რამდენიმე კვირის წინ ინტერნეტში უსარგებლო ვიდეოების ყურებისას აღმოვაჩინე ქართული იუთუბ არხი, ძაან ბევრი გამომწერით და ნახვებით, სადაც მთავარი გმირი მცირეწლოვანი ბავშვია და მშობლები ათასგვარ აქტივობაში რთავენ, ამ ყველაფერს იღებენ და შემდეგ საჯაროდ დებენ. მოკლედ შვილი სერიოზული ბიზნეს ინვესტიცია აღმოჩნდა. მხოლოდ იმის ხარჯზე, რომ ბავშვი საყვარელია, მშობლები მის კომერციალიზაციას ახდენენ და საბაზრო ღირებულებას ხედავენ ისეთ სუფთა და შეურყვნელ ქმედებაშიც, როგორიც მაგალითად თოჯინებით თამაშია. ამაზე გამახსენდა ბენდ Arcade Fire-ს სიმღერა ანტიქრისტეს სატელევიზიო ბლუზი, სადაც ვოკალისტი ვინ ბატლერი მღერის კაცზე, რომელიც ღმერთს თხოვს ჩემი ქალიშვილი ვარსკვლავი გახადე, რომ ყველამ დაინახოს შენი კეთილშობილებაო. საყვარელი მოტივაციაა, კაცს უნდა, რომ მისმა შვილმა ხალხი ღმერთთან დააკავშიროს. არაფერია ამაში ცუდი. თუმცა სიმღერის ბოლოს მამის რეალური ზრახვები ირკვევა, რომელიც საკუთარი შვილის ექსპლუატაციით ცდილობს პირადი კეთილდღეობის შექმნას. სიმღერის სათაურიც თავის თავს ამართლებს.

რამდენად ეთიკურია ის ფაქტი, რომ საკუთარი შვილი შემოსავლის წყაროდ აქციო. საუბარი არაა ისეთ შემთხვევებზე, როდესაც მაგალითად ბავშვს მსახიობობის ნიჭი და სურვილი აქვს და მშობელი ხელს უწყობს, საუბარია ისეთ შემთხვევებზე, როდესაც მშობელი მორალურად და შესაძლოა ფიზიკურადაც ძალადობს მცირეწლოვან შვილზე იმისათვის, რომ მისგან ფინანსური მდგრადობა მიიღოს. სატელევიზიო შოუ „ატლანტა“-ს მეორე სეზონში, ერთი სერია კონკრეტულად ეთმობა ამ საკითხს. მეექვსე ეპიზოდში ვეცნობით პერსონაჟ ტედი პერკინსს, რომელიც ალუზიაა მაიკლ ჯექსონზე. პერკინსი ყვება იმის შესახებ თუ როგორ ძალადობდა მასსა და მის ძმაზე მამა, რათა მუსიკალური ნიჭი გაეღვივებინა, რომ წარმატებული კარიერა ჰქონოდათ. საბოლოოდ კი ამან ზრდასრულობაში ფსიქიკურ აშლილობამდე მიიყვანა. ყურადსაღებია ასევე ის ფაქტი, რომ 18 წლამდე ბავშვის ფინანსებს მშობელი მართავს და საკუთარი შეხედულებისამებრ იყენებს, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ამ საკითხის არაეთიკურობის პრობლემას.

შეიძლება ერთი შეხედვით არაფერი ტრაგიკული არ იკითხებოდეს ვიდეოების სერიებში, რომელიც ყოველკვირეულად მცირეწლოვანი ბავშვის ცხოვრებას ასახავს, რასაკვირველია დიდი ალბათობით ეს დაძალებით არ ხდება, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ბავშვი, რომელიც თავის ბუნებრივ ეკოსისტემაშია, ოჯახის წევრების გარემოცვაში თამაშობს, ვერც ხვდება და მითუმეტეს ვერც იაზრებს, რომ პარალელურად მშობლები მის კომერციალიზაციას ეწევიან. საოჯახო ვიდეოების ყურებისას ან ფოტოალბომის თვალიერებისას ყოველთვის დიდ უხერხულობას მიქმნიდა როდესაც საკუთარი ბავშვობის ინტიმურ აღწერას ვაწყდებოდი და ამას ოჯახის მეგობრები ნახულობდნენ, ახლა წარმოიდგინეთ იზრდები და აღმოაჩენ რომ შენი ბავშვობა შენზე უკეთ სრულიად უცხო ხალხმა იცის. ვერცერთ შემთხვევაში მსგავს რეალობასთან შეხვედრა პოზიტიურ შედეგებში ვერ აისახება.

 

 

 

1 2