მერე რო მოკვდა, იმის ჩათვლით ხუთნი იყვნენ: სამი ქალი, კატა, და მერე რო მოკვდა, ეგა. თავიდან ერთი ქალი ცხოვრობდა მარტო. ქირით. დედოფალს რო ჰგავდა. დახეული, ძველი ფეხსაცმელებით და ვედროთი და იატაკის საწმენდი ჯოხით ქუჩაში მოსიარულე – მაინც დედოფალს  რო ჰგავდა. შეიძლება იმიტომაც, რო ქუჩაში ძირითადად დილასისხამ, დიდი გარინდების  ჟამს თუ გამოჩნდებოდა, და ამ დროს უკანასკნელი უპოვარიც კი მეფეს ემსგავსება, ან წმინდანს, და როგორც ფრესკაზე, ისე მოუჩანს მარტოობის შარავანდედი, კანს, გარსს გამოცილებული ანაორთქლი სულისა. და შეიძლება დედოფალს ხალხმრავალ ქუჩებში და ღრიანცელში რო ჩაევლო, სულაც არ ყოფილიყო აესე, დედოფალივით, დილასისხამ კი სავარჯიშოდ ძლივსტრაკაწეული მავანი ღიპიანი და ფულიანი ძიაკაციც კი მოუხრიდა ქედს შეხვედრისას და ესეც ოდნავი თავის დაკვრით მიესალმებოდა. ხანდახან  გამოჰყვებოდა სკოლამდე – სადაც ალაგებდა, სადაც მუშაობდა – ჟღალი და ყრუ კატაც, ხუთეულიდან ერთ-ერთი, იურად სახელდებული, და ამ თავისი სიყრუის გამო უფრო მეტი და მკვეთრი ინდივიდუალიზმით გამოხატული სულიერი, ვიდრე, ზოგადად, კატების მოდგმა ხასიათდება. და ასევე, ისევ ამ თავისი სენის, სიყრუის გამო, პოტენციურ შიზოფრენიკად ქცეული: ხანდახან სრულიად უმიზეზოდ აიფხორებოდა, აჯაგრავდა კუდს და უხილავ და არარსებულ მტერს ელოდა. ან კიდევ პირიქით – არხეინად იჯდა შუა ქუჩაზე, რაიმეს ღრღნიდა და აინუნშიც არ აგდებდა მანქანის სიგნალებს და სხვა კატების გამაფრთხილებელ ჩხავილს. ჰოდა, დილასისხამ ჩამოივლიდნენ დედოფალი და ყრუ კატა იურა, როგორც უხილავ, მშვიდ დერეფანში, და შლეიფად ტოვებდნენ ცხოვრების სურნელს…

     მერე რო მოკვდა, იმის ჩათვლით ხუთნი იყვნენ: დედოფალი და ორი ქალი, ჟღალი და ყრუ კატა – იურა და მერე რო მოკვდა, ეგა. მეორე ქალი, კლარა, ესეც დედოფალივით ხანში შესული – იყო ჩიტი და ჩიტივით ფერადი, და ჩიტივით მოსიარულე: ხტუნავდა თითქოს სიარულისას. კლარას არ უყვარდა ალბათ დილა და ალბათ აფრთხობდა თავისი სიმარტოვე, რამეთუ ქუჩებში მოჩანდა შუადღის მერე, ხალხში, ხმაურში. კლარას არასდროს დაჰყვებოდა ჟღალი და ყრუ კატა იურა, მაგრამ კლარას დაჰყვებოდა თაყვანისმცემელი, სახელად რომეო, ქონდრისკაცივით დაბალი და დიდთავა მოხუცი, სულ ვესტერნულ შავ სომბრეროს რო ატარებდა და არა ვესტერნების ეშხით, არამედ ფრიად მერკანტილური მიზეზით – რატომღაც მზეს ვერ ჰგუობდა მისი სახისკანი და სომბრეროს ჩრდილში იფარავდა, თუმცა მაინც ლოთივით იყო აწითლებული. და კლარას ერთი ჩვევა ებადა უცნაური: თუ მიესალმებოდა ვინმე, თავს ჩაღუნავდა, ფეხს აუჩქარებდა და უმძრახად, უსიტყვოდ ჩაივლიდა, მაგრამ მერე, უკვე კარგა მანძილზე გაცდენილ მოსალმეს უკან აედევნებოდა ფეხაკრეფით, უცებ აეტუზებოდა ცხვირწინ და გულითადად მიესალმებოდა ესეც, მოიკითხავდა. კლარა არსად არ მუშაობდა და დადიოდა მხოლოდ ეკლესიაში, და მთელ დღეს ეკლესიაში ატარებდა: იდგნენ კლარა და რომეო, ეს თავსაფრით და ის – ხელში სომბრეროთი. იდგნენ და იდგნენ გაყუჩებულნი, ხელიხელჩაკიდებულნი და რომელიმე ხატის წინაშე, რელიგიურ ექსტაზში იოხებდნენ თავიანთ ნაგვიანევ და უძალო, წმინდა ვნებას…

       მერე რო მოკვდა, იმის ჩათვლით ხუთნი იყვნენ: დედოფალი და კლარა, კიდევ ერთი ქალი და ჟღალი, ყრუ კატა, სახელად იურა, და მერე რო მოკვდა, ეგა. მესამე ქალს ერქვა ფრიდა, იყო იეზიდი და ესეც ხანშიშესული. ქუჩაში გამოდიოდა მარტო ისეთ ჟამს, როცა სასაცილო არ გამოჩნდებოდა – შებინდებისას ან ღამით. შავად მოსილი, შავი შლაპით და შავად დატუშული თვალებით, დამჭკნარ, ქათმისფეხა ხელებზე ასხმული უამრავი მოელვარე ბეჭდით. გამოვიდოდა შებინდებისას სარჩობელაზედ, ანუ სიგარეტის ღერების და ხურდა ფულის მოსაძიებლად და ავი სულივით დასავსავებდა ბნელ შუკებში, თან რაღაცას ბუტბუტებდა თავისთვის. დროდადრო გვერდით ჩავლილ გამვლელს უცერემონიოდ სტაცებდა ხელს, გაუშლიდა ხელისგულს და უწინასწარმეტყველებდა მომავალს, შემდეგ კი ააფცქვნიდა ხურდას ან სიგარეტს და შემდეგი მსხვერპლის საძიებლად გააგრძელებდა ბოდიალს. ხანდახან ამასაც აეკიდებოდა ხუთეულიდან ერთ-ერთი, ჟღალი და ყრუ კატა იურა. იურას უყვარდა საღამოხანი და ფრიდასთან ერთად ხეტიალი, რადგან ფრიდა ყოველთვის შედიოდა გულიკოს მაღაზიაში, სარდაფს რო ჰგავდა და რამდენიმე იმუბნელის გარდა არავინ იცოდა მისი არსებობა – იმ მაღაზიაში, სადაც სასწორზე თვლემდა მისი მეგობარი, შავ-თეთრი კატა მაქსი, და სადაც ყოველთვის ეგულებოდა კუთხეში მიდგმული ჯამი კატების საკვებით. და ხანდახან აეკიდებოდა იურა ფრიდას, მაგრამ ფრიდას მაინცდამაინც არ უყვარდა ჟღალი კატა იურა: ეგონა, მისტიურ იერს მთლიანად უქარწყლებდა იურა, თავისი სიჟღალით და გაუთავებელი კნავილით და ის კი ავიწყდებოდა ფრიდას, ღამით რო ყველა კატა ნაცრისფერია…

      მერე რო მოკვდა, იმის ჩათვლით ხუთნი იყვნენ: დედოფალი, კლარა, ფრიდა, ჟღალი და ყრუ კატა იურა და მერე რო მოკვდა, ეგა. მერერომოკვდა უყვარდა ყველაზე მეტად იურას, რადგან იურა და მერერომოკვდა ყველაზე ბოლოს შემოუერთდნენ ხუთეულს, მანამდე კი, ალაჰმა უწყის, რა თავგადასავლებში გახვეულან ერთად იურა და მერერომოკვდა, ასე რომ, მერერომოკვდასთან არასოდეს იტყუებოდა იურა, როგორც კატები ტყუიან ხოლმე ადამიანებთან და სინამდვილეში კი ფრიად უნდილი და გულქვა არსებანი გახლავან; მერერომოკვდასთან  იურა არასდროს კნაოდა, არაფერს ითხოვდა, არც კრუტუნებდა და არც თავს უგლასუნებდა, და ის იყო, რაც სინამდვილეში იყო, იმიტომ რო იურა და მერერომოკვდა იმდენ ხანს იცნობდნენ ერთმანეთს, სულაც აღარ იყო საჭირო თავის მოკატუნება და ქლესობა. და ხანდახან მერერომოკვდა და იურა დიდხანს შეჰყურებდნენ ერთმანეთს თვალებში და არაფერს ამბობდნენ. იურა უკვე კარგა ხანია გრძნობდა, მერერომოკვდა მერე რო მოკვდებოდა, მალე რო მოკვდებოდა. მერერომოკვდამაც იცოდა ეს, მაგრამ არც გაბოროტებულა, არც დამფრთხალა. დადიოდა გაქონილი პიჯაკით დილა იქნებოდა თუ ღამე, და ხანდახან, როცა გარშემო არავინ ეგულებოდა, კეთილი, ხორხისმიერი, ბუბუნა ხმით მღეროდა რუსულ ჯარისკაცულ სიმღერებს – თავადაც რუსი გახლდათ, თუმცა იმუბნელებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ მის ეროვნებაზე და მერერომოკვდა იმ უბანში ყველას ეგონა მუნჯი, რადგან მერერომოკვდა ლაპარაკობდა მხოლოდ მშობლიურ, რუსულ ენაზე, რის გამოც ერთხელ სასიკვდილოდ ცემეს რომელიღაც ზღვისპირა ქალაქში, სახეში წიხლები აზილეს და ოკუპანტი უძახეს, ამიტომ მერერომოკვდამ უარი თქვა ხმის ამოღებაზე, თავი გაასაღა მუნჯად და  მხოლოდ მაშინ, როცა გარშემო არავინ იყო, ან საღამობით ხუთივენი ისხდნენ ძველი იტალიური ეზოს მყუდრო პატარა ოთახში, ამოიღებდა ხოლმე ხმას და მღეროდა ძველ რუსულ ჯარისკაცულ სიმღერებს, თან არაყს წრუპავდა და დედოფალს შეჰყურებდა ნაზად. თავის დედოფალს.

     და იყვნენ ხუთნი: მერერომოკვდა, დედოფალი, კლარა, ფრიდა და ჟღალი და ყრუ კატა იურა. იტალიური ეზოს სულ ზედა სართულზე, ერთ ოთახში ცხოვრობდა ყველა და არ ეკარებოდნენ მეზობლებს. არც მეზობლები ეკარებოდნენ ამათ. და ყველას თავისი საქმე ჰქონდა: დედოფალი იხდიდა ბინის ქირას, ფრიდა შოულობდა სიგარეტს და პურს,  მერერომოკვდა იქვე, უბანთან მიდგმული მთის კალთებზე დაეხეტებოდა და ტურისტულ ბილიკებზე ეძებდა ტურისტების მიერ დაკარგულ ნივთებს, საფულეებს თუ მობილურ ტელეფონებს, საპიკნიკე ადგილებზე პოულობდა ღრეობას გადარჩენილ ნარჩენ სასმელს ბოთლებში და ერთ ბოთლში გადმოიწურავდა ხოლმე: შაბათ-კვირაობით თითქმის პირამდე ავსებდა ნაირ-ნაირი ალკოჰოლური სასმელით თავის ბოთლს. მობილურებს ჯერ ამოწმებდა, ფოტოგალერეაში შევიდოდა და თუ ბავშვის ფოტოებს ნახავდა, აუცილებლად აბარებდა მობილურს საპატრულო პოლიციას. ათვალიერებდა ფოტოებს და უპოვარი ადამიანის უტყუარი და გამძაფრებული ალღოთი ხვდებოდა, რომელი მობილური წაეღო ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე ნაცნობ გადამყიდველთან და რომელი ჩაებარებინა პატრულისთვის. დაეხეტებოდა ასე ტყეებში, არაყს წრუპავდა, აგროვებდა სამყაროს მიერ მისთვის მოგდებულ ნამცეცებს და ფრთხილად მღეროდა რუსულ ჯარისკაცულ სიმღერებს, ჟღალი და ყრუ კატა იურა კი წინ მიუძღოდა და თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა, რადგან ხანდახან ტყეში მაწანწალა ძაღლების ჯგუფიც გამოჩნდებოდა ხოლმე, ამათსავით, სარჩობელაზედ გამოსულნი…

 

 

1 2