ეძღვნება ბებერ ყარაულს ლოტკინის დასახლებიდან!

ეძღვნება ჰაჯი-უსუბს! ეძღვნება ჩვენს ზღვას!

 

ძველი ფოტოების თვალიერებისას ვიჯერებ, რომ ისინი, ვინც ახლა ჩემთან ერთად ცხოვრობენ – მშობლები და მათი თაობის ნაცნობი ნაწილი – კინოდან გადმომხტარი პერსონაჟები არიან, რომელთაც საერთო არაფერი აქვთ საკუთარ წარსულთან. მათი შლაქსების, ლენონების, ჰიპური ვარცხნილობის შემხედვარე, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები წლების წინ გაჩენილი იმ შეგრძნების უტყუარობაში, რომ სოხუმი კარნავალური ქალაქია. ამ კარნავალში მონაწილეობდა ყველა, ვინც იქ დაბადებულა ან ვისაც იქ უცხოვრია, ვისაც დაუსვენია ან გავლით აღმოჩენილა, მიუკითხავს რომელიმე გადამღები სტუდიის ფოტოობიექტივისთვის და შეუწირავს თავისი წილი კადრი ძველ ალბომში ჩასაკრავად. ცნობილია, რომ კარნავალის დასკვნით ნაწილში, როცა პერსონაჟებმა სახეებიდან ჩამოირეცხეს გრიმი, როცა თავებზე მწვანე ბენდენები გადაიჭერეს და შლაქსები ჩაანაცვლეს სამხედრო კამუფლაჟიანი შარვლებით, ეს ფოტოალბომები კბილებამდე შეიარაღებულებმა დაიცვეს.

ვხედავ, როგორ ეფარება ქვის ჯებირს ბიძაჩემი, ცნობილი ვალადაროვკელი მუჟიკი, ტურბაზის ბირჟის დაფასებული წევრი, სოხუმელი „ქურდების“ და „კაი ბიჭების“ ძმა და სამხედრო კამუფლაჟიან შარვალზე გამოკერებულ ამ კარნავალის მთავარ მტკიცებულებას, AK-47-ით შეიარაღებული თავგამეტებით იცავს, რადგან ის ერთადერთი ნივთია, რომლის გადარჩენასაც შეძლებს და უფრო მეტიც, რომლის გამოხსნაც მოაფიქრდება ცეცხლიდან და ერთ-ერთი უსასტიკესი ომიდან კავკასიის ომების ისტორიაში. წლების მერე მივხვდი რატომაც. იმიტომ, რომ ეს ფოტოალბომები ჩვენი უახლოესი ისტორიული მეხსიერების ჩიპებია, ბარათებია იმ ეპოქიდან, როცა ჯერ კიდევ არ არსებობდა სმარტფონები, აიფონები და სხვა ათასგვარი ვიაიპ ტექნოლოგიები, რომელიც შეძლებდა ყველაზე საშინელი სენისგან – საკუთარი თავის დავიწყებისგან დავეცავით.

ამ ბარათის მცველთაგან ერთ-ერთი, ბიძაჩემი, იგივე ბაგრატოვიჩი, 1960 წელს დაიბადა, ამხანაგ ბერიას დროს აფხაზეთში გადასახლებული რაჭველი კაცისა და გურული ქალის ოჯახში, რომლის ვერანდიდანაც ხელისგულივით მოჩანდა ზღვისპირა ქალაქი სოხუმი, მის ნაპირებთან მომდგარი ქათქათა გემების გუნდი და ზღაპრული დაისები. ამ სილამაზით ნასაზრდოებს და თავის ქალაქზე უზომოდ შეყვარებულს ჯერ კიდევ ბავშვობაში ეწვია შთაგონება, კიდევ უფრო ახლოს გაეცნო ის და ზღვის ნაპირზე ჩაიპარა. ასე გახდა სოხუმის ბირჟები, ტურისტული თავყრილობები, ბერეგი, ამრა, იქაური მედუზები და თოლიები მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. მომავალი ბარათის მცველი ქალაქს ვერც შუაღამისას აშორებდა თვალს და საკუთარ ვერანდაზე მარტო მოკალათებული, სიყვარულით ითვლიდა მის ნაპირებთან მომდგარ მანათობელ გემებს, წრუპავდა რაჭიდან წამოღებული რეცეპტით მარანში მამამისის დაყენებულ წითელ ღვინოს, აბოლებდა სიგარეტს და აკაკის „გამზრდელს“ კითხულობდა. გათენებისთანავე ისევ ტურბაზის შემოგარენს უბრუნდებოდა და თავის ინტერნაციონალურ საძმოში ისევე ლაღად გრძნობდა თავს, როგორც შავი ზღვის დელფინები გრძნობდნენ მაშინდელ აფხაზეთის სანაპიროზე.

კარნავალის დასასრული მაშინ გაცხადდა, როცა პირველი ტყვია ისროლეს. ბარათების მცველმა ხელი ჩაავლო თავისი არსებობის 30-წლიან, სურათებად დანაწევრებულ ისტორიას, რომელიც ახლა უკვე ჩემიცაა და თქვენიც, ხელში აიღო ავტომატი და პირველ ბატალიონში საბრძოლველად ჩაეწერა. უშედეგო ბრძოლის შემდეგ ვერ შეძლო ასე ერთბაშად ზღვასაც გამოთხოვებოდა, მის ნაპირს ქვემოთ ჩამოჰყვა და საცხოვრებლად ფოთი აირჩია. ამის შემდეგ მისი ცხოვრებიდან რამენიმე ნაცრისფერი ფრაგმენტის გახსენება თუ ღირს, მაგალითად, როგორ ბინავდება ერთ-ერთ ხის ბინძურ საამქროში და ცხოვრების მომდევნო 20 წელს იქვე ატარებს. კითხულობს უჩვეულოდ ბევრ ყვითელფურცლიან წიგნს და დროდადრო აკითხავს  ფოთის ნავსადგურს. როგორ გაჰყურებს უფუნქციოდ დარჩენილ წითელ კომეტას, რომელსაც ამშვენებს მარშრუტის აღმნიშვნელი თეთრი წარწერა – „სოხუმი“, როგორც უამრავ წითელი იკარუსის მარკის გაჩერებულ ავტობუსს საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან, ან სვამს უსაშველოდ ბევრ არაყს, ფიქრობს სოხუმში ჩარჩენილ მშობლებზე და თავქვეშ ალბომამოდებული ცდილობს დაძინებას.

არ ვიცი, ვინ როგორ გადაიტანა ის მარცხი, მაგრამ ახლა, როცა თავიდან გავადევნებ თვალს ამ ერთი კაცის ბიოგრაფიას, მგონია, რომ მისი დუმილის, უკიდურესი მელანქოლიის, არყის ბოთლებისა და სიგარეტის ცარიელი კოლოფების მიღმა, სინდისის დაუმსახურებელი ქენჯნა იდგა და დღემდე დგას. არსებობს არაერთი ფილმი ბანალური სიუჟეტით, სადაც ტყვეს თავისუფლებას სთავაზობენ, ის კი ღია საკნიდან არ გამოდის, რადგან პატიმრობა თავისივე არჩევანია. ხანდახან მეჩვენება, რომ ეს კაცი თავისი იდეის ტყვეა, რომელმაც გადააწყვეტინა დაუმსახურებელ თვითგვემაში ეცხოვრა მთელი ორი ათწლეული წაგებული ომიდან და, პატიოსნად, ყოველგვარი ამნისტიის გარეშე მოიხადა საკუთარი თავისთვის დაკისრებული სასტიკი სასჯელი – მთელი ცხოვრება  მარტოს გაეტარებინა. ამიტომ მგონია, რომ, დროდადრო, როცა ზღვისკენ გადასული წითელი, ვეებერთელა მზე მისი სადგომის ნახერხით გადამტვერილ ფანჯრებზე აირეკლებოდა, ის თავის მეხსიერების ბარათში იჭვრიტებოდა, ითვლიდა სურათებში აღბეჭდილ მკვდრებს და ზღვისპირა კარნავალის დასასრულს ყველაზე მტკივნეულად განიცდიდა. მასავით იქცევიან დღემდე საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში დაფანტული ზღვისპირა ომის ვეტერანები, რომლებიც ნერვიულად აბოლებენ პაპიროსს, მარადიულ replay-ზე უყენიათ თვალებში ჩაშენებული, წაგებული ომის შავ-თეთრი კადრები და აღარაფერს ჰყვებიან, აღარავის აღარ ეძებენ. ერთმანეთსაც კი.

ფოთში ცხოვრების 26-წლიანი პაუზის შემდეგ ისტორიული მეხსიერების ბარათის მცველი ერთხელ თბილისში აღმოჩნდა, „დირსის“, თუ „არქის“ მშენებარე ბინების ყარაულად, მანამდე კი დიაბეტი აიკიდა და იძულებული გახდა, უარი ეთქვა სასმელზე. ერთ დღესაც სახლში ვარ, ფოთში, და დედაჩემი მეუბნება: „გაიგე? თურმე სიგარეტი მიუტოვებია“. სასაცილოდ არ მეყო. „ვის, ბაგრატოვიჩს? 40-წლიანი სტაჟი ჰქონდა, ომის მერე დღეში ორი კოლოფი არ ჰყოფნიდა, რას მეუბნები“. მაგრამ დედაჩემი იმდენად დამაჯერებლად აგრძელებდა თავის ძმაზე ამ უჩვეულო ამბის მოყოლას, რომ გადავწყვიტე თავად გადამემოწმებინა.

ერთმანეთს ლოტკინზე ნაქირავებ ერთოთახიან ბინაში შევხვდით, ცხოვრების ნამდვილ კინოპავილიონში. რა დამამახსოვრდა იქიდან? – ერთი ლოგინი, ორი სკამი, მაგიდაზე ღვინით სავსე ორი ჭიქა და მის გვერდით შავ-თეთრ სურათებიანი გადაშლილი ფოტოალბომი. ალბომი მკვდარი და ცოცხალი ადამიანების სურათებითაა სავსე. ჩანს გემი, თეთრი შენობა, ღიმილიანი სახეები, ამრა. მოულოდნელად იუტუბზე აკაკის „გამზრდელის“ აუდიოვერსია ირთვება, ისტორიული ჩიპის მცველი ზეპირად ყვება სტრიქონებს. ლაპარაკობს წარსულზე, კელასურზე, პოეზიაზე, ლოტკინელი განაბების ბიოგრაფიაზე და გაუმჟღავნებელ კადრებზე, რომლებიც თავისსავე ძველ, მაგიდაზე შემოდებულ ალბომში თავის დროზე ვერ შეიტანა. ლაპარაკობს ყველაფერზე ომის გარდა, რადგან ნამდვილი მეომრის ამომცნობი ერთადერთი და უტყუარი ინდიკატორი დუმილია.

არსებობენ ყოველ ფეხის ნაბიჯზე შემხვედრი ტიპური Rembo-ები, რომლებიც თავიანთი გმირობების ამბებს ყვებიან. არსებობენ ისეთებიც, რომლებსაც ეკრანებივით თვალებში აქვთ ჩაშენებული ომის კადრები და არაფერს გიყვებიან, ან რაც უფრო ნაკლებს გიყვებიან, მით უფრო მეტი აქვთ ნანახი. სხედან ჩუმად და იციან, თითოეული მოგონება ის ტყვიაა, რომელსაც თავის დროზე სასწაულით გადაურჩნენ და ახლა, სადღაც, ლოტკინზე ნაქირავებ ერთოთახიან ბინაში ამ მოგონებებს არ უნდა გაამეტებინონ დასახვრეტად თავი. არ ვიცი კარგია, თუ ცუდი, რომ ეს კაცი, იმ უტყუარ ნიშან-თვისებას ატარებს, რომლითაც მეომარი შეიცნობა: მარტო ცხოვრობს და ომზე არაფერს ყვება. იმ დღესაც ათას რამეზე ვილაპარაკეთ ამის გარდა, მაგრამ ბოლოს, როცა დაიღალა ყუმბარის ნამსხვრევებისგან გადაცხრილული წვივების ქავილით, სიმართლე მაინც უცერემონიოდ მომახალა პირში: „ამ ქვეყანაში ყველაზე კანონზომიერი ომში სიკვდილია“. ვიცი, ეს ფრაზა მისთვის კიდევ ბევრჯერ გახდება იმაზე ფიქრის მიზეზი, რომ თავად კანონზომიერების მიღმა აღმოჩნდა და გადარჩა იქ, სადაც თითქოს არ იყო გადარჩენის შანსი.

მას შემდეგ მთელი მისი ცხოვრებაც ამ კანონზომიერების წინააღმდეგ დინებას გავს; 22 ლარიანი პენსია ერიცხება და თან არ წუწუნებს,  დეტალურად იცნობს ლოტკინელი განაბების ბიოგრაფიას, ამასთან კი, წაკითხული აქვს არაერთი კლასიკოსის ნაწარმოები, მარადიულ replay-ზე უყენია თვალებში ჩამახსოვრებული, ზღვისპირა კარნვალის ფინალური კადრები: სისხლი, ცეცხლი, სიკვდილი – და მაინც, როგორღაც ახერხებს სიგარეტისთვის თავის დანებებას.

მე კი უომრადაც არ ვიცი ეს როგორ ხდება.