ქელეხში  ნაცეკვი  დავლური და მხედრული  არც უნდა  ბადებდეს   სიცილის  განცდას, თუმცა  იმდენად   დიდი  აცდენაა  საბჭოთა  ჭირისუფლების  ქცევასა და  კონტექსტს  შორის, რომ  თავისდაუნებურად ჩნდება  ტრაგიკომიზმის  შეგრძნება. იქნებ, ეს  სწორედ  ის თავდაცვითი მექანიზმია, რომელიც   უკვე  ლექსის  ფინალში  გაორებული  ავტორის  ( იქნებ,   თავად მკვდრის!)  ცნობიერებაში ფუნქციას  კარგავს და   მთელი  თავისი სიმძაფრით    აქტუალიზდება  კიდევ ერთი  მარადიული   პრობლემა:  რეალობის ,,რეალურობის’’  საკითხი(   თანაც, კლიშედ ქცეული  ფრაზების  პაროდირების  ფონზე).

ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ   ,,  ვერისპირულ   მოზაიკას’’  სწორედ    გარდაცვლილის პერსპექტივით  ვეცნობით, რომელიც  საკუთარ თავზე  ჯერ მესამე  პირში საუბრობს (,,  ჰოდა,  ცხადია, ასეც იყო: ესვენა  მკვდარი.’’), ხოლო  მეცხრე  ფრაგმენტში  კი   ძლიერდება   ,,მე’’-ს   ასპექტი.

დავაკვირდეთ:

 

ბინდზე  ფიჭვიდან  რაღაც ჩიტი უსტვენდა  სკვერში,

ჰქონდა ცისპირთან საუბარი, სრულიად  კერძო,

ზილის  მარცვლებად  ქვაფენილზე  ცვიოდა  ვერცხლი,

არც სიხარული, არც ნაღველი,  მცირე რამ სკერცო.

არა, თქვა  ცრემლმა, არა, არა,  მომკითხეთ მერე,

მე ხომ არ ვიცი, ჯერ  არ ვიცი, ვმღერი  თუ ვტირი.

ნამდვილს ბაძავდა  ხილიანის  საბრუნთან ვერე

და მთელი  წუთი  ნამდვილს  ჰგავდა მდინარის პირი…’’

 

აშკარაა, რომ  აქ    წერედიანი   სიმულაკრის და ორიგინალის   ურთიერთმიმართების  საკითხზეც  საუბრობს, ოღონდ  გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ  ბოდრიარმა  თავისი წიგნი ,, სიმულაკრები და სიმულაციები’’ ოდნავ მოგვიანებით (  1981 წელს!) დაწერა.

 

***

 

,,ვერისპირულ  მოზაიკაში’’   მომწყვდეული  რეალობა  თავისი ხმების, ხმაურების, ინტონაციების, ყაყანის  ანუ მთელი  ტრაგიკომიკური კონტრასტულობის გათვალისწინებით,    პოსტმოდერნისტული ესთეტიკის არსენალითაა წარმოდგენილი.  როგორც  უკვე ითქვა, ამბები  და სიტუაციები   მკვდრის  ცნობიერებაში პროეცირდება, ოღონდ  ის  აქ არც  ჩანს,  რადგან     მეორე  ფრაგმენტიდანვე    კოლეგების  ყაყანში  ,, იკარგება’’.   ამ  თვალსაზრისით,  საინტერესოა  სოციოლექტების, ჟარგონის, სლენგის  სიჭარბე:  ,, კაიფშია,  მაგის დამპალი…’’,  ,,პონტია, სიმონ, გაგსროკავენ- ხუხნიმ, პალ  პალიჩ’’ და ა.შ.  ეს ყოველივე  კი  ქმნის    ენისა და მეტყველების აღრევის მეტად  კონტექსტუალურ   მოდელს. მეტიც, იშლება  ზღვარი  მაღალ და დაბალ  ჟანრებს შორის, რაც  იმასაც კი მაფიქრებინებს, რომ  დავით  წერედიანის  ერთი დაუსრულებელი  პოემა  ( რომელიც ,,პარაპეტშია წარმოდგენილი)   სწორედ ანალოგიური ესთეტიკის  ერთგულებით  დაიწერებოდა.  ისიც    ,,ვერისპირულის’’ მსგავსად  მოზაიკის  პრინციპითაა აგებული, ხოლო   მეშვიდე  ნაწილში  კი  ასეთ   ფრაზასაც  ვაწყდებით:

,,  თარიღი:  წლები სამოციანი.

ჯერ სიმშვიდეა,  ვხრავთ სოციალიზმს.’’

 

 

***

დავით  წერედიანის   პოეტიკის   ერთ-ერთი თავისებურება  მდგომარეობს  ენის  შრეების   გამაოგნებლად სიღრმისეულ, უტყუარ  შეგრძნებაში.   ამბობს კიდეც  მანანა  ღარიბაშვილი:  ,, ზოგჯერ იმასაც ვერ  მიხვდებოდი,  თვითონ იგონებდა  სიტყვებს, თუ საიდანღაც ენის სიღრმიდან  ამოჰქონდა და ახალ სიცოცხლეს ანიჭებდა.’’  ეს  ნაცნობი განცდა  კრებულის პირველად   გადაშლის  დროსაც  დამეუფლა.  მართალია,   თავიდან შეიძლება   ვერ  მიიჩვიო , ვერ მოათვინიერო მისი ენა  და  ვერ  ჩასწვდე  ენის ბნელ  ხვეულებში  მიძინებულ  ქიმერას, თუმცა  შეუძლებელია  არ იგრძნო,  არ   ეზიარო    დავით წერედიანიასეული სევდის  მეტაფიზიკას.  ეს  მარადიული, დროის  მიღმიერი პოეზიაა.

 

 

 

 

 

 

 

1 2