროვნულობის  კვდომის  აქტადაც კი შეგვიძლია აღვიქვათ.

,,ხვნეშით  მოლაგებულ კოლეგებს’’  გარდაცვლილი არც აინტერესებთ. ესაა  კათარტულობისგან,  თანაგანცდისგან დაცლილი სამყარო, ოღონდ   პოეტის რეაქცია ირონიულია ( ხშირ  შემთხვევაში,სარკასტულიც კი!):

 

,,ცეკვავს ივერი, შენ დაუკა, დავლურს და მხედრულს,

ჩაილურჩავლურს, გალენჩებას, ლიქნას და ქადილს.

წინ, ერო ჩემო!  წინ, ღვთისმშობლის  წილო და ხვედრო!

წინ, კომუნიზმის  მწვერვალისკენ!

-ცხოვრება  გადის.

რა რჩება?  უქმად გალეული  უსაგნო დღენი?

ძილში  ხელახლა  მოთხრობილი  კოშმარის  ენით?’’,

 

 

 

1 2