უცხო ბიჭი საუბრობს :

„…მე მითხრეს, სოფელს ღვთის რისხვა დაატყდაო.“ – დაბეჯითებული ტონით ამბობს.

ეგ არაფერი, თავიდან ყველას ასე უთხრეს. მიკამ მაშინაც ვერ გაიგო, რატომ უნდა წაეყვანა ღმერთს მისი დედა და მამა და არც ახლა ესმის. ახლა მოკუნტულია და  თოვლზე ფიქრობს.

ისე, არც ღვთის რისხვის ვარიანტია ბოლომდე უგულსაყოფელი. მართალია, მკვლევარები შეთანხმდნენ, რომ მოსახლეობი სიკვდილის მიზეზი მიაზმები (ლეშის ლპობის შედეგად გაჩენილი შხამიანი ანაორთქლი) გახდა, მაგრამ საიდან ან როგორ წარმოიქმნენ, ვერავის დაუდგენია.

საცხოვრებელში აკრძალულია წინა წელს მომხდარზე საუბარი. ბავშვებს კი, ბუნებრივია, კითხვები აწუხებთ. ალბათ, ამიტომაც შეიკრიბნენ. ყოველ შემთხვევაში, მიკა ასე ფიქრობს.

ალთეა აგრძელებს :

„მამა ისედაც არ მყავდა. დედა მზრდიდა. ძლივს მინახავდა. იმ ღამით ქალაქში ვიყავი. შემომაღამდა და ბიძასთან დავრჩი. კიდევ კარგი. მეორე დღეს დავბრუნდი. საზიზღარი სუნი ტრიალებდა. კარი ღია იყო, დედა კი მკვდარი დამხვდა.

არ მიტირია. სახეზე წვალება არ ეტყობოდა. გეგონებოდა, მშვიდად ეძინა. მის გვამს ვუყურებდი და ცოტა მშურდა.  ვფიქრობდი, ახლა  ლუკა-პური როგორ მეშოვნა“.

ნიკო ეპასუხება:

„ყველაფერი ამ დაწყევლილი ბავშვების ბრალია – ივაისი, ბერტასი და მიკასი“.

ო, საკუთარი სახელის გაგონება არ სიამოვნებს. შეკრებილები კი აგრძელებენ და აგრძელებენ. იხსენებენ თავიანთ გარდაცვლილ დედა/მამა/ბიძა/ბებია/ბაბუებს; მიკა კი ვერაფერს ხვდება. გონებას ძაბავს. იხსენებს, რა მოხდა ერთი წლის წინ – მოთოვა. დასასვენებლად ბებიასთან იყვნენ ჩამოსულები. დღისით ქალაქში უნდა დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ უამინდობის გამო დარჩენა მოუწიათ. მიკას ბუხართან ჩაეძინა, გაღვიძებულს კი სახლში სიცოცხლე ცეცხლთან ერთად ჩამქრალი დახვდა.

მიკას წარმოდგენა არ აქვს, რით არის ასეთი განსაკუთრებული და ამიტომ მე მოგახსენებთ – სინამდვილეში არც არაფრით. უფრო სწორად, იმით არა, რითაც ამ გამოშტერებულ ბავშვებს ჰგონიათ. უბრალოდ მიკას ჟღალი თმა აქვს, ურომლისოდაც ცხოვრება უფრო გაუმარტივდებოდა, რადგანაც დღემდე ამ პატარა სოფელში შემორჩენილი ცრუწმენის თანახმად, ჟღალი თმა ავი ჯადოქრების ნაბოძარია.  მაგრამ სულ ესეც არაა – ერთი წლის წინ, როდესაც სოფელში სიკვდილის ღრუბელი ჩამოწვა, დილით კი უამრავი სვავი გამოჩნდა,(ყველა ასე იწყებს, როდესაც მომხდარზე რაიმეს ჰყვება) ვერავინ გადარჩა მიკას, ივაის და ბერტას გარდა.

ჩვენი პატარა გმირის საუბედუროდ, ეს ორი მოვლენა ერთმანეთს საეჭვოდ დაემთხვა და როდესაც გადარჩენილები ბავშვთა სახლს მიაბარეს, ხალხი ალაპარაკდა – ეს ბავშვები ეშმაკის ნაშიერები არიანო. ალბათ, ნიკომაც ყური მოჰკრა ბოროტ ხალხს. მან დაარწმუნა დანარჩენებიც,  რომ მიკა, ბერტა და ივაისი, სხვა ყველასთან ერთად, ამ ღამით, ზუსტად წლის თავზე,  ცეცლხს უნდა მიეცათ.

სწორედ ხანძრის გაჩენაზე მსჯელობენ შეკრებილები.

აბა, როგორია,  ამაღამ რომ დაწვას გიპირებენ?

მიკასაც შიში იტანს.

მუცელი უბუყბუყებს.

საძინებლისკენ მირბის.

კიბეზე ფეხი უცურდება.

როდესაც აზრი უბრუნდება დარტყმას გრძნობს და უგონოდ ეცემა.

 

მიკას ჩახუთულობა  აფხიზლებს. ამოსუნთქვა უჭირს. ფილტვები დამძიმებია. ხველა უტყდება. სურათს არჩევს. ვერ ხვდება რამდენი დროა გასული. დაჟანგულ ფარანს ცნობს. კარის მეორე მხარესაა. ახლა ეს ოთახი გალიაა, მიკა კი მასში  გამომწყვდეული მსხვერპლი. ნახვრეტს უსწორდება. ალი თვალს სჭრის. ცეცხლის ენები ყველგანაა. მიკასთვის არავის უსწავლებია, როგორ უნდა მოიქცეს ხანძრის დროს.

მარჯვნიდან ხმა ესმის :

-ათამდე დაითვალე.

ერთი,ორი, სამი;

ხის კარს ცეცხლი ეკიდება. ოთახში კვამლია. გაქცევას აზრი არ აქვს. მიკა უკან იხევს. ყურადღების გადატანას ცდილობს. იატაკს დასცქერის, თითქოს ეკითხება: რა ხდება ამ ოთახშიო.  თოვლი! თოვლზე უნდა იფიქროს. გუნდაობაზე, ფიფქებზე და ციგაზე.

ალბათ, ნიკო და დანარჩენები უკვე გაიქცეოდნენ. გამარჯვებული სახეებით.  ნეტა სად წავლენ? რა მნიშვნელობა აქვს. არა, მე ვერაფრით გამიგია მათი საქციელის აზრი და აბა, ათი წლის მიკას რას ვთხოვ?

ოთხი, ხუთი, ექვსი;

სადმე დამალვა რომ შეეძლოს. ახლა ხვრელზე ოცნებობს, რაღაც კურდღლის ან თხუნელას სოროს მსგავსსზე, სადაც შეძვრებოდა და, როდესაც ცეცხლი გადაივლიდა, მაშინ გამოძვრებოდა. ასე მარტივადაც არაა. ჩიხშია. კედელზე სარკეა. ცივ ზედაპირთან შეხება. შვებას გრძნობს  – მხოლოდ წამით, შემდეგ კი მეორე მიკას უყურებს.

შვიდი, რვა, ცხრა;

როგორ ეზიზღება მიკას თავისი ორეული. თვალებშიუყურებს. მუჭებს ურტყამს, მაგრამ იმდენი ძალაც კი არ შერჩენია, რომ დაამსხვრიოს.

მარცხნიდან უახლოვდება :

-თვალები დახუჭე!

ათი!

 

მიკა სიგრილეს გრძნობს. რწმუნდება რომ უსაფრთხოდაა. თვალებს ახელს. სარკის მეორე მხარესაა – ძალიან შორს , მაგრამ ძალიან ახლოს.

ახლა მშვიდად აკვირდება, როგორ ედება ცეცხლი ოთახს და შეუძლია დაიფიცოს, რომ საიდანღაც განწირული ყვირილიც ესმის. მიკა ვერ ხვდება, სად არის, რა მოხდა ან რა შეიცლვალა. სიზმრის გადმონაშთ ურჩხულებს  უყურებს და გაუჩერებლად ერთსა და იმავეს ბუტბუტებს :

ეს რა ამბავია?

ეს რანაირი რამეა?

 

 

 

1 2