ნამდვილი ღირებულების მქონე მხატვრულ ნაწარმოებს ყოველთვის უკიდურესად თავისუფალი აზროვნება წარმოშობს. ეს თავისუფლება მეტწილად ვერ თავსდება ხოლმე სახელმწიფოებრივ ჩარჩოებში. ასე იყო ოდითგან და ასეა დღესაც. ამიტომაც არსებობდა და არსებობს ცენზურა. თუკი ლიტერატურის ისტორიას ცენზურული შეზღუდვების კუთხით გადავავლებთ თვალს, საინტერესო სურათი გადაგვეშლება. ეს საინფორმაციო ნარკვევიც ცენზურის პარადოქსულმა ხასიათმა შთამაგონა.
იოჰან ვოლფგანგ  ფონ გოეთეს ეპისტოლარული რომანი „ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი“  არნახულად პოპულარული გახდა. ოცდახუთი წლის ავტორმა სახელი მოიხვეჭა, ნაწარმოები კი XVIII საუკუნის მთავარ ლიტერატურულ სენსაციად იქცა. ამ რომანმა მთელი ევროპის ახალგაზრდობა შეძრა და ააფორიაქა.
ვერტერისა და ლოტეს ურთიერთობა გოეთეს ბიოგრაფიულ ფაქტებს უკავშირდება. თომას მანს ეკუთვნის რომანი „ლოტე ვაიმარში“, სადაც დიდი გერმანელი მწერლის ბიოგრაფია მხატვრულად გაშლილი და განზოგადებულია. აქ არის მოყვანილი გოეთეს ცხოვრების ის მონაკვეთიც, რომელიც ლოტეს ეძღვნება.  თომას მანი წერს:  „ვერტერში“ აღიბეჭდა გოეთეს დიდი ნიჭიერება, ამ წიგნის უკიდურესმა ემოციურმა მგრძნობელობამ აღფრთოვანების ქარიშხალი გამოიწვია, ყველა საზღვარი გადალახა და მთელი ქვეყნიერება გააბრუა“.
გოეთემ მთელი თაობის მრწამსი გამოხატა. მან უფროსი თაობის რაციონალიზმის და მორალური დიდაქტიკის წინააღმდეგ გაილაშქრა. ეს ნაწარმოები იმ ლიტერატურის ერთ-ერთი პირველი ცდა იყო, რომელსაც მოგვიანებით აღსარებითი უწოდეს.
ვერტერის თვითმკვლელობას გერმანელ და ფრანგ ჭაბუკებსა და ქალიშვილებს შორის მიმბაძველები გამოუჩნდნენ. კრიტიკოსები თავს დაესხნენ მწერალს, ისინი გმობდნენ ავადმყოფური მგრძნობელობის გაღვივებას და დამანგრეველ ზეგავლენას. ლაიფციგის თეოლოგიის ფაკულტეტმა გაავრცელა თავისი მოწოდება, სადაც ის მოითხოვდა ნაწარმოების აკრძალვას იმ მოტივით, რომ თვითმკვლელობის პროპაგანდას ყოველი დრო და ეპოქა ეწინააღმდეგებოდა. დანიაში აიკრძალა ამ წიგნის თარგმანი, რადგან სახელმწიფო რელიგია, ლუთერანული დოქტრინა უპირისპირდებოდა თვითმკვლელობას.
თავის მემუარებში კი გოეთე წერდა: „ მე სინამდვილე პოეზიად ვაქციე, რამაც თავისუფლება და შვება მომანიჭა, ჩემი მეგობრები კი მიიჩნევდნენ და ალბათ არასწორად ფიქრობდნენ, რომ პოეზია უნდა ვაქციოთ სინამდვილედ, ცხოვრებაში უნდა გავითამაშოთ  ეს რომანი და ბოლოს თავი მოვიკლათ.“  უკანასკნელად, 1939 წელს  „ვერტერი“ აკრძალა ესპანელმა დიქტატორმა ფრანსისკო ფრანკომ.
ყველას გვახსოვს სტენდალის შესანიშნავი რომანი „წითელი და შავი“, რომელიც ქართულად გერონტი ქიქოძემ თარგმნა. არაერთხელ აღნიშნულია, რომ ეს თარგმანი ესთეტიკური ღირებულების მქონეა და ზედმიწევნით კარგად გადმოსცემს დედნის ჟღერადობას. მდაბიო წარმოშობის ნიჭიერი ჭაბუკი ჟულიენ სორელი თავდავიწყებით ცდილობს სოციალური სტატუსის მოპოვებას. ნაპოლეონის დროს სამხედრო სამსახურის გზით შეიძლებოდა წარმატების მიღწევა. ბურბონების ეპოქაში კი კათოლიკური ეკლესია იქცა ახალ ასპარეზად. ჟულიენიც სწორედ ამ გზას დაადგა, თუმცა ეს გზა იოლი არ გახლდათ, ვინაიდან სემინარიაში მოსაწყობად ლათინურის და თეოლოგიის შესწავლა იყო საჭირო. ჟულიენსაც ცდა არ დაუკლია და ქალაქ ვარიერის მდიდარი მერის ბატონ დე რენალის ოჯახში მოეწყო გუვერნიორად.
ჟულიენი ქალაქის მერის მეუღლესთან სასიყვარულო ურთიერთობას ხლართავს. მას შემდეგ კი, რაც ანონიმური წერილის მეშვეობით ამ ფარულ კავშირს აეხდება ფარდა, ჭაბუკი ტოვებს ოჯახს და ბეზანსონის სემინარიაში განაგრძობს სწავლას. საეკლესიო გარემოცვა ფარისევლობის და უნიჭობის ბუდეა. ახალგაზრდა სემინარისტების სწრაფვას უფრო ეკონომიური საფუძველი აქვს, ვიდრე სულიერი და ინტელექტუალური.
სემინარიის შემდეგ ჟულიენ სორელი პარიზში განაგრძობს  მოღვაწეობას. ის თავად მარკიზ დე ლა მოლის პირადი მდივანი ხდება. ცხადია, მხოლოდ ამას არ დასჯერდება და მარკიზის ქალიშვილთან, მატილდასთან გააჩაღებს რომანს. მატილდა დაფეხმძიმდება და მარკიზი იძულებულია დათანხმდეს მათ ქორწინებას. ჟულიენს განაღდებული აქვს ტიტულიც,  ქონებაც და შემოსავალიც. მაგრამ სწორედ ამ დროს მარკიზი იღებს ქალბატონ დე რენალის მამხილებელ წერილს, სადაც ჟულიენის ისტორიაა მოთხრობილი. მარკიზი წყვეტს ქორწინებას. შურისძიების ჟინით შეპყრობილი ჟულიენი ეკლესიაში სასიკვდილოდ იმეტებს ქალბატონ დე რენალს – ესვრის მას.
ჟულიენს უმკაცრესი განაჩენი გამოუტანეს და მას გილიოტინაზე  სიკვდილი ელოდება. „სიმართლე რომ ვთქვათ, – ფიქრობს ჟულიენი – ქრისტიანული ღმერთი დამთრგუნველია, მე თუ იმქვეყნად შევხვდები მას, ის მე დამთრგუნავს, გამანადგურებს.“
სტენდალს უთქვამს, ჩემი მკითხველების რიცხვი მცირე იქნება და აღიარება კი სიკვდილიდან ორმოცდაათი წლის შემდეგ თუ მეღირსებაო. მისი წინასწარმეტყველება უტყუარი გამოდგა. მწერლის სიცოცხლეში რომანი  „წითელი და შავი“  მხოლოდ ერთხელ გამოიცა. ეს წიგნი აკრძალა კათოლიკურმა ეკლესიამ მისი ანტიკლერიკალური შინაარსის გამო.
ჩარლზ დიკენსის რომანში „ოლივერ ტვისტი“ არის ერთი პერსონაჟი – ფეჯინი – რომელიც არაერთხელ მოიხსენიება, როგორც „ებრაელი“.  XIX  საუკუნის ინგლისურ ლიტერატურაში არსებობდა გარკვეული შაბლონი, რომელიც ებრაელებისადმი დამოკიდებულებაში მჟღავნდებოდა და მათ  ხასიათს ქმნიდა. „ოლივერშიც“ მსგავსმა შაბლონმა იჩინა თავი. ფეჯინის ჟღალი თმა და წვერი ეშმაკის ადრეულ გამოსახულებებთან ასოცირდებოდა. ვინ არის ფეჯინი? ეს არის თაღლითი, რომელსაც კაუჭის მსგავსი ცხვირი აქვს, გრძელი სერთუკი აცვია და ფართოფარფლებიანი ქუდი ახურავს. 1830 წელს ლონდონში ებრაელებს ეკრძალებოდათ მაღაზიებს ფლობა, ადვოკატებად მუშაობა, საუნივერსიტეტო ხარისხის მიღება და პარლამენტარობა. მათი მოღვაწეობის სფერო უაღრესად ვიწრო იყო, ამიტომაც ინგლისელი ებრაელები, რომელთა რიცხვი 20 ათასიდან 30 ათასამდე აღწევდა, ცხოვრების სარჩოს ძველი ტანსაცმლის გაყიდვით და მევახშეობით მოიპოვებდნენ. 1830 წელს მოეწყო ებრაელი შემსყიდველის აიკი სოლომონსონის სასამართლო. ეს ბრალდებული ფეჯინის მსგავსად შეისყიდიდა მოპარულ ძვირფასეულობას, ტანსაცმელს და ქსოვილებს. სასამართლო პროცესმა მნიშვნელოვანი როლი  შეასრულა ფეჯინის სახის შექმნისას.
დროთა მანძილზე ინგლისში ებრაელთა მდგომარეობა შეიცვალა ან, უკეთ რომ ვთქვათ, გაუმჯობესდა. ამისდა კვალად დიკენსმაც შეცვალა თავისი პერსონაჟი, მაგრამ ფეჯინი მაინც ფეჯინად დარჩა. 1949 წელს ბრუკლინელმა ებრაელებმა პროტესტი გამოთქვეს საშუალო  სკოლაში „ოლივერ ტვისტის“ სწავლების გამო. მათ აღძრეს სარჩელი განათლების სამმართველოს წინააღმდეგ. მათი პროტესტის მიზეზი დიკენსისეული პერსონაჟი ფეჯინი და შექსპირისეული შაილოკი გახლდათ. ბრუკლინელი ებრაელები ფიქრობდნენ, რომ ეს პერსონაჟები ნაციონალურ სიძულვილს აღვივებდნენ. სასამართლომ მათი სარჩელი გააუქმა, ვინაიდან ამ წიგნების აკრძალვისთვის სათანადო მტკიცებულება არ არსებობდა.
ცენზურა მიხაილ ლერმონტოვის „დემონსაც“ შეეხო. გენიალური რუსი პოეტი პირველივე პუბლიკაციიდან პოლიტიკურად არასაიმედოდ იქნა მიჩნეული. მისი ცნობილი ლექსი „პოეტის სიკვდილზე“ რევოლუციურ მოწოდებად აღიქვეს მეფის რუსეთის დიდმოხელეებმა.
პოემა „დემონი“ ლერმონტოვის სიცოცხლეში არ დაბეჭდილა. პირველად ამ პოემის გამოქვეყნება სცადა ა.კრაევსკიმ თავის ლიტერატურულ ჟურნალში, მაგრამ ნაწარმოების ნაცვლად გამოქვეყნდა ამგვარი ინფორმაცია: „დემონი“ არ ქვეყნდება რედაქციისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო“. მოგვიანებით კრაევსკის მცდელობას ცნობილი კრიტიკოსი ბელინსკიც შეუერთდა. ისინი ერთობლივად ცდილობდნენ ამ პოემის გამოქვეყნებას. ამ მცდელობამ შედეგი გამოიღო. ნაწყვეტები პოემიდან გამოქვეყნდა უსათაუროდ და მკითხველის გამოხმაურებაც გამოიწვია. „დემონის“  პირველი სრული ვარიანტი გამოქვეყნდა 1856 წელს კარლსრუეში. ამას მოჰყვა კვლავ საზღვარგარეთული პუბლიკაციები ბადენსა და ბერლინში.
ალექსანდრ გრიბოედოვის პიესა „ვაი ჭკუისაგან“ გამოქვეყნებისთანავე სამთავრობო წრეებმა პოლიტიკურ სატირად მიიჩნიეს. ასეთმა ვერდიქტმა, რასაკვირველია, ცენზურაზეც მოახდინა  გავლენა. ცენზორების შიში ძნელი ასახსნელი არ იყო: მოსკოვის გენერალ-გუბერნატორი თავადი გოლიცინი ამბობდა, გრიბოედოვმა მთელ მოსკოვზე დაწერა პასკვილიო. 1826 წელს პიესის ავტორი დეკაბრისტების საქმის გამო დააპატიმრეს. ამან კიდევ უფრო დაამძიმა ვითარება. დაპატიმრებული გრიბოედოვი უარყოფდა დეკაბრისტებთან თანამშრომლობას. მწერალი გამომძიებელს მიუთითებდა თავის ერთ-ერთ პერსონაჟზე. მართლაც პიესაში გამოყვანილი იყო  ერთი საცოდავი და სასაცილო  „შეთქმული“ პერსონაჟი, გვარად რეპეტილოვი. გრიბოედოვი ოთხთვიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს, თუმცა ამით ამ ბრწყინვალე ნაწარმოების ხვედრი ოდნავადაც არ შემსუბუქებულა. საბოლოოდ კი გრიბოედოვმა ისე დაასრულა  თავისი სიცოცხლე, რომ  „ვაი ჭკუისაგან“  არც გამოქვეყნებული უნახავს და არც სცენაზე დადგმული. ესეც ბედის ირონიაა.
ჯორჯ ორუელის  „1984“  ანტიტოტალიტარული რომანია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კომუნისტურმა იდეებმა დაიპყრო საბჭოთა კავშირი და აღმოსავლეთ ევროპა. გაჩნდა შიში იმისა, რომ ტოტალიტარული სისტემა აშშ-ის და სხვა კაპიტალისტური ქვეყნების მონაპოვარს ზიანს მიაყენებდა. ჯორჯ ორუელის რომანი, რომელიც პირველად 1949 წელს  გამოქვეყნდა, სწორედ უკიდურესი ტოტალიტარიზმის წინასწარი განჭვრეტა გახლდათ, ამიტომაც ეწოდა მას „1984“. უნდა ითქვას, რომ  ორუელმა ტოტალიტარული სახელმწიფოს ნიშნები ზედმიწევნით ზუსტად  წარმოაჩინა. ამგვარი რეალობა უკვე არსებობდა და ამ რეალობის გათვალისწინება მწერალს არ გასჭირვებია, თუმცა  ამავე დროს  ორუელმა ძლიერი წარმოსახვის მეშვეობით მომავალი განჭვრიტა და  უკვე არსებული ნიშნების უკიდურესობამდე გამძაფრება შეძლო. პიროვნების სრული ნიველირება, მასაში გათქვეფა, ძალადობა, ცრუ ინფორმაციის პროპაგანდა, საზოგადოების ჩაკეტილ სივრცეში მოქცევა, შიში და ძრწოლა ძლიერთა ამა ქვეყნისათა წინაშე – ყოველივე ეს კონკრეტული პერსონაჟების ხასიათების და სიუჟეტური განვითარების საშუალებით გადმოსცა.
ეს ნაწარმოები საბჭოთა კავშირში და სხვა ტოტალიტარულ ქვეყნებში იმთავითვე იკრძალებოდა. მოგვიანო პერიოდში  „1984“  ამერიკის შეერთებულ შტატების საჯარო სკოლებში აიკრძალა, როგორც მოზარდებისთვის არასასურველი ლიტერატურა. დღესდღეობით ეს წიგნი XX საუკუნის მსოფლიო კლასიკად არის ქცეული.
XX საუკუნის აკრძალულ წიგნებზე  როცა არის საუბარი, არ შეიძლება დავივიწყოთ ბორის პასტერნაკის „დოქტორ ჟივაგო“. ეს მწერლის პირველი და უკანასკნელი რომანია, რომელმაც არამხოლოდ მსოფლიო სახელი მოუხვეჭა მას, არამედ ნობელის პრემიაც არგუნა. ბორის პასტერნაკი ლირიკოსი პოეტი იყო, წერდა მოთხრობებს და ესეებს, თარგმნიდა სხვადასხვა ევროპული ქვეყნების ლიტერატურას. „დოქტორ ჟივაგოს“ შექმნა საზოგადოებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, ვინაიდან ის მრავალი წლის მანძილზე მუშაობდა ამ რომან-ეპოპეაზე. ფაქტობრივად მან მთელი თავისი ცხოვრებისეული ცოდნა და გამოცდილება ჩადო ამ წიგნში. ექიმი ჟივაგო არის რომანის მთავარი გმირი და ნაწარმოები  მის ბედისწერაზე მოგვითხრობს. რომანი რუსეთის ისტორიის კატაკლიზმებით აღსავსე პერიოდს მოიცავს-XX საუკუნის  დასაწყისი, 1917 წლის რევოლუცია, სამოქალაქო ომი,  1930-იანი წლების ტერორი. ეპილოგში ჟივაგოს სიკვდილის შემდეგ მოქმედება მეორე მსოფლიო ომის ფონზე ვითარდება. ეპილოგი შეჯამებაა წარსულისა და განჭვრეტა მომავლის.
სტალინის ეპოქის დამთავრებისთანავე საბჭოთა ცენზურა შესუსტდა. 1953 წელს პასტერნაკი განაგრძობს რომანის წერას. რეპრესიების წლებში მწერალი დუმდა, თარგმანებით გადიოდა ფონს. მან თარგმნა გოეთეს „ფაუსტი“, შექსპირის მთავარი პიესები, კლაისტის დრამატურგია,
დასავლური ლირიკა. ეს თარგმანები უმაღლეს პროფესიულ დონეზეა შესრულებული.

 

 

 

 

 

1 2