ხომ ვგმობთ და ვწუხვართ ყოველ ჯერზე როდესაც გვესმის, რომ მშობლებმა შვილები ქუჩაში მოწყალების სათხოვნელად გაუშვეს, რადიკალური შედარებაა, მაგრამ ფუძე ერთია, ბავშვის პირადი ინტერესებისათვის გამოყენება. „ოლივერ ტვისტის“ კითხვისას, ალბათ ყველანი შეძრწუნებული იქნებოდით ბავშვთა ბანდის ლიდერის, ფეგინის პერსონით, რომელიც საძარცვად უშვებს ობოლ ბავშვებს, მოპოვებული თანხის დიდ ნაწილს ართმევს და აიძულებს ყოველდღიურად ქურდობას მიყონ ხელი. წიგნში რამდენიმე ბავშვი არც აცხადებს პრეტენზიას მსგავს მოპყრობაზე, მოწონს კიდეც ქუჩის ცხოვრება და ცუდი ბიჭობა, მაგრამ აქ იმით გამართლება, რომ ბავშვიც კმაყოფილია და მეურვეც, ცალსახად არასწორი და მავნებლურია.

ტექსტის დასაწყისში ნახსენები სიმღერა, ბენდის სოლისტმა, ვინ ბატლერმა, მომღერალ ჯესიკა სიმფსონის მამაზე დაწერა, რომელიც თავის ორ ქალიშვილს მცირეწლოვანი ასაკიდან ზრდიდა პოპვარსკვლავებად და პროფესიად მათი მენეჯერობა მოირგო. ბატლერი მსგავსი მშობლების ოპორტუნისტულ მანკიერებაზე აკეთებს კომენტარს, რაც ვფიქრობ საკმაოდ ყურადსაღები საკითხია. მშობლების ასეთი ტიპი, საკუთარი ვერ განხორციელებული სურვილების და ოცნებების მატერიალიზაციის შესაძლებლობად იყენებს ხშირად შვილებს, რასაკვირველია ეს ყოველთვის ისეთ ვულგარულ ფორმებს არ მიიღებს, როგორზეც დღეს ვსაუბრობ, მაგრამ ზოგადი დამოკიდებულება ერთი ბუნებისაა. შვილი არაა საკუთრება, რომელსაც სურვილისამებრ მოიხმარ, ის პირველრიგში პასუხისმგებლობაა სიცოცხლეზე, რომ ჯანმრთელი ფსიქიკის აღზარდო, პირადი სივრცე დაუტოვო, მზრუნველობა გამოიჩინო და რაც ყველაზე მთავარია, საკუთარ ინტერესებზე წინ დააყენო. ბავშვის სამყაროში მოვლენა ავტომატურად გულისხმობს ამ პასუხისმგებლობების მიღებას, შვილი შინაური ცხოველი არაა, რომ ცხოვრების გასამარტივებლად გამოიყენო და მისგან შემოსავლის წყარო შექმნა. როდესაც თვითპოპულარიზაციისა და პირადი სარგებელის გამონახვის მიზნით ბავშვის ინტერესებს გვერდით გადადებ, მინიმუმ საზოგადოებამ მაინც უნდა მიგითითოს საკუთარ მავნებლურ და სამარცხვინო ქმედებაზე.

პოლ ტომას ანდერსონის ფილმში მაგნოლია, მსგავს სიუჟეტურ ხაზს ვაწყდებით, სადაც დაბალი ფენის წარმომადგენელი მარტოხელა მამა, თავის ერუდიტ შვილს სხვადასხვა სატელევიზიო ვიქტორინებში ატარებს, ღიად ეწევა მის ექსპლუატაციას და ამას იმით ამართლებს, რომ ბავშვი ნიჭიერია და უნდა გამოიყენოს საკუთარი შესაძლებლობები, რომლითაც ფულის შოვნა შეუძლია. ანდერსონი ბავშვის ფრუსტრაციებს წარმოაჩენს, რამხელა სტრესის ქვეშ უწევს ყოფნა, რამდენად გრძნობს თავს დაჩაგრულად და ა.შ. ფილმის ბოლოსკენ შვილი მამას თხოვს რომ ჩემს მიმართ უფრო კეთილი უნდა იყოო, რაც ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული სცენაა რაც შეიძლება იხილოთ.

ყველაფერი, რაც ზრდასრულობაში იჩენს თავს, კარგი თუ ცუდი, ბავშვობიდან მომდინარეობს, ყველაზე მოწყვლად მდგომარეობაში მყოფი პერიოდიდან, რომლის განმავლობაშიც მიღებული ტრავმები მომავალში გარდაიქმნება ჩვენ სასრულ ფსიქოლოგიურ პორტრეტად. ამიტომ აუცილებელია რომ ყველაზე დიდი ყურადღება სწორედ ამ საკითხს დავუთმოთ. ძალადობა მხოლოდ ცემით არ ვლინდება, ის შეიძლება მარტივ და უწყინარ აქტივობებშიც იყოს დალექილი, ისეთში, როგორიც საკუთარი შვილის ბავშვობის სამომხმარებლო ბაზარზე გაყიდვაა. იმ სიმღერის დასასრულს, ბატლერი ექსპლუატატორი მამის პირით მეტყველებს და ერთ კითხვას სვამს, რომელსაც აუცილებელია, რომ ცივილიზებულმა საზოგადოებამ ხაზგასმით გასცეს პასუხი. ტექსტში მამა შვილს ეუბნება, შენ ასაკში მე მინიმალურ ხელფასზე ვმუშობდი და ახლა არ მოგცემ უფლებას ყველაფერი წყალში ჩამიყაროო. აღარ ვაპირებ ვიყო საყვარელი და კეთილი და მითხარი ღმერთო, ამის გამო ანტიქრისტე ვარო? მგონია რომ ამაზე პასუხი ძალიან ცალსახა და ერთმნიშვნელოვანია.

 

 

 

 

 

1 2