აჭყვიტინებდნენ და დამწვრისას გაჰყიოდნენ. იმავე სუფრიდან ორი კაცი წამოდგა და მუსიკის ტაქტს აჰყვა. ერთმანეთს ეცეკვებოდა ეს ორი კაცი, მაგრამ ტაქტს ბოლომდე ვერ აჰყოლოდა, სიმთვრალე უშლიდათ ხელს. მერე ცეკვის მსურველები სხვა სუფრებიდანაც წამოიშალნენ და მთელ დარბაზში ქაოტური ცეკვა გაჩაღდა. „რა მალე დათვრნენ, რომ შემოვედით, კაციშვილი არ იძვროდა ადგილიდან“ – ფიქრობდა ანრი, „რა კარგია, რომ არ იციან, გარეთ რა ხდება“. – ეს

გაიფიქრა და მიხვდა, თვითონაც არ იცოდა, გარეთ რა ხდებოდა. ხდებოდა კი რამე? უკვე აღარც სჯეროდა, უკვე იმაზე წუხდა, შინ მისულს რა ეთქვა, რატომ შემაგვიანდაო. თითქოს წამიერად ყველაფერი თავ- თავის ადგილას დადგა. სოლოლაკში უკვე ბინდი წვებოდა, სინათლეებიც აინთო და ქუჩებს სხვა განწყობა განეფინა. დილიდანვე გარეთ გასული ადამიანები შინ ბრუნდებოდნენ, უკვე ყველა შინ იყო, ჭაღების ნათელში გახვეულ ოთახებში მრგვალი მაგიდების გარშემო ნაგვიანევად სადილობდნენ თუ ნაადრევად ვახშმობდნენ, ეზოებში თუ ეზოს შესასვლელებთან დედაკაცები ისხდნენ და მასლაათობდნენ. რესტორნებიდან და სამიკიტნოებიდან გახურებული ქეიფის მოგუდული ხმები მოისმოდა. ის წუთი იდგა, როცა საღამო ღამეში გადაედინება და მთელ თავის ხანმოკლე ნათებას ნაუცბათევად კარგავს.

ბიჭებმა სარდაფი დატოვეს, ერთხანს გვერდიგვერდ იარეს და მერე დაშორდნენ ერთნმანეთს. ანრი მიაბიჯებდა შინისაკენ და ფიქრობდა იმაზე, რომ შინ მისვლისას მას დრო ყოველთვის თავისებურად აბრკოლებდა – ან ჩვეულებრივზე ადრე მიდიოდა, ან გვიან, და ყოველთვის ერთნაირად ხვდებოდნენ მშობლები. არასდროს უკითხავთ, რატომ დაიგვიანე ან თავის დროზე ადრე რატომ მოხვედიო. ალბათ იმიტომ, რომ უთქმელად სჯეროდათ მისი, ენდობოდნენ. ახლაც კიბე აათავა და სახლის კარი შეაღო. კარი ოდნავ გაიღო, რამაც გააკვირვა, მაგრამ არ შეიმჩნია. მთელ ბინაში უჩვეულო სიწყნარე იდგა, უმცროსი და-ძმა არსად ჩანდა. სამზარეულოში გავიდა, სადაც ასევე ჩამიჩუმი არ ისმოდა. შუშაბანდში დივანზე დედა იჯდა, ის იყო მშვიდი და გახევებული. ანრი მიუახლოვდა დედას და ასევე მშვიდად შეხედა სახეში, რადგან უკვე მიხვდა, ის რასაც ეტყოდა და დედამ უთხრა კიდეც: „დღეს დილით მამა

დააპატიმრეს, პირდაპირ სამსახურიდანვე წაიყვანეს“. ანრის მოეჩვენა, რომ მთელი ცხოვრება ელოდა ამ სიტყვებს და ძალიან მოუნდა აღარაფერი მოესმინა, წასულიყო სადმე შორს, სხვაგან, სხვა ქალაქში, სხვა ქვეყანაში, სხვა სამყაროში…

 

 

***

ბელადის ისევ ის ბიუსტი მახსენდება, დიდებაში რომ ვნახე, თვალებგამოცარიელებული, სახეგანათებული, ტუჩის კუთხეებში ჩაფენილი მისი ცინიკური ღიმილი მიდგას თვალწინ

 

 

 

ანდრო ბუაჩიძე

 

 

1 2 3