მოკუნტული ლექსი

 

სიკეთესთან მჭიდრო კავშირისთვის გამეტებული ხურდასავით ჩხრიალებს ცხოვრება უმეტესად.

იძინებ და გავიწყდება  ყველა მიზეზი მოძრაობის,

რაც გახდა შენი ორგანული სისტემისთვის

სიმძაფრის გამომწვევი,

ან დაუზუსტებელი მნიშვნელობიდან გამომდინრე – გადაჭარბებულად საუცხოო. დავიწყება უწონადობაში გადამისამართებული კატეგორიაა,

ზემოქმედების ძალებზე დამოუკიდებლად ამყოლი,

სიჯიუტის კოეფიციენტით გამკვრივებული,

რომელსაც ავარიული კედელივით ვერ ჩამოშლი

დაფარულის გამოსაჩენად,

რითიც არ უნდა იყოს ნაშენი,

ან მოფამფალებული.

დავიწყების სისტემური ენა დაბლარულია,

გაუფერულების ნაკადით მოტანილი ნაშალისგან შენიღბული

შეფარული უმართაობა,

რომლითაც სიცოცხლე არ ითარგმნება.

 

                                                          26 ნოემბერი 2022 წლის

 

 

 

ქვას

 

ქვამ უწონობა იხალოს თავში

გადაიღვლიპოს კოპი,

ღორღი დაიპნეს ჩაქოლილი გვამის კეფასთან.

გადაამღერონ  რისხვა ნუგეშად.

დაკმაყოფილდეს ერთი აზრის ტყვეობის ნება,

ყველა ფარული სურვილიდან გამომდინარე,

რომლიდანაც ხელის აღება მორალის მოქნილ სილუეტზე

ზრუნვის ქმედება,

ან უფრო მეტიც – თვალსაჩინო მონდომებაა.

გზას ვერ იკვლევენ ერთმანეთისგან უმეტესწილად,

ასეთი მიზნით მოძრავი ხმები.

ამხელენ ყველას ვინც არაფრით არის სხვაგვარი,

უბრალოდ მათთან შედარებით – გამბედავია.

უღონო შიშით ნასაზრდოებ ადამიანში

ასე ბინადრობს მეტისმეტად კოლექტიური

და რელიგიის ტყვეობაში მყოფი ჯალათი.

ქვამ უწონობა იხალოს თავში,

ხელში ატირდეს,

გასროლილმა კი სამიზნემდე ბევრი იფიქროს,

ღირს თუ არა მოხვდეს სიცოცხლეს

და ინანოს ამდენში რომ ამოარჩიეს.

სად გაგონილა სინანულით მოცდეს მსროლელი,

ის ხომ ლოცულობს.

 

 

 

1 2 3