„ასეც არ შეიძლება, ამხანაგო სტალინო“ გალაკტიონის ჩანაწერებიდან

 

 

იმ ბიუსტის გამაოგნებელ შთაბეჭდილებას ტუჩების კიდეებში ჩაფენილი ცინიკური ღიმილი ქმნიდა. ეს მაინც ღიმილი იყო, ოღონდ ოდნავი, ძლივსშესამჩნევი. ბელადის მედიდური, გაბრწყინებული სახე შიგნიდან იყო განათებული. ეს ოდნავი ნათება მთელ სახეს გადაჰფენოდა, ტუჩის კუთხეებში კი უფრო მკაფიოდ ჩანდა. ეს იყო ცინიკური, მწარე, დამცინავი ღიმილი. გაღიმება ისეთი ძლივსშესამჩნევი იყო, შეიძლება გეფიქრა, ხომ არ მეჩვენებაო და, ხელახლა თუ დააკვირდებოდი ვეება, მასიურ თვალებგამოციებულ ბიუსტს, ეჭვი საბოლოოდ გაგიქარწყლდებოდა – ბელადი იღიმებოდა. ღიმილი ტუჩის კუთხეებიდან ამოდიოდა და ეს მით უფრო საკვირველი იყო, რომ ამ ტუჩებს სქელი ულვაში სანახევროდ ფარავდა. მოქანდაკის ოსტატობას ღიმილის სწორედ ეს ძლივსშესამჩნეობა ამჟღავნებდა. იღიმებოდა, დიახ, ნამდვილად იღიმებოდა და ღიმილში შემზარაობა გამოსჭვიოდა. ბიუსტი პირველად სოფელ დიდებაში შევნიშნე. სამოცდაათიანი წლები იყო და სტალინის ქანდაკებები კარგახნის აკრეფილი გახლდათ. ზოგან პოსტამენტი იყო შემორჩენილი, ქანდაკება კი გამქრალიყო. ამ დროს თბილისიდან კიკეთში მიმავალი ახალი რეისი დანიშნეს: ზომაზე მეტად დანჯღრეული

 

ცხვირიანი ავტობუსი დიდებაში ჩაივლიდა, ჯერ იქაურებისგან დაიცლებოდა და მერე კიკეთში ადიოდა. და აი, სწორედ კიკეთში მიმავალმა დიდებაში, ავტობუსის გაჩერებაზე, ტყეში ოდნავ შეწეულ, მოსწორებულ ადგილზე ხშირ შეფოთლილ ტოტებს შორის შევნიშნე ეს ბიუსტი. თავდაპირველად ავტობუსიდან გადმოსვლა დამეზარა და შორიდან ვუმზერდი, მერე კი, რახან მძღოლი ჯერ კიდევ არსად ჩანდა, ჩამოვედი და ბიუსტს მივუახლოვდი. ზაფხული იყო, დაბალ პოსტამენტზე შედგმულ მასიურ ბიუსტს ხშირი ფოთლოვანის ჩრდილი ეფინა და ამ ჩამყუდროებულ ადგილას, ხეების ჩრდილქვეშ ბიუსტი უფრო შემზარავად გამოიყურებოდა. შუბლზე გრძელი, გამჭოლი მზის სხივი ეცემოდა. პირველი, რაც გავიფიქრე, ის იყო, რომ ალბათ ადგილობრივი მოსახლენი შორიახლოს ძელსკამზე ჩამოსხდებიან და ბელადის მოსახსენებელს სვამენ-მეთქი. როგორც მერე შევიტყვე, მართლაც ასე იყო, ოღონდ ეს უფრო ნასაღამოვებს ხდებოდა. ჩემი იქ ყოფნისას კი თაკარა შუადღე იდგა. ცოტა ხანში ავტობუსს კიკეთისკენ გავყევი და ეს ამბავი აღარც გამხსენებია. მოგვიანებით რომელიღაც ალბომში ამ ბიუსტის ილუსტრაციასაც წავაწყდი. წიგნში სტალინის ქანდაკებები იყო თავმოყრილი. მე იმან გამაკვირვა, რომ ამ მივარდნილ ადგილას მდგარი ქანდაკებაც არ გამორჩენოდათ. თუმცა მაშინვე ისიც გავიფიქრე, ეს ბიუსტი ალბათ ,ადრე სხვაგან იდგა და მერე დიდებაში გადაიტანეს- მეთქი. ასეც იქნებოდა, რადგან ქანდაკება აშკარად ოსტატის ნახელავი იყო და ასეთ უმნიშვნელო ადგილას არ დადგამდნენ. ამაზე მეტყველებდა ტუჩის კუთხეებში ჩაფენილი

ცინიკური ღიმილი. ბიუსტის ავტორი მაინტერესებდა, მაგრამ მის ვინაობას ვერ მივაკვლიე. *** მამაჩემის ძმა, ანრი 1938 წელს დაიჭირეს და ყაზახეთში გადაასახლეს.მაშინ ის 16 წლის იყო – მეათე კლასის მოსწავლე. მანამდე ბაბუაჩემი პირდაპირ ინსტიტუტშივე „აიყვანეს“ და სწორედ ამის პასუხად დახია სკოლაში მისულმა ანრიმ „რკინის სახკომის“ ეჟოვის ფოტოსურათი. დაჭერის დღიდან ისინი აღარავის უნახავს. მამამისის დაჭერის დღე ანრის კარგად ახსოვდა. სკოლიდან თანაკლასელთან ერთად გამოსულმა მახარაძის ქუჩის ერთ ეზოს მიაშურა, სადაც ბიჭები ხშირად თამაშობდნენ ფეხბურთს, შემდეგ ისევ სკოლასთან ახლადგახსნილ საშაქარლამოსკენ დაუყვა ქუჩას, იქ ერთი ფუნთუშა იყიდა და შინ უნდა წამოსულიყო, მაგრამ შეყოვნდა, სახლში მისვლა არ უნდოდა. ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა და შინისკენ აღარ წასულა. ჯერ ადრე იყო, ჯერ კიდევ ბევრი რამის მოსწრება შეიძლებოდა, შეიძლებოდა საპარიკმახეროს მძიმე კარი შეეღო, სადაც პარიკმახერი სანდრო ათას რამეზე ესაუბრებოდა, ანდა ლერმონტოვის ქუჩაზე კინოკლუბის სკვერში შესულიყო და რომელიმე ძველი ნაცნობი ენახა. იქვე იყო საბილიარდო და ჭადრაკის უფანჯრო ოთახი. იმ ძველ ნაცნობებთან ერთად ანრი ჭადრაკს ითამაშებდა ან ბილიარდით შეიქცევდა თავს. ბოლოსდაბოლოს არ უნდა დაზარებოდა და ბოტანიკური ბაღისკენ აუყვებოდა გზას, რაც არაერთხელ მომხდარა კიდეც, და ხშირ ფოთლოვანს შეერეოდა. ბოტანიკური ბაღი უყვარდა, პატარა იყო, მამას რომ იქ დაჰყავდა. ხიდის კიდესთან, ერთ შემყუდროებულ ადგილას დასხდებოდნენ გრძელ სკამზე და მამა

რაღაცას უყვებოდა ანდა დუმდა, ჩაფიქრებული პაპიროსს ეწეოდა. მამა… რატომღაც გაახსენდა, რომ მამა ზოგჯერ ნაგვიანევად ბრუნდებოდა. დედა იძინებდა, გვერდითა საწოლი კი ცარიელი იყო. დედა ამბობდა, გადაუდებელი საქმეები აქვს და მალე დაბრუნდებაო. დიდი დრო არ იყო გასული მისი ნათქვამიდან, რომ მაჩაბლის ქუჩიდან სადარბაზოსთან მანქანის

 

მუხრუჭის ხმა შემოაღწევდა, მერე კიბის საფეხურებზე მამის ყრუ ნაბიჯები გახმიანდებოდა, გასაღები გაიჩხაკუნებდა და ხანმოკლე ხმადაბალი საუბრის შემდეგ მშობლების საძინებელში სინათლე ქრებოდა. მამა… დედა ღელავდა, უკვე ყველამ იცოდა, რომ სავსებით ჩვეულებრივ, ახლობელ, უწყინარ ადამიანებს იჭერდნენ და ეს ადამიანები ღამის აჩრდილებივით სწრაფად ქრებოდნენ. ისინი არ მოელოდნენ დაჭერას, ამიტომ არამცთუ ნირწამხდარნი, უფრო მეტიც – მომღიმარენი დააბიჯებდნენ წინა დღით ქუჩაში, მოულოდნელად კი გაიგებდი, რომ ეს წუხელ ნანახი მომღიმარი კაცი გაუჩინარებულიყო და ამბობდნენ, რომ უკვე აღარასდროს გამოჩნდებოდა. ერთი მათი მეზობელიც ასე გაქრა და ეს ანრის კარგად ახსოვდა, ახსოვდა ამ კაცის ენერგიული ფიგურა, მისი სწრაფი მოძრაობა და მკაფიო მიმიკა. და უეცრად ასეთი

კონტრასტი – „დაიჭირეს“. „დაიჭირეს“ – თითქოს ხმადაბლა, ჩურჩულით ამბობდნენ ამ სიტყვას ადამიანები. რატომ ამბობდნენ ასე ჩუმად და რატომ არ ამბობდნენ ხმამაღლა, ყველას გასაგონად, ესეც უკვირდა ანრის. იქნებ იმიტომ იქცეოდნენ ასე, რომ ჯერ უნდა გარკვეულიყო, მართლა დასაჭერი იყო ეს კაცი თუ არა და მერე უკვე ამ შემთხვევას ყველას ხმამაღლა

შეატყობინებდნენ, მაგრამ არა… ვინც აქამდე დაიჭირეს, მათი ლანდი უკვე გამქრალი იყო. ისინი ქრებოდნენ და მათზე ლაპარაკი თითქოს იკრძალებოდა კიდეც. ანრი ქუჩაში შეჩერდა. ჩაფიქრდა. „ხომ შეიძლება, რომ მამაც დაიჭირონ?“ – დაუსვა საკუთარ თავს შეკითხვა. „რა თქმა უნდა“ – პასუხობდა ვიღაც მისივე არსების სიღრმიდან. „რატომ?“ – გაისმოდა ისევ შეკითხვა.

„იმიტომ, რომ განურჩევლად ყველას იჭერენ, იჭერენ ჭკვიან ადამიანებს“ – არ აგვიანებდა პასუხი. შეყოვნებულმა ერთხანს შინ დაბრუნება გადაწყვიტა, მაგრამ სწრაფადვე გადაიფიქრა. წამსვე მიხვდა, რომ შინ დაბრუნებით ვერაფერს შეცვლიდა. უფრო მეტიც: დაბრუნება უკვე

ტყვეობას ნიშნავდა. გარეთ ყოფნა თავისუფალ გარემოში ყოფნა იყო. მართალია, ეს თავისუფლება მოჩვენებითი ჩანდა, მაგრამ მაინც შვებას ანიჭებდა. რა ანიჭებდა შვებას? თავისმოტყუება. ანრი მიხვდა, რომ თავს იტყუებდა, მაგრამ ეს თავისმოტყუება ფიქრისთვის განაწყობდა. გარეთ მას ფიქრი თავისდაუნებლიეთ ეუფლებოდა. თითქოს მთელი მისი არსება ფიქრით იყო მოცული, სახლში კი შფოთი იპყრობდა და გონება ეხშობოდა. ჩაფიქრდა. საღამო იყო და ქვაფენილებზე წაგრძელებული ჩრდილები წვებოდა. ქუჩა დაცარიელდა. ანრის საღამოს წუთები განსაკუთრებით უყვარდა. ამ წუთებში სოლოლაკის ბინებში წარმოუდგენელი სიმყუდროვე ისადგურებდა. მაღალჭერიანი ოთახები მოძრავი ჩრდილებით ივსებოდა. ზოგი ჩრდილი უძრავად ეკრობოდა კედელს, ზოგი კი კვლავ ცახცახებდა. იდგა ანრი და გაჰყურებდა ბოტანიკური ბაღის ქედისკენ ზურგშექცევით მდგარ სახლებს, რომელთაც ჩამავალი მზე ანათებდა მთელი ქუჩის ჩაყოლებაზე. ალბათ ყველა ოთახში ეს შუქი ტრიალებდა, სუსტი ნათელი ეფინებოდა სხვადასხვა ადამიანების ბედ-იღბალს, მათ წუხილს, მოლოდინს, მათ ყოფნას, მათ კედლებს და კედელზე გაკრულ ახლობლების სურათებს, რომელთა ცხოვრებაშიც ოდესღაც ასეთივე საღამო აფენდა ფარდაგებს. ვინ იცის, რა ხდებოდა ამ ოთახებში? იქნებ ნასაღამოვებს აქაც შინსახკომის ბნელი აჩრდილი ეცემოდა სადარბაზოს და საამისო დამზაფრავი მოლოდინი აწვალებდათ ჩამავალი მზით სავსე ოთახებში. გარედან ისეთი შთაბეჭდილება გრჩებოდა, თითქოს ბინების შიგნით სრული სიმშვიდე სუფევდა, მაგრამ ეს თითქმის შეუძლებელი იყო. სიკვდილის აჩრდილი მთელ ქალაქს ეფინა და მის მიღმა უშფოთველი კუნჭულიც კი არ მოიძევებოდა. ამ ბინებში იყო მთელი ქსელი ფიზიკური, ნივთიერი ყოფნისა; აქ იყო სასტუმრო ოთახები, დერეფნები, სამზარეულოები, სააბაზანოები, სხვენები, საკუჭნაოები, აქ იყო ყველაფერი ის, რაც ადამიანს სჭირდება – წამლები, სურსათი, წიგნები, საძინებელ ოთახებში საწოლები, გობელენები,

 

 

1 2 3