ბრიუს ლის კუნძულის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის სახელმწიფო სპეცსასმსახური აწვდის, რომელმაც იცის ყველა იმ დანაშულებრივი აქტიობის შესახებ, რაც იქ მიმდინარეობს, მაგრამ, როგორც ამბობენ, საკმარისი მტკიცებულებები არ აქვთ რომ სანქციები დაუწესონ და კუნძულზე, სადაც ხდება ადამიანის საყოველთაო უფლებების ტოტალური უარყოფა, საიდანაც ვრცელდება მძიმე ნარკოტიკული საშუალებები, წარმოებს სექს ტრეფიკინგი და ფინანსური მაქინაციები, გზავნიან ერთ კონკრეტულ ადამიანს, რომ ამ ყველაფერს აღუდგეს წინ. ისევე როგორც დღევანდელი ნეოლიბერალიზმი ცდილობს მსოფლიოსთვის ფუნდამენტური საკითხები დაიყვანოს ინდივიდუალურად გადასაჭრელ პრობლემებად, მაგალითად კლიმატური ცვლილებისათვის ბრძოლა დაიყვანოს ინდივიდუალურ პასუხისმგებლობამდე და არა სახელმწიფოს და ამ პრობლემების გამომწვევი მსხვილი კორპორაციების გადასაჭრელ პრობლემამდე, რომელსაც რეგულაციებით და ქმედითი პოლიტიკის წარმოებით უნდა ებრძოლო და არა იმით, რომ ერთეულმა ადამიანმა ცელოფანი აღარ გამოიყენოს, ონკანში ცოტა წყალი მოუშვას და ნაკლები ქაღალდი მოიხმაროს.

ფილმში არც სოციალური რეალობაა უგულვებელყოფილი, აქ ვიეტნამის ომის ახალგაზრდა ვეტერანებს თვითგადარჩენისთვის სასიკვდილო ბრძოლაში მონაწილეობა უწევთ, რადგან სახელმწიფო მათზე მზრუნველობას არ იჩენს, პოლიციელები რასული ნიშნით ძალადობენ შავკანიან პერსონაჟზე, გეტოები ერთნაირად მძიმე და შემზარავი ყოფიერების გამომხატველია ნებისმიერ გეოგრაფიულ ერთეულში იქნება ეს ჰონგ კონგი თუ ამერიკა და ა.შ. ამ მნიშვნელოვანი ნარატივების ერთობლიობის გამო ფილმი გლობალური ფენომენი აღმოჩნდა და მთელი მსოფლიო კუნგ ფუს ესთეტიკით და ეთიკით დააინტერესა. როგორც სლავოი ჟიჟეკი განმარტავს ამ ციებცხელების მთავარ მიზეზს, კუნგ ფუს ვარჯიშები, რომლებიც ღარიბულ უბნებში მუშათა კლასის ახალგაზრდობის ცხოვრების წესად გადაიქცა, ხელს უწყობდა კოლექტივიზმის ჩამოყალიბებას, ურთიერთ ღირსების და პატივისცემის, საერთო ბრძოლის ველის გაჩენას, სადაც ადამიანები იმ ერთადერთ რესურსს ანვითარებდნენ და აძლიერებდნენ, რაც გააჩნდათ, საკუთარ სხეულებს.

და რაც შეეხება სხეულს. ფილმში პერფორმანსები დიდწილად საკმაოდ კომიკურია, ლის ინგლისური საუბარი და წარმოთქმული სიტყვების ფონეტიკა პაროდიას უფრო წააგავს,  მაგრამ როდესაც ბრძოლის სცენები იწყება, სიტყვებს მუშტები ანაცვლებს და ლი შიშვლდება, იქმნება ახალი მითოლოგია. თეატრალიზებული კივილი, მტაცებელივით რიტმული მოძრაობა და ბერძნული ქანდაკებასავით, იდეალური სიმეტრიით დალაგებული მუსკულატურა ბრიუს ლის სხეულზე, ადამიანის ფიზიკური განვითარების უმაღლესი ესთეტიკური პოტენციალის აღმნიშვნელი ხდება. ამას დამატებული სანახაობრივი, მოქნილი და ბრუტალური ქორეოგრაფია, ფერადი და თვალისმომჭრელი დეკორაციები. ნაიარევისგან დატოვებული სისხლის კვალიც კი ბრიუს ლის სახესა თუ სხეულზე ისეა სტილიზებული, როგორც პოპარტის ფერწერული ტილო. ორთაბრძოლის სცენების დროს ყველაფერი იმდენად შთამბეჭდავია, რომ სრულად გავიწყებს და აბათილებს იმ ფაქტს, რომ მანამდე მსახიობები ჩვეულებრივი დიალოგების დროს დიდი დამაჯერებლობით ვერ გამოირჩეოდნენ. მოკლედ, „დრაკონის გამოსვლა“ საკულტო ნაწარმოებია, რომელიც იმაზე გაცილებით დიდი მნიშვნელობისაა, ვიდრე სტანდარტული ფილმი საბრძოლო ხელოვნებაზე.

 

 

 

1 2