ახლა უშუალოდ „დოქტორ ჟივაგოს“ ისტორია. რომანი დამთავრებისთანავე ბორის პასტერნაკმა ე. წ. „გოსიზდატში“ („სახელგამი“) გაგზავნა. მოსკოვის ამ გამომცემლობისგან ავტორმა დადებითი პასუხი მიიღო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ნაწარმოები გარკვეული ხნის შემდეგ გამოიცემოდა. ამით გულდაჯერებულმა მწერალმა ვრცელი ასლი იტალიელ გამომცემელ ჯანჯაკომოფელტრინელის გადაუგზავნა და აი, ამის შემდეგ მოხდა სრულიად მოულოდნელი რამ: „გოსიზდატმა“ აკრძალა წიგნის გამოცემა იმ მიზეზით, რომ ნაწარმოებში ბოლშევიკური რევოლუცია ნაჩვენები იყო, როგორც სასტიკი დანაშაული. ხელისუფლების სახელით გარკვეული წრის ჩინოვნიკებმა პასტერნაკისგან მოითხოვეს იტალიაში გაგზავნილი დედნის ასლის უკან დაბრუნება. ჯანჯაკომოფელტრინელიმ დედანი უკან აღარ დააბრუნა. წიგნი გამოიცა იტალიაში ორ ტომად და აქედან დაიწყო ბორის პასტერნაკის სახელის აღზევებაც და მწერლის მორალურთან ერთად ფიზიკური განადგურებაც. ჯერ ნობელის პრემიაზე ათქმევინეს უარი, მერე მწერალთა კავშირიდან გარიცხეს, შემდეგ კი ისეთი გარემოცვა შეუქმნეს, რომ ფაქტობრივად მომაკვდინებელი მარტოობა დაეუფლა. „დოქტორ ჯივაგო“ მხოლოდ „პერესტროიკის“ პერიოდში გამოქვეყნდა საბჭოთა კავშირში.
1940 წელს ჟურნალ „ლენინგრადის“ ერთ-ერთ ნომერში გამოქვეყნდა ანა ახმატოვას ლექსები. პოეტს მანამდე თხუთმეტი წლის განმავლობაში ერთი ლექსიც კი არ დაუბეჭდავს. სტალინის გამონათქვამიც კი გავრცელდა, რატომ აღარსად ჩანს ანა ახმატოვაო.
ჟურნალში გაკეთებულ პუბლიკაციას მალე პოეტის წიგნიც მოჰყვა. ახმატოვას, ლიდია ჩუკოვსკაიას სიტყვით, ძალზე აწუხებდა ის გარემოება, რომ წიგნში ვერ ჩართო პოემა „რეკვიემი“. ეს პოემა პოეტის სიცოცხლეში არ დაბეჭდილა, მხოლოდ „პერესტროიკის“ პერიოდში გამოქვეყნდა. პოემა ფაქტობრივად გოდებაა დაკარგული ქმრის და დაპატიმრებული ვაჟიშვილის გამო. ახმატოვას წიგნები ლენინგრადის მწერალთა ფარდულში განათავსეს. როგორც ამბობენ, სამასი ცალი მწერლებს დაურიგეს, გასაყიდად კი საერთოდ არ გამოუტანიათ.
ამ პერიოდში ჟდანოვმა ერთ-ერთი პარტიული მუშაკის მოხსენებითი ბარათი მიიღო, სადაც ასეთი ვითარება იყო აღწერილი: „ამ წიგნში რევოლუციურ და საბჭოთა თემაზე დაწერილი ლექსები არ იპოვება. ახმატოვასლექსურ ნაგავს ორი წყარო წარმოშობს: ღმერთი და „თავისუფალი“ სიყვარული. „მხატვრულ“ სახეებს საამისოდ პოეტი საეკლესიო ლიტერატურაში ეძიებს. აუცილებელია გავრცელების პუნქტიდან ამ ლექსების ამოღება“.
ა. ჟდანოვი სასტიკ რისხვას აფრქვევდა: „როგორ იხილა ამ წიგნმა დღის შუქი? ვინ წამოწია წინა პლანზე? როგორია „მთავლიტის“ პოზიცია?
ცენტრალური კომიტეტის დადგენილების თანახმად, „ახმატოვას წიგნის გამო“ მკაცრი საყვედური გამოეცხადა გამომცემლობას და „მთავლიტს“. ეს ლექსები მოხსენიებულია, როგორც „რელიგიურ-მისტიკური“. ჟდანოვისეული რეზოლუციის შემდეგ წიგნის ტირაჟი გაქრა.
ჯონ სტაინბეკის ცნობილი რომანი „მრისხანების მტევნები“ მუდმივად იკრძალებოდა, თავიდანვე ასეთი ბედი დაჰყვა. არადა, რაც უფრო მატულობდა აკრძალვის სიხშირე, მით უფრო მეტ სახელს იხვეჭდა წიგნი. ეს რომანი იმთავითვე ბესტსელერად იქცა. წიგნის დაწვის ბრძანება რომ გაიცა ისტ-სენტ ლუისში, მაშინ 11340 ეგზემპლიარი გაიყიდა. მცირე ხნის შემდეგ სარეკორდო რაოდენობა გასაღდა – 430 ათასი ცალი.
წიგნზე თავდასხმა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გრძელდებოდა. კანზასის შტატში ოცი საჯარო ბიბლიოთეკიდან ამოიღეს რომანი. მიზეზი ასე გამოითქმოდა: მკითხველის შეურაცხყოფა, უხამსობა, „ცხოვრების ტლანქი გამოსახვა“, ქალების აბუჩად აგდება, მათი ღირსების შელახვა. ნიუ-იორკის შტატში, ბუფალოში ბიბლიოთეკების ქსელის უფროსმა უარი განაცხადა ამ წიგნის შეძენაზე ნაწარმოების „ვულგარულობის“ გამო. ილინოისის შტატში, ისტ-სენ – ლუისში ბიბლიოთეკის საბჭოს წევრებმა ჯერ წიგნების დაწვა გადაწყვიტეს, მერე კი, ვინაიდან ამ გადაწყვეტილებამ ხალხში ფორიაქი გამოიწვია, ეს ნაწარმოები „უფროსებისთვის განკუთვნილი“ წიგნების თაროზე შემოდეს. ესეც ერთ-ერთი ნაცადი ხერხი იყო რომელიმე წიგნის განრიდებისა.
აკრძალული წიგნების განხილვა არა მგონია ერთ საჟურნალო წერილში მოთავსდეს. ყოველივე ამას უფრო ვრცელი პუბლიკაცია უნდა მიეძღვნას. სხვადასხვა დროს სხვადასხვა მიზეზით იკრძალებოდა წიგნები, მაგრამ ამ წიგნების მაღალმხატვრულობა ძლევდა დროისა და სივრცის ვიწრო ჯებირებს და მარადისობაში გადაჰქონდა თავის სათქმელი…
1 2