დღეს მინდა ერთი ძალიან კარგი ფილმის შესახებ მოგიყვეთ, რომელიც სულ უფრო და უფრო ხშირად მახსენდება უკანასკნელ პერიოდში. ვეცდები მაქსიმალურად ლაკონური ვიყო და სანამ ტექსტს ბოლომდე ჩაიკითხავთ, მანამდე თავადაც მიხვდებით თუ რატომ გადავწყვიტე ამ ფილმზე საუბარი, იმდენად ახლოს არის მასში აღწერილი სოციო-პოლიტიკური მოვლენები ჩვენ დღევანდელ რეალობასთან. ფილმს ქვია ტუზი სახელოში, ბილი ვაილდერის ფილმია, 1951 წელსაა გადაღებული. კირკ დაგლასი ამორალური ჟურნალისტის როლში გვევლინება, რომელიც კარგავს თავის პრესტიჟულ პოზიციას ნიუ იორკის მსხვილ გაზეთში. ცუდი რეპუტაციის გამჟღავნების გამო სხვა წამყვან გამოცემებს სამსახურში არ აყავთ და იძულებული ხდება პატარა ქალაქებში ეძებოს სამუშო. მოკლედ ბოლოს ალბუკერკის გაზეთში მოეწყობა, იმ იმედით, რომ რაიმე მნიშვნელოვან მოვლენას გააშუქებს და კვლავ დაიბრუნებს ძველ დიდებას, მაგრამ გარდამტეხი არაფერი ხდება. ერთი წლის შემდეგ,  შემთხვევითობის წყალობით, გაიგებს, რომ გამოქვაბულში კაცია გაჭედილი და ვერ ამოყავთ, ხოდა გადაწყვეტს ეს ისტორია აქციოს საკუთარ პედესტალზე დაბრუნების წინაპირობად.

და აქ იწყება ყველაზე საინტერესო: უაილდერი დაუფარავი ცინიზმის იდეალური დემონსტირებით გვიჩვენებს სენსაციებს გამოკიდებული მედიის სახეს, რომელიც ტრაგედიის ექსპლუატაციას ეწევა და ამას აკეთებს მხოლოდ პირადი გამორჩენის მიზნით. დაგლასისპერსონაჟი სპეციალურად ახანგრძლივებს გაჭედილი კაცის გამოქვაბულიდან ამოყვანის სამუშოებს, რომ მაქსიმალური კვებითი ღირებულება მიიღოს მისი მდგომარეობიდან. პარალელურად კორუმპირებულ შერიფს შეიამხანაგებს, რომელსაც პირდება, რომ გმირად წარმოაჩენს საზოგადოების თვალში და მერის არჩევნებში გაამარჯვებინებს. ერთი სიტყვით, იდეალურ კლიმატს იწყობს საკუთარი კეთილდღეობის დასაბრუნებლად და ამისკენ მიმავალ გზაზე არაფრად აგდებს არც ერთი ინდივიდის და არც მთლიანი კოლექტივის ცხოვრებას.

დაგლასის პერსონაჟი ხვდება, რომ ხალხს გაუნელებელი ინტერესი აქვს საშიში და სკანდალური, ნეგატიური ინფორმაციისადმი, ამიტომ მოვლენების მაქსიმალურ დრამატიზაციას ეწევა, ამ ყველაფერს კი ასაღებს საზოგადოებრივი ინტერესის მსახურებად. აქ წესით უკვე თავადაც მარტივად გაავლებდით პარალელებს ჩვენთან არსებულ  ზოგად მედია ტენდენციებსა და მათ გამავრცელებელ კონკრეტულ წყაროებზე. როგორც დაგლასის პერსონაჟს, ისე ჩვენთან არსებულ მის ქსეროასლებს რეალური სოციალური პრობლემები საერთოდ არ აინტერესებთ. მათი მიზნები არ ემსახურება არც საზოგადოების სწორად ინფორმირებას, არც ობიექტური რეალობის ასახვას, მთავარი მიზანი ძველი ძალაუფლებრივი პოზიციის დაბრუნებაა, რომლის გზაზეც ყველა შესაძლო ბერკეტს იყენებენ, ქმნიან ჭარბ რეალობას და ეწევიან მის მაქსიმალურ ფაბრიკაციას. დამოუკიდებელი მედიის როლი დემოკრატიულ სახელმწიფოში ფაქტობრივი სიმართლის გავრცელებაა, სიმართლე კი მხატვრული ნაწარმოები არაა, რომ მის ინტერპრეტაციას მიყო ხელი, ყოველი მსგავსი აქტი უკვე სუბიექტური მსჯელობის ნაწილია, რაც ჟურნალისტიკა აღარ არის,არამედ თეორეტიკოსის კომპეტენციაა.

სანამ ტენდენციური მედია თავის ცხოველური მადის დაკმაყოფილებითაა დაკავებული, რეალური პრობლემები ფართო საზოგადოებისთვის უხილავი რჩება და მთელი ყურადღება საცირკო წარმოდგენაზე გადადის. ვაილდერის ფილმშიც, სანამ კირკ დუგლასის ანტაგონისტი გმირი საკუთარი მიზნებისთვის მოიხმარს ადამიანურ ტრაგედიას, გამოქვაბულში გაჭედილი კაცი კვდება. თუმცა ბედნიერი დასასრული, რომელსაც რეჟისორი გვთავაზობს, იმაში მდგომარეობს, რომ მთავარი პერსონაჟი ყველანაირ ნდობას კარგავს, ვერც ძველ პოზიციას იბრუნებს და საბოლოოდ მარგინალდება.

მნიშვნელოვანი მხატვრული ნაწარმოებები იმისთვის არსებობს, რომ მაყურებელს მის ირგვლივ არსებულ რეალობასთან მიმართებაში კითხვები გაუჩინოს, რომლის პასუხების ძიებაც სიმართლესთან მიიყვანს. უაილდერმა 69 წლის წინ ამერიკულ საზოგადოებას შეუქმნა რეფლექსიის შესაძლებლობა, თუმცა დღეისათვის შორეული კონტინენტზე შექმნილი ნაწარმოები ამ გადმოსახედიდან ისე გამოიყურება, თითქოს კონკრეტულად ჩვენთვისდა ჩვენს შესახებაა შექმნილი. თან უაილდერის საბოლოო ვერდიქტის არ იყოს, ყოველი საზოგადოებრივ ინტერესებზე ზრუნვად გასაღებული, რეალურად კი პირადი მოტივაციებით მოქმედი სუბიექტები, განწირულნი არიან უპირობო მარგინალიზაციისათვის.