მსოფლიო კინოს ერთ-ერთი გამორჩეული მსახიობი, ბრუნო განცი, 80 წლის შესრულდებოდა. მრავალწლიანი კარიერის მანძილზე, მან არაერთი დასამახსოვრებელი არქეტიპი და საკულტო სახე შექმნა, თუმცა დღეს ჩემ პერსონალურ ფავორიტზე მინდა ვისაუბრო, საოცრად ენიგმატურ, სტილურ და პოეტური ატმოსფეროთი გაჟღენთილ ფილმზე, ახალი გერმანული კინოს სანიმუშო წარმომადგენელზე, ვიმ ვენდერსის ნაწარმოებზე სახელწოდებით „ამერიკელი მეგობარი“.

სურათი მხატვრულ ლიტერატურაში ფსიქოლოგიური ტრილერების დიდოსტატის, პატრიცია ჰაისმიტის ირიბი ადაპტაციაა. ფილმის მთავარი პერსონაჟი ტომ რიპლია, რომელიც შეიძლება გახსოვდეთ, ალენ დელონის მიერ განსახიერებული, ფილმში „კაშკაშა მზე“, ან უფრო პოპულარული ვერსია, მეთ დეიმონის ხორცშესხმით, ფილმიდან „ნიჭიერი მისტერ რიპლი“. თუმცა ამას როგორც ინფორმაციულდეტალს ისე გიყვებით, საბოლოოდ აქ მოთხრობილი ამბავი რეჟისორის ავტონომიური წარმოდგენაა, სადაც ადაპტაციაზე მეტად უფრო სწორი იქნება ვიხმაროთ სიტყვა „მოტივებზე დაყრდნობით“. ვენდერსი ჰაისმიტის მოტივებს სესხულობს, პერსონაჟების სახელებს და მათ ფსიქოლოგიურ ანატომიას და გარდაქმნის თავის პირად და ინტიმურ ისტორიად.

ვენდერსის ფილმოგრაფიაზე დაკვირვებისას, შეგვიძლია დავინახოთ, რომ მისთვის ამერიკა ძალიან მნიშვნელოვანია, ოღონდ ამერიკა არა როგორც გეოგრაფიული ერთეული, არამედ როგორც იდეა. წარმატების იდეა, ბიზნეს იდეა, ფლირტი, მომხიბვლელი არშია სტანდარტულ პროდუქტზე, პოლიტიკური ჩიზბურგერი, გემრიელი, მაგრამ ჯანსაღი ინგრედიენტებისგან დაცლილი, თეორია, რომელიც დემოკრატიის პოსტერს წარმოადგენს დანესტიანებულ კედელზე წუნის დასაფარად.

ფილმის მოქმედება ნიუ იორკში იწყება, მთავარი პერსონაჟი ტომ რიპლი მითიური ამერიკული გმირია კოვბოის ქუდით და ელეგანტური გარეგნობით. მისი მომხიბვლელობა კრიმინალურ საქმიანობასთან იდეალურ სინთეზშია, ლამაზი შეფუთვაა მანკიერ შიგთავსზე. ის აუქციონზე გაყალბებული მხატვრული ტილოების გაყიდვითაა დაკავებული. პირველივე სცენაში რიპლი რეპროდუქციების ავტორთან მიდის სტუმრად, რომლის როლსაც ლეგენდარული ამერიკელი რეჟისორი, ნიკოლას რეი თამაშობს. ვენდერსი ფილმის კასტინგს კონცეპტუალურ დატვირთვას ანიჭებს, რეის გარდა, აქ იხილავთ კიდევ ორ საკულტო რეჟისორს, სემიუელ ფიულერს და ჟან უსტაშს, რომლებიც აგრეთვე კრიმინალურ აქტივობაში არიან ჩაბმულნი. ამერიკული და ფრანგული კინოს კოლოსები წვრილმანი კრიმინალები არიან, რომლებიც საზოგადოებას ატყუებენ და მათ კულტურულ და მორალურ გარყვნას ეწევიან. სამივე ზემოთთქმული რეჟისორისათვის არაერთხელ წაუყენებიათ მსგავსი ბრალდებები, ამიტომ ჩავთვალოთ, რომ ისინი რეალურად საკუთარ თავს განასახიერებენ, დარწმუნებული ვარ ვენდერსიც როლების დაახლოებით ასეთი აღწერით დაითანხმებდა მათ ფილმში მონაწილეობაზე.

ტომ რიპლის ვიზავი იონათან ციმერმანია, ნახატის ჩარჩოების ოსტატი, ღირსების ადამიანი, რომელიც ლეიკემიითაა დაავადებული. რიპლი მას მაფიოზურ საქმეში ჩაითრევს და კრიმინალური სინდიკატისთვის დაქირავებული მკვლელის როლს მოარგებინებს. რიპლი იაზრებს სიკვდილის კონცეფციას და სწორედ ამას იყენებს ციმერმანის თანხმობის მისაღებად. აქ ვენდერსი ჟანრულ კინოს ელემენტებს მარტინ ჰაიდეგერის ფილოსოფიას უმატებს და სიკვდილის გააზრებით სიცოცხლეში დაბრუნების თეზისი შემოჰყავს მოქმედებაში. იონათანი მშვიდი, მეოჯახე, მშრომელი კაციდან გადაიქცევა კრიმინალად, განგსტერების მკვლელად. გაიაზრებს რა სიკვდილის გარდაუვალობას, იმ ფაქტს, რომ სხვა ადამიანები ვერ დაიხსნიან არარაში გადავარდნისგან, ის შეწყვეტს სხვებისთვის ცხოვრებას და ალბათ პირველად დიდიხნის მანძილზე იგრძნობს, რომ ჯერ კიდევ ცოცხლობს, იგრძნობს გაძლიერებულ გულისცემას არა იმიტომ, რომ სიკვდილის შიში ააღელვებს, არამედ იმიტომ, რომ ცხოვრებისეული ვნებები გაუმძაფრდება. ხო, ისევე, როგორც მრავალი წლის შემდეგ უოლტერ უაითს სერიალში Breaking Bad.


ვენდერსი იმდენად საინტერესო, კომპლექსურ და ქარიზმატულ გმირებს ქმნის, რომ მაყურელის მორალურ კომპასს დეზორიენტირებულს ტოვებს. გვანერვიულებს არა იმ ფაქტზე, რომ ფილმის გმირი ადამიანს კლავს, არამედ იმაზე, რომ ჩადენილი დანაშულის შემდეგ ის არ დაიჭირონ. რეჟისორი დეზინფორმაციის მნიშვნელობაზეც საუბრობს, თუ როგორ ცვლის ცხოვრებაზე წარმოდგენებს არასწორი თუ არასრული ინფორმაცია კონკრეტული გaრემოებების შესახებ. და ისიც თვალნათლივ იკითხება ფილმში თუ როგორ ხედავს ამერიკული კულტურის გავლენას ევროპაზე. რიპლი როგორც მითიური ამერიკელის სიმბოლო, მომხიბვლელი და ფსიქოტური, მორალურად რყვნის გერმანელ გმირს, მაგრამ ამასთან მისი მონოტონური და დამშვიდებული სიცოცხლის თავგადასავლებით და დინამიკით ავსებას ახერხებს.

ლანდშფტების და არქიტექტურის აღწერაში ვიმ ვენდერსი განსაკუთრებული მოვლენაა, თუმცა გარემო ესთეტიკის პოეტურობას პირველ რიგში ის თავისი ოპერატორის, რობი მიულერის კამერით გადმოსცემს. მიულერის კადრის განათება, სტრუქტურა და კამერის მოძრაობა პირადი ცხოვრების ინტიმური ჩანახატებია, რომელთან სიახლოვეც განსაკუთრებულობის შეგრძნებას აჩენს, რადგან ყოველდღიურობის აღმწერი კადრები, იქნება ეს კორპუსის ფასადები, ვიწრო ქუჩები თუ ბნელი ოთახები, უმაღლესი სტილის გრძნობითაა აღწერილი, თითქოს ერთი შეხედვით ბანალურ სივრცეებსა და საგნებში მხოლოდ მიულერის და ვენდერსის თვალი ახერხებს მშვენიერების დანახვას.

ფილმი როგორც ვიზუალურად, ისე თემატურად საგრძნობლადაა შთაგონებული ედვარდ ჰოპერის ნახატებით. ჰოპერის გმირებიც მარტოსული, მელანქოლური განწყობის მატარებელი გმირები არიან, სასადილოებში, სასტუმრო ოთახებსა თუ ბენზინგასამართ სადგურებში, ჰოპერი ხატავდა მისტიურობით სავსე ადამიანებს, რომელთა შემხედვარეც მრავალგვარი ასოციაცია ჩნდება მათი ცხოვრების შესახებ. ვენდერსიც თავის გმირებს წარსულის გარეშე გვაცნობს, მათი გაშიფვრა და წარსული ისტორიების მოფიქრება კი მაყურებლის ფანტაზიის სარბიელზე რჩება, რაც კიდევ უფრო საინტერესოს და მომნუსხველს ხდის ნამუშევარს.

დენის ჰოპერი და ბრუნო განცი მთავარ როლებში საოცარი ქარიზმატულობით აცოცხლებენ თითქოს ჰოპერის ნახატებიდან გადმოსულ გმირებს. მათი კავშირი, რომელიც მეგობრობის და კონფლიქტის, ურთიერთსიყვარულის და მტრობის და ცხოვრების დრაივის ძიების ელემენტებს თანაბრად კვეთს, ერთ-ერთი საუკეთესი ეკრანული დუეტია კინემატოგრაფის ისტორიაში. ამერიკული ნუარის და ევროპული კინოს წყნარი რიტმის იდეალური სიმბიოზი, პირველივე წუთებიდან გახდება თქვენი მეგობარი, ბრუნო განცის ემოციური ტრანსფორმაცია და ლამის მედიტაციური გაქანების შესრულება კი დაუვიყარ იმიჯებს დაგიტოვებთ გონებაში.