ბრიუს ლი, ჩვენთვის უფრო – “ბრუსლი”, პოპკულტურის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იმიჯი და სახეხატია. კულტურის კვლევებში, შეიძლება ითქვას, ვიზუალური მედიისა და პოპკულტურის მეცნიერულად შესწავლისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონაჟიცაა. გარდა საყოველთაო პოპულარობისა (სუვენირების, პოსტერების რეკორდული გაყიდვები და ა.შ.), ის მრავალ ფილმში, ვიზუალურ ნაწარმოებში, წიგნსა თუ კულტურის სხვა პროდუქტში  გვევლინება რეფერენსად. ამისი ყველაზე ნათელი მაგალითი, ალბათ, ტარანტინოს “kill bill”-ია. კარლ იასპერსი ამბობდა პლატონზე, რომ დასავლური ფილოსოფია სხვა არაფერია, თუ არა პლატონის ციტირებაო, ჩვენ პლატონის სიდიამდე ვერაფრით მივედითო. როგორც პლატონია ფილოსოფიისათვის, დაახლოებით ისეა ბრიუს ლი პოპკულტურისათვის. არსებობენ ადამიანები, რომელთა მოღვაწეობაც, ცნებად, მეტონიმად იქცევა ხოლმე. მაგალითად, როდესაც ბავშვი კარგად თამაშობს ფეხბურთს, მას მარადონას ადარებენ. მარადონა სუპერფეხბურთელობის სიმბოლოა. ასეა ბრიუს ლიც, ის კუნგ ფუს არათუ ჩვენამდე მომტანია, არამედ, თვითონაა კუნგ ფუ. მისი არსებობის გარეშე, შეიძლება არაფერი გვქონოდა  გაგებული კუნგ ფუს შესახებ. ბრიუს ლი ყველაზე დიდი ორიენტალისტური ხიდია. ბრიუს ლიმ დასავლეთს, ევროცენტრისტებს შესთავაზა და დაანახა აზიური კულტურა და ფილოსოფია. და კიდევ, ყველაზე მნიშვნელოვანი –  მან დღის წესრიგში შემოიტანა ჰიპერფიტნესი, ადამიანის სხეულის კულტურა. ლიმდე ფიტნესი და სხეულის მუსკულატურა არ იყო აქტუალური. მან ერთგვარი ესთეტიკა დააფუძნა, რომელიც 21-ე საუკუნის ევოლუციურ მიზნად ითარგმნა, ქალისთვისაც და კაცისთვისაც – ფიტნეს სხეულის ქმნადობის კულტად.                                                                    

 

მთარგმნელისაგან

 

(ნაწყვეტი წიგნიდან „ბრიუს ლის თეორიტიზაცია“)

დევის მილერი აღწერს იმ მომენტს, როდესაც პირველად ნახა ეს ფანტასტიკური, ძალიან მძლავრი ფიგურა – ბრიუს ლი: იმ საღამოს “დრაკონის გამოსვლის” ჩვენება იყო. წითელი “უორნერ ბრაზერსის” ლოგო ანათებდა. იქ იდგა ისიც. მის გარშემო ყველაფერი მდუმარებით იყო მოცული. ჰაერის ხმა ისმოდა და მისი მოცულობა ნელ ნელა იზრდებოდა კადრის ცენტრში. ეს კაცი. ჩემი კაცი. დრაკონი. ერთი წუთის შემდეგ, ბრიუს ლიმ თავისი პირველი დარტყმა გვიჩვენა. მასთან ერთად ძალმოსილება გამოსჭვიოდა ბრიუს ლის მუცლიდან, ის ეფექტს ახდენდა არა მარტო ოპონენტზე, არამედ დარბაზზეც. ქარიც საკუთარ საქმეს ასრულებდა. ხელები მომეკვეთა. ამის შემდეგ ბრიუს ლიმ დაიწყო თავისი პირველი პერფორმანსი. პირი ღია დამრჩა. ამ კაცს შეუძლია ფრენა, არა სუპერმენის მსგავსად – არამედ უკეთესად. მისი ხელები და მისი თითები ცას წვდებოდა. კი, კი, ნამდვილად უკეთესად გამოსდიოდა: ეს არ იყო უბრალოდ კინო, მის ყველა მოძრაობაში იყო რეალობის მარცვალი. მისი ყურება მაშინ სიზმარივით იყო . ბრიუს ლი არავის ჰგავდა.

ნამდვილად ასეთი ფანტასმაგორული ფიგურაა ბრიუს ლი კულტურისათვის. მილერი ამბობს, რომ ბრიუს ლი არის “სახე უსახურობის, როგორც ღმერთი”. მილერის აზრით, ლი განასახიერებს “უკანასკნელ, არაეთიკურ, არაკვალიფიციურ გმირს, დიად ფიგურას” იმ პირობებში, როცა ამას ძალიან ცოტა ახერხებს. ბრიუს ლი, ისეთი ხატსახეების  გვერდითაა, როგორიცაა იესო, ბუდა, მუჰამედი. ხოლო, მეოცე საუკუნიდან, მხოლოდ ოთხი ადამიანი თუ შევა ამ სიაში: ადოლფ ჰიტლერი, მუჰამედ ალი, ელვის პრესლი და დიახ, ბრიუს ლიც. ბევრს შეიძლება გაუკვირდეს მსგავსი სია, მაგრამ  ბრიუს ლის მრავალი ბიოგრაფი, მკვლევარი და ფანი, მათ შორის მილერიც, იყენებს ყველაზე მთავარ არგუმენტს – “მის შესახებ ყველამ იცის”. “მისი ორაზროვანი რეპუტაცია, როგორც მეოცე საბრძოლო ხელოვნების ღმერთის, ცნობილია ყველგან, ყველა რეგიონში, ქალაქში, სოფელსა თუ სხვაგან, ნებისმიერ ადგილას პლანეტაზე”. დიახ, ესაა პირველი და ყველაზე მძლავრი არგუმენტი მისი ფიგურის შეფასებისას, მეტიც, უფრო ბევრნი იყვნენ, ვინც   ბრიუს  ლი, სუვენირებიდან, მითებიდან, ზეპირსიტყვიერებიდან გაიცნო, ვიდრე  ისინი, ვისაც მისი  ფილმები ენახათ. ეს ასე იყო და სანამ მსოფლიო დიდებას მოიპოვებდა ფილმით “დრაკონის გამოსვლა”, იგი  მანამდე მოკვდა, ისე, რომ ფილმი კი ჯერ კიდევ არ იყო დარელიზებული რიგ ქვეყნებში. ანდრე ბაზენის მიხედვით, ფილმის იკონი, ფილმის სახეხატი, ფილმის სიმბოლო “აღარ არის “ადამიანი”, ის შედის იმ ტრანსცენდეტურ სივრცეში, სადაც მკვდარი ღმერთები და ცოცხალი გმირები იმყოფებიან. კინემატოგრაფის უცნაური ძალა იმაშია, რომ მას უკუძალის ეფექტი აქვს, მას შეუძლია “ყოფიერება გადააქციოს იმიჯად, რომელიც შემდეგ ხდება წარსული ან მკვდარი რამ”. ბაზენისთვის “მხოლოდ სიკვდილია უფრო დიდი და მეტი სიცოცხლეზე”.

1 2