ფერად და კაფანდარა კლარას არაფერი მოჰქონდა სახლში, სიყვარულით თავდავიწყებულს ზურგი ექცია ყოველგვარი მერკანტილურისთვის და სომბრეროიან რომეოსთან ერთად იჯდა ეკლესიის ბაღში, ან ეკლესიაში იდგა გაყურსული, კავალერთან ხელჩაკიდებული, რელიგიის და ნაგვიანევი, წმინდა ვნების ბანგში გახვეული და თვალაციმციმებული….

       საღამოს ყველა ერთად წვებოდა დიდ ტახტზე. გაშიშვლდებოდნენ, შუაში თავიანთ კაცს, მერერომოკვდას ჩაიწვენდნენ და მათ სიშიშვლეში და სიახლოვეში არ იყო მისხალიც სიბილწისა და გარყვნილებისა. და უყურებდნენ პატარა ტელევიზორს, ფრიდას მოტანილ სიგარეტს აბოლებდნენ და მერერომოკვდას ნაშოვნ დასალევს წრუპავდნენ, შემდეგ კი, ალკოჰოლით გამხიარულებულნი, საუბრობდნენ და ხითხითებდნენ იმ ონავარი ბავშვებივით, რო არ ეძინებათ და ძალით ჩააწვინეს ლოგინში, და იყვნენ ბავშვივით ლაღნი და ბედნიერნი.

      და იყვნენ ხუთნი. სანამ მერერომოკვდა ღვიძლის დაშლით არ მოკვდებოდა. სანამ არ წამოაწვენდნენ მარტოს და მკვდარს იმ ტახტზე,  ხუთივეს რო ერთად ეძინათ. ხუთიდან სამნი წავიდნენ კუბოს საშოვნელად: დედოფალი, ფერადი ჩიტი კლარა და ჯადოქარი ფრიდა.  ჟღალი და ყრუ კატა იურა კი ჭირისუფლად დაუტოვეს მერერომოკვდას. მივიდნენ მეკუბოვესთან, რომელიც ჭერამდე ახორავებულ, სხვადასხვა ზომის კუბოებს შორის მაგიდასთან იჯდა და რაღაცას ანგარიშობდა. თვალი აარიდეს სულ პატარა, კოხტა კუბოებს და მეკუბოვეს მოახსენეს, რო მერერომოკვდა აღარ სუნთქავდა და ოთახში, ტახტზე იწვა მკვდარი, და მისთვის ჭირდებოდათ ყველაზე იაფი და სადა კუბო. მეკუბოვემ ქაღალდებიდან თავაუწევლად უთხრა კუბოს ფასი და ქალებს ცრემლი მოადგათ თვალზე. შემდეგ ხუთეულიდან ერთმა, ჯადოქარმა ფრიდამ მეკუბოვეს ცხვირთან გაუფშიკა თავისი ქათმისფეხა ხელი, ზედ ახუნძლული ბეჭდებით და შესთავაზა, რომელი ბეჭედიც უნდოდა, აეღო კუბოს ფასში. თუნდაც ორი ბეჭედი. ან თუნდაც ყველა. მეკუბოვემ ახლაღა შეათვალიერა ხუთეულიდან სამი. შემდეგ ბეჭდებს გადახედა და გაეცინა. იჯდა ასე, ჭერამდე ახორავებულ კუბოებს შორის სკამზე გადაწოლილი და ხარხარებდა სულმოუთქმელად, წინ კიდევ სამი თავჩაღუნული, ხანშიშესული ქალი ედგა… კლარას სატრფომ, სომბრეროიანმა რომეომ უშოვათ საიდანღაც კუბო და ადგილი მიყრუებულ სასაფლაოზე.

      და იყვნენ ხუთნი. სამი ქალი სკამებზე ისხდა მიცვალებულის წინ. ჟღალი კატა იურა ფეხებთან ეწვა მკვდარს და ტერფებს უთბობდა, როგორც ადრე, სანამ ამ სახლს შემოეფარებოდნენ, როცა ისა და კაცი მხოლოდ ორნი იყვნენ და ძალიან სციოდათ. ისხდნენ სკამებზე  ჩუმად და შეჰყურებდნენ  ღია კარს, მაგრამ არც ერთი ჭირისუფალი არ შესულა მათ ბინაში. საღამოხანს შემოვიდა მარტო ერთი, წესისამებრ წრე დაარტყა მიცვალებულს, ერთხანს მორიდებით იდგა და ფეხს ინაცვლებდა და ბოლოს ჩუმად თქვა: – ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ბინა უნდა დაცალოთ, სახლს მყიდველი გამოუჩნდა, ამ თვის ქირას კი არ გამოგართმევთ…

     არც ერთს ეცვა ძაძები და არავინ კითხულობდა ფსალმუნებს. კუბოს ალბათ ხვალ მოიტანდა მანქანით რომეო. გვიან ღამით, შეთანხმებულებივით, უხმოდ გაიხადეს ტანზე, თავიანთ მკვდარ კაცს მიუწვნენ და საბანი წაიფარეს.

    და იყვნენ ხუთნი და ელოდნენ დილას.

1 2