27 ნოემბერს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იკონური ფიგურა, ბრიუს ლი, 80 წლის გახდებოდა. ბავშვობის გმირის პატივის მისაგებად, დღეს მის საუკეთესო ფილმზე, პოპ კულტურის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ხატმწერ ნაწარმოებზე, „დრაკონის გამოსვლა“-ზე მოგიყვებით. ფილმის სიუჟეტი ერთი შეხედვით მარტივ მოცემულობაზე დგას, ბრიუს ლის პერსონაჟი, სახელად ლი, მიემგზავრება კერძო მფლობელობაში მყოფ კუნძულზე, სადაც საერთაშორისო კრიმინალი, ჰანი, მართავს სასიკვდილო ჩემპიონატს საბრძოლო ხელოვნებაში. ამ სიუჟეტს შემდეგ გასართობი ინდუსტრია მრავალჯერ გამოიყენებს, ვან დამის ფილმებიდან ვიდრე „სასიკვდილო ბრძოლამდე“. თუმცა ყველა სხვა მიმბაძველისგან განსხვავებით, დრაკონის გამოსვლა მრავალშრიანი და ფართოდ ინტერპრეტირებადი ნამუშევარია.

დასაწყისში ფილმის მთავარი ფილოსოფიური პოსტულატი გაისმის. პირველივე დიალოგში, ბრიუს ლის შაოლინელი მენტორი ეტყვის, რომ მტრის დასამარცხებლად საჭიროა ჯერ მისი იმიჯი გაანადგუროო. როგორ უნდა დავამარცხოთ და გადავიაზროთ მავნებლური იდეოლოგია? პირველ რიგში უნდა შევისწავლოთ როგორ იმიჯს ქმნის საკუთარი ღირებულებების გასავრცელებლად, რა ტიპის ილუზიებს ნერგავს თავის უალტერნატივობის და ურყევობის მითის შესაქმნელად და რეალურად რა მოტივებს მალავს თვითრეპრეზენტაციის ფორმების მიღმა. როდესაც ამ ზედაპირულ მახასიათებლებს გამოვაცლით, გვრჩება მხოლოდ შიშველი იდეოლოგია, მოკლებული მომხიბვლელობას და დამაჯერებლობას, რაც აადვილებს მის დემონტაჟსაც. ფილმის მთავარი ანტაგონისტი არის ჰანი, ფიგურა, რომელმაც უღალატა შაოლინურ სწავლებებს და ფასეულობებს, შექმნა კრიმინალური სინდიკატი, შეიძინა კუნძული, რომელიც არცერთი სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ არ იმყოფება და იქ დაიწყო ტოტალიტარული მმართველობა.

სწორედ აქ იწყება ალუზიები გლობალურ ეკონომიკაზე, კუნძული, როგორც კაპიტალისტური დღის წესრიგის მოდელი, სადაც სიამოვნებას და კომფროტს იღებს მხოლოდ მმართველი ელიტა. ზედაპირზე ყველაფერი ლამაზი და მომხიბვლელია, უხვადაა მრავალფეროვანი სურსათი, რეკრეაციული ზონები, გასართობი აქტივობები, ლამაზი ქალები, ერთგვარი სამომხმარებლო სამოთხე იშლება თვალწინ, თუმცა ამ ბრჭყვიალა შეფუთვის მიღმა ვხედავთ შრომით ექსპლუატაციას, ქალების სხეულების მისაკუთრებას და პროდუქტად გარდაქმნას, მებრძოლების ატომიზაციას, ფატალური კონკურენციის გავრცელებას, ფიზიკურად სუსტზე გამარჯვების და მისი განადგურების კულტივიზაციას, ინდივიდუალური კეთილდღეობის მისაღწევად ემპათიის აბსოლუტურ უარყოფას, მოკლედ, სტანდარტულ ყოველდღიურობას ველური კაპიტალიზმის პირობებში.

 

 

1 2