თერმოლექსი

 

გამომესარჩლე წყლის დანაყვით დაღლილო თავო,

რაღას დაეძებ,

სად დაეგდება ჩემი სურვილი.

ჩემი დაძვრენა იოლია ყველა სარმადან,

სოროს ვადგავარ,

სათყვანებელ ქვეწარმავლებს ვემუდარები ამპარტავანი,

ხვრელით ამოსვლას,

არც ისე ტკბილად მოუბარი წაღიღინებით

და ვუფრთხილდები გამოსავლის მოახლოებას.

საკმარისად მკვდარი თუა ადამიანი,

შესაძლოა ცოცხალიც იყოს იმავდროულად.

რაღას დავეძებ ერთი ხელის მოსმით ვახერხებ

გავყვე დინებას,

გავახილო თვალი და გავმხნევდე,

ავუშვა კბილი ენას და დავმშვიდდე,

მივენდო სიტყვას და წავხდე.

,,თუ გინდა წყალი დანაყო – უნდა გაყინო’’ – ვიფიქრე ერთხელ.

გადამარჩინე სიჩუმისგან დაღლილო თავო,

სხვადასხვა კისრის წაგრძელებით ნუ გაერთობი,

ტანში ირწევა ყველა ტკივილი,

წყალში იღვრება ყველა მცდელობა,

უკანასკნელი მოუთმენლობით,

რომელსაც ავლენს დაუდევრობა.

საკუთარ ადგილს არ ვარჩევ,

არც ის მგონია მართებული წყალ-წყალა მოლოდინს შემოვეტმასნო

და შევცბე.

 

                                                  1 დეკემბერი 2022 წლის

 

 

 

1 2 3