საბნები, სარკეები, ყურთბალიშები, ღამის ნათურები, სასანთლეები, ლარნაკში ჩაწყობილი იასამნები (ახლა ხომ იასამანი ჰყვაოდა) და იყო კიდევ რაღაც არანივთიერი – სულიერი, ვთქვათ, ისეთი, რასაც დუმილით უვლიდნენ გვერდს, რისი გახსენებაც არ უნდოდათ, რასაც ამ სახლებში მცხოვრები ადამიანების ტკივილი ეთქმოდა, ყველა ოჯახში სხვადასხვანაირი, ღრმად შენახული და იოლად ვერდასანახი. ჩადიოდა მზე და ანათებდა ამ ოთახებში მყოფთა სახეებს, მათ მხრებსა და ხელებს. ასე ფიქრობდა, ასე წარმოედგინა ყოველივე ეს ანრის. ანრის უყვარდა ის წუთი, როცა უკვე სულს ღაფავდა ქვაფენილებსა და ბათქაშჩამოცვენილ კედლებზე მოწრიალე სინათლე, როცამზე უკვე ჩასული იყო, მაგრამ მაინც ანათებდა გარემოს. ფანჯრებში სინათლე ჩაინავლებოდა და თანდათან ბინდს ბროლის ჭაღების მკვეთრი შუქი სძლევდა.

ჭაღები ყველგან ინთებოდა და ფარდებს მიღმა მოყვითალო ნათელს გამოსცემდა. ასეთ დროს ეზოებიდან ქუჩაში გამოეფინებოდნენ ადამიანები და ეზოების შესასვლელებთან ჩამოსხდებოდნენ. დროდადრო გაივლიდა კარგახნის უნახავი ნაცნობი და მავანს შეეძლო მას შეხმიანებოდა. ეს იყო მცირე დრო ხეებში თავშერგული ნათურების ანთებამდე. მერე კი უკვე სინათლეები იპყრობდა სოლოლაკის ჩახვეულ ჩიხებსაც კი და თავისი განათებიანად მთელი მიზანსცენა იცვლებოდა. დაბალსართულიანი სახლების ფანჯრებში ფართო მაგიდასთან მიმსხდარი მობინადრეები ჩანდნენ. რომელ ფანჯარაშიც არ უნდა შეგეხედა, ბინაში მოწრიალე სახლეულებს შენიშნავდი. მათი მუდმივი ურთიერთობა ახლა თითქოს მეტ-ნაკლებად სააშკარაოზე იყო გამოფენილი, მაგრამ მაინც იდუმალ და უცხო კალაპოტში მიედინებოდა. ანრი დროის ამ მონაკვეთში სავარძელში იჯდა და წიგნს კითხულობდა. ღია ფანჯრიდან საღამოს გაურკვეველი და მისუსტებული ბგერები აღწევდა. ეს წიგნი იყო თქმულება იმ ადამიანებზე, რომლებიც სადღაც შორს წავიდნენ ბედის საძიებლად და გზადაკარგულები უკვე არსებობისთვის იბრძოდნენ. ეს იყო ამბავი კაცისა, რომელსაც მეგობრები დაეღუპა და ახლა მარტოღა იბრძოდა შინ დასაბრუნებლად. მერე და მერე მოთხრობა უძღები შვილის ამბავს ემსგავსებოდა, სადაც კაცი მოჯამაგირედ იქცა და ნახირს უვლიდა, შინმოსული კი მამამ შეიფარა, როგორც ძე შეცდომილი. ანრი ზოგჯერ წიგნს გადადებდა და ჩაფიქრდებოდა. თვითონაც ვერ იტყოდა, რაზე ფიქრობდა. ღია ფანჯრიდან სუსტი ბგერები და ქალაქის დახშული გუგუნი აღწევდა. ანრი გრძნობდა, რომ ცხოვრება ამ შორი გუგუნივით აუხსნელი და გაუგებარი იყო, შენიღბული და მოუხელთებელი. ანრი განაგრძობდა კითხვას, ეს წიგნიც თავშესაფარია, რაკი ცხოვრების მიღმა გთავაზობს ნავსაყუდელსო. კიდევ გადადებდა წიგნს და წუხდა იმის გამო, რომ დედა ადრინდელივით არ შემოუღებდა კარს და არ მიაპყრობდა მზერას. დედასაც ცუდი მოლოდინი ჰქონდა მამის გამო, მაგრამ ბავშვებს ხმამაღლა არ უტყდებოდა… ანრი ახლაღა გამოფხიზლდა. – თურმე ამდენ ხანს ქუჩაში იდგა გახევებული და ფიქრობდა. – რას ჩაფიქრებულხარ? – წაჰკრა ხელი ვიღაცამ. ანრიმ მაშინვე იცნო ხმით, კლასელი იყო, ქუჩუ. ქუჩუ ხშირად იცინოდა და მსხვილ კბილებს აჩენდა. ახლაც გაიცინა. სხვა დროს თუ გულგრილად უპასუხებდა, ახლა ანრის ქუჩუს დანახვა ესიამოვნა. -საით გაგიწევია? – ისე ჰკითხა დაბალი ხმით ანრიმ, თითქოს თვითონაც უნდოდა გაყოლა. – წამოდი – უთხრა ქუჩუმ. უთქმელად წავიდნენ ქუჩუს სადარბაზოსკენ. ანრი ადრეც იყო რამდენჯერმე ნამყოფი მასთან. ახლაც ულაპარაკოდ გაჰყვა. ქუჩუს მამა არქიტექტორი იყო. მის კაბინეტში სხვადასხვა ფორმის მაკეტების

 

დათვალიერება შეიძლებოდა. კედელზე შენობათა ფასადების შავ-თეთრი ფოტოები ეკიდა. ეს გარემო იზიდავდა ანრის. როცა მათ სახლში არავინ იყო, ქუჩუ და ანრი მაგიდებზე მწყობრად განლაგებულ მაკეტებს ათვალიერებდნენ. აქ სხვადასხვა დანიშნულების მინიატურული შენობები იყო გამოფენილი, იყო უცნაური კონფიგურაციის საცხოვრებელი სახლებიც. ანრი ფიქრობდა, რომ როცა ამ პატარა მაკეტის მსგავსი დიდი სახლები აშენდებოდა, იმ სახლებში ადამიანები დაბინავებოდნენ. ეს მაკეტი ადამიანებისთვის კეთდებოდა. მაგრამ რა აზრი ჰქონდა ყოველივე ამას, თუ ამ ბინებში ჩასახლებულ ადამიანებს სრულიად უმიზეზოდ დაიჭერდნენ? თუმცა ყველას ხომ არ იჭერდნენ? ვის დაიჭერდნენ და ვის არა, ეს წინასწარ არავინ იცოდა და ამიტომაც ყველას ეშინოდა. ისევ ჩაფიქრდა ანრი, ისევ ფიქრმა წაიღო. პაწია შენობებს პაწია ფანჯრები ჰქონდა. ამ ფანჯრების შიგნით მომავალში ადამიანების პაწია ბედისწერა გაიხლართებოდა. მზე ჩავიდოდა და გაანათებდა მათ ბედისწერას, რომელსაც თავიდანვე არა, მაგრამ მერე მაინც უხმოდ დაემორჩილებოდა ყველა. – დღეს რაღაც სხვანაირად ხარ ჩაფიქრებული – უთხრა ქუჩუმ. – მამაშენი სახლებს აშენებს და თვითონაც ასეთსავე სახლში ცხოვრობს – თქვა ანრიმ. – თითქოს სხვა რამის თქმა უნდოდა და მხოლოდ ეს ამოთქვა. – აბა, სად უნდა იცხოვროს? – გაიცინა ქუჩუმ და მსხვილი, ქათქათა კბილები გამოაჩინა

– ყველა ადამიანი სახლში ცხოვრობს. – კი, მაგრამ ხომ შეიძლება ადამიანები უმიზეზოდ

დაიჭირონ და ბინაც წაართვან? – ეგ რატომ უნდა მოხდეს? – ისე იკითხა ქუჩუმ, რომ ეტყობოდა, ეს კითხვა მასაც აწვალებდა. – არ ვიცი – თქვა ანრიმ. ბიჭები „პურის მოედანზე“ რომ ჩავიდნენ, ჯერ ღამის ნათურები არ იყო ანთებული. ქალაქის იშვიათ ფასადებს ათვალიერებდნენ, მერე ქუჩუმ ერთი ეზოს რკინის ჭიშკართან მიიყვანა ანრი. „ნახე, რა ნაკეთობაა“ – უთხრა ხმადაბლა. ანრი დიდხანს აკვირდებოდა რკინის კარის ქვედა ნაწილის ორივე მხარეს ნაჭედ წმინდა გიორგის ფიგურას. ფიგურა ორივეგან ერთნაირი იყო. გველეშაპის მორკალული სხეული კი სხვადასხვანაირად გამოესახა უცნობ ავტორს. მასიურ კარს ყველაფერზე ეტყობოდა, რომ უბრალო ნაკეთობა არ უნდა ყოფილიყო. წმინდა გიორგი შუბით მუსრავდა გველეშაპს. მერე

საღამოს საგრძნობლად ჩამოწოლილ ბინდში დიდხანს დაბორიალობდნენ. ქუჩებში თანდათან იკლებდა ხალხი. სადაც იყო აინთებოდა ღამის ნათურები, ქუჩუ და ანრი კი შინ წასვლას არ აპირებდნენ. მათ თითქოს ერთმანეთისთვის რაღაცის თქმა სურდათ, მაგრამ არაფერს ამბობდნენ, ამიტომაც უხმოდ და უაზროდ განაგრძობდნენ ხეტიალს. მერე გადაწყვიტეს რომელიმე ღვინის სარდაფში ჩასულიყვნენ. ეს მათთვის საკმაოდ თამამი გადაწყვეტილება იყო. ჩავიდნენ კიდეც, ჩაკიდული კიბეები ჩაიარეს. სარდაფში კედლისნათურები ლიფლიფებდა და ნახევარ სარდაფს ძლივს ანათებდა. ღვინის ჭურჭლეულობაც კედლებთან მიედგათ და აქა- იქ დაბალ მაგიდებთან მეინახენიც ჩამომსხდარიყვნენ. ანრის ასეთ სარდაფებში ღვინის სუნი იზიდავდა. მთელი სარდაფი ღვინის მათრობელი სუნით იყო გაჟღენთილი. ბიჭებმა ერთი დოქი ღვინო და საჭმელი აიღეს. იმ ასაკში იყვნენ, ბავშვად რომ აღარ თვლიან თავს. მაგიდას შემოუსხდნენ. უცხოობას გრძნობდნენ, მაგრამ არ იმჩნევდნენ. ცოტა ხანში ქსოვრელების დასტა შემოვიდა, გარშემო ძველი მელოდიები დაიღვარა და ბიჭებსაც უხერხულობა გაუქრათ. ლუკმა გატეხეს და ღვინის სმას შეუდგნენ. ანრი გრძნობდა, რომ რაღაც აწუხებდა, იცოდა, ახლა აქ არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ადგილიდან დაძვრას არ აპირებდა. ღვინის სმით იქარვებდა წუხილს, რაც უჩვეულო იყო

 

მისთვის. „რას ავიკვიატე, რატომ უნდა ვიყო სახლში, უჩემოდაც კარგად არიან ყველანი“ – ფიქრობდა და მერე თანდათან სიმშვიდე დაეუფლა. ქუჩუ მშვიდად იჯდა და თავის საფიქრალს ფიქრობდა. სკოლაში ცელქი იყო და დაუდეგარი, ზოგჯერ კი იქაც გარინდება ეუფლებოდა. სარდაფი გარესამყაროსგან სავსებით განაპირებული იყო. გარედან აქ ვერანაირი ჩქამი ვერ აღწევდა. ეს ქუჩუსაც და ანრისაც ერთნაირი სიმყუდროვის განცდას უქმნიდა. ქსოვრელები დაბალი ხმით აჟღერებდნენ გაცვეთილ მელოდიებს, ბიჭებს თანდათან თრობა ერეოდათ და საუბრის სურვილი არ ასვენებდათ. ალაპარაკდნენ კიდეც. რაღაზე არ ლაპარაკობდნენ – ამასწინანდელ თავსხმა წვიმაზე და უეცრად მოვარდნილ ნიაღვარზე, სკოლის ეზო რომ გადაფარა; „პაცნებზე“, მაღაზიებში რომ ქურდობდნენ და მერე თავქუდმოგლეჯილები გარბოდნენ; ქალაქის უშველებელ საათზე, რომლის ისრებიც დროს ყოველთვის მწყობრად აჩვენებდა და რომლის შეყოვნებული მუშაობის გამო შეიძლებოდა მთელი ქალაქის ცხოვრება უეცრად შეფერხებულიყო. ქსოვრელები ერთი მაგიდის გარშემო შემოიკრიბნენ, საკრავებს

 

 

1 2 3