მიკას სიბნელის ძალიან ეშინია, ამიტომ არ უყვარს, როცა გათენებამდე ეღვიძება ხოლმე.

შარვალს იმოწმებს :

კარგია…

მშარლია…

ამჯერად შარდი არ გაპარვია…

საბანში ეხვევა და ძილის შებრუნებას ცდილობს.

ადრე მიკას მშობლები ჰყავდა და იცოდა, რომ ახალგაღვიძებულს შეეძლო მათთვის დაეძახა, მაგრამ ახლა აღარც მშობლები ჰყავს და აღარც საკუთარ ოთახში წევს. დღეს ერთი წელი შესრულდება, რაც საძინებელს ექვს ბიჭთან ერთად იყოფს. მიკა პატარა ტაძრის გვერდით მოწყობილ ბავშვთა სახლში ცხოვრობს. აქ არაფერი არავისია ან, როგორც მომვლელები აცხადებენ,  ყველაფერი ყველასია. მიკამ იცის, რომ, როდესაც გაიზრდება, ამ საწოლში ვეღარ დაეტევა და სხვაგან გადაბარგება მოუწევს. მის ადგილას კი მოვა სხვა და ეს ადგილი გახდება სხივისი. შეიძლება, მასაც გაეღვიძოს ღამით. ნეტავ სიბნელის თუ შეეშინდება? ამაზე ფიქრობს მიკა და ეჩვენება, რომ მის გარშემო სიტყვები –  „სხვა“,  „სხვისი“, „სხვაგან“ – ტრიალებენ და  აბა, რაღა გასაკვირია, რომ ვეღარ იძინებს?

ბალიშს თავზე იდებს. ყურებზე ისე მაგრად იჭერს, გეგონება საკუთარი გონების ხმა უნდა ჩაახშოსო. არადა, სინამდვილეში, ხვრინვა აწუხებს.

უეჭველი ნიკოა – მიკას მეზობელთაგან უფროსი. ნიკო უმცროსების წვალებით კარგად ერთობა. გამონაკლისი არც ათი წლის მიკაა, რომელსაც ხშირად უწევს მისი დავალებების შესრულება, ხოლო დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, „სასჯელის“ ატანა. ყველას ეშინია ნიკოსი, მაგრამ ნიკო მიკას მთავარი სადარდებელი არ არის.

მიკას ორი მეტოქეჰყავს : ორივეს გრძელი რქა, ნაცრისფერი ფრთები და მოკლე წითელი თმა აქვთ. არა მიკას მსგავსი ჟღალი, არამედ უსიცოცხლო, გამომშრალი პომიდვრისფერი. ისინი სულ მიკას დაჰყვებიან და  თუ პატარას მარტო მიიმწყვდევენ, მიახლოვებასაც ბედავენ და ძლივს გასაგონად რაღაცებს ეჩურჩულებიან. ამიტომ სთხოვს ყოველთვის მიკა მომვლელს საპირფარეშოში გაყოლას, მაგრამ დემონებს რომ თავი დავანებოთ, აქაური დანგრეული, აქა-იქ მწვანედ შეღებილი, აყროლებული საპირფარეშო იმდენად საზიზღარი სანახავია, რომ შიშის საფუძველს ისედაც იძლევა.  რას იზამ?  შემოწირულობით საზრდოობენ, რაც არც ისე დიდი კაპიტალია.

აჩრდილების სახელები მიკამ არ იცის, ამიტომ,  „სიზმრის დემონებად“ მოიხსენიებს.

ალბათ, ისედაც გასაგებია – პირველად ისინი მიკას სიზმარში ეწვივნენ. ეჰ, სულ ტყუილად მოუყვა მამამ ძილის წინ სუპერ გმირზე (რომლის აღწერლობაც მიკასას საოცრად ემთხვეოდა), რომელმაც პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის დამპყრობელნი, გაცოცხლებული ქვის გარგულიები, დაამარცხა. პატარა კი გახალისდა და მამაც კმაყოფილი იყო – აქაოდა, რა მაგარი ზღაპარი მოვიფიქრეო, მაგრამ ის კი ვეღარ გაითვალისწინა, რომ ქვის ურჩხულების ზმანება მიკას ძილში ჩაჰყვებოდა.

მიკას საყვარელი ადგილი „მაკდონალდსი“ იყო და იმ ღამითაც სიზმარში სწორედ „ჰეპი მილის“ შეფუთვას ხსნიდა, როდესაც ჩრდილად შემოპარული ორი (მომავალში უკვე მოუშორებელი) სახე დაინახა. ჭამას  მოუკლო. ჰამბურგერს ნელა, გამაღიზიანებლად ნელა ღეჭავდა. გუმანი კარნახობდა, რომ, როგორც კი ბოლო ლუკმას გადაყლაპავდა, საშინელება დატრიალდებოდა.

საბედნიეროდ, მანამ გაეღვიძა, სანამ ჭამა დაამთავრა. ტირილი მორთო. ნაბიჯების ხმა გაიგონა. კარს მიაჩერდა – დარწმუნებული იყო, რომ დემონი გამოჩნდებოდა, ამიტომ სიხარულით ცას ეწია, როდესაც სიბნელეში ნამძინარევი დედის სახე გაარჩია, რომელიც გვერდით მიუწვა და მიკას ლოგინი თავშესაფრად აქცია.

მიკას ძალიან ენატრებოდა დედ-მამა და შურდა სარკის მეორე მხარეს დამწყვდეული ორეულის. რატომღაც ეგონა, რომ  იმ მიკას დედაც ჰყავდა და მამაც,  მათთან უდარდელად ეძინა და თუკი ღამე გაეღვიძებოდა, ძილს მარტივად შეიბრუნებდა. არადა, რა იცოდა მიკამ, რომ ისიც მიკა იყო – მასსავით ობოლი და  სევდიანიდა მარტოსული.

კარზე აკაკუნებენ – ერთხელ ნელა, სამჯერ ჩქარა.

ვიღაც დგება;

იატაკი ჭრიალებს.

მიკას ცნობისმოყვარეობა არ ასევენებს. კარისკენ ბრუნდება. საბნიდან თავს ჰყოფს. ძალიან ფრთხილად, ეშინია კვლავ აჩრდილების პირისპირ არ აღმოჩნდეს. ნიკო ხვდება – მისი კუზიანი ზურგი სხვაში ნაღდად არ აერევა. ვის ელაპარაკება არ ჩანს. მოსაცვამს ისხამს და ოთახიდან გადის.

დაბნეული საბნიდან ძვრება. კართან მიდის. ნაბიჯებს უყურადებს. როდესაც რწმუნდება, რომ კიბეზე ჩადიან იჭყიტება. დახუჭობანაა რა – ისინი იმალებიან, მიკამ უნდა იპოვოს. გულში ათამდე ითვლის.ეშმაკური ღიმილი დასთამაშებს.ჭკვიანი ბიჭია – ხვდება საითაც გაუწევიათ და საკუთარ თავს აქებს.

საძინებლები მეოთხე სართულზეა. პირველი და მეორე სართულები მასწავლებელბისთვის, დარაჯებისთვის და აღმზრდელებისთვისაა განკუთვნილი. რჩება მესამე სართული დიდი სივრცით,რომელიც ხან საცეკვაო ან სპორტული დარბაზია, ხან კი სულაც სტადიონი. რაც გინდა, სულო და გულო. თუმცა ეს  არ არის იმდენად საინტერესო, რამდენადაც მის გვერდით მიჭუჭყნული, პატარა ოთახი, რომელიც, ალბათ, თავდაპირველად გასახდელის ფუნქციას ასრულებდა, თუმცა, როგორც არ უნდა ყოფილიყო, ფაქტია, დღეს იქ გამოსაცვლელად არავინ დადის.  თითქოს  ეს ოთახი რაღაც ჯადოსნური ადგილია, რომელიც, ვისაც სჭირდება, იმას შეიფარებს ხოლმე.

მოკლედ, გადაწყვეტილია – უეჭველად იქ იქნებიან. ე, რა იციან, რომ კარში ნახვრეტია და მარჯვედ თუ მიუდგები, ყველაფერსაც დაინახავ. აი, მიკამ ეს იცის და ისედაც ჟღალს სახეზეც ალმური ედება.

ჩრდილები უახლოვდებიან.

ერთი მარჯვნიდან :

-ნელა მიკა! იატაკი დაძველებულია.

მეორე მარცხნიდან :

-ხმამ არ გაგცეს;

შიში იტანს. თავს აქნევს. ახლა უკან არ დაიხევს. ოთახში არ დაბრუნდება და საბანში არაფრის დიდებით დაიმალება! წარმოიდგენს, ვითომ დღეა. თითქოს ღრუბლებზე დგას და  კიბისკენ მართლაც უხმაუროდ მიფარფატებს.

აქამდე როგორ ვერ შეამჩნია – თოვს, როგორც მაშინ, ერთი წლის წინ.

ნაჭვრეტთან იკუნტება:

ხუთი ბავშვი დაჟანგული ფარნის გარშემო წრეზე ზის. ნიკოს გვერდით ალთეაა. გოგოებიდან უფროსი. აი, დანარჩენებს კი ვერ ცნობს. ო, ახლა, რომ რომელიმე მასწავლებელმა ან მომვლელმა ესენი დაიჭიროს, ხომ არ აცდებათ მწარე წკეპლა? მიკა, ნიკოს სიამოვნებით დაასმენდა, მაგრამ ალთეას საწინააღმდეგო არაფერი აქვს. პირიქით, ახსოვს, თავიდან, რომ მოვიდა, როგორ უკითხავდა ალთეა ბუხართან ზღაპრებს.

 

 

1 2