***

დილიდან გაკიდულ სარეცხის გაშრობას

ცეცხლი უწერია , როგორც ჭვავის ყანებს.

ეზოში ომამდე ცხოვრობდა ბავშვობა,

ბავშვობა ომში წაიყვანეს,

 

ის იყო ისეთი, ისეთი გულთბილი,

დედის მუცელზე იძინებდა.

ბავშვობას ძალიან უყვარდა, მულტფილმები

კარგად რომ დახატეს ბიძიებმა.

 

მამის ხელებით ანატაცი…

დედის მურაბა, დანახუფი…

სახლში დაბრუნდა მამაკაცი,

ბავშვობა ომში დაიღუპა

 

რა უნდა იყოს უარესი?!

მაგრამ უარესიც მეგულება:

ეზოში ცხოვრობდნენ, მეორეზე-

სიყვარული და ერთგულება.

 

ისე უყვარდათ, ისე სურდათ,

ნელ-ნელა იქცნენ ერთმანეთად,

ჰქონდათ ვალები, ჰქონდათ სურდო,

თავი გაჰქონდათ ერთ მანეთად.

 

წერილებს ვინ გზავნის კარცერიდან?

წერილებს ვინ გზავნის- სიტყვაულევს?

მოვიდნენ ცუდი კაცები და

უცებ დაქვრივდა სიყვარული.

 

ხორცშესხმულ მიზნებს აზაზელთა,

ვიმკით ყაყანით და კოცნებით,

პირველი სართულის ასასვლელთან,

ცხოვრობდა ლამაზი ოცნება.

 

ოცნებას კარგი საძმო ჰყავდა,

საძმო გამოყოფდა ფენაზინს,

ყოველ საღამოს მირეკავდნენ,

ერთად ვოცნებობდით ფრენაზე.

წყალი ტბისაა თუ რუს წყალია,

წყალი წყალია, ზღაპრიდან.

ოცნებას ფრენა უსწავლია,

დამივიწყა და გაფრინდა.

 

სამეფო, გაცვლილი

ერთ კოჭლ ცხენზე,

მთელი ისტორია იბერიის,

ამ ძველი სახლის

შუქმკრთალ სხვენზე

ორი დაღლილი სიბერეა.

 

ორივეს ახსოვს სველი, ცივი

ბლოკადა, შიმშილი, მავთულები,

ჲასენოვაცი, ოსვენციმი,

ვაგონები და სართულები.

 

მაგრამ , დარჩება ნახევარი

სიბერის, დილის მოსვლამდე.

მზე შენი მამლის ნაყივარია,

კამეჩთა ჭაობებს მოსავდეს.

 

-რამდენიც გარსონისთვის მიმიცია-

ბაქიაობდა სიკეთე.

მერე დაგვადგა მილიცია-

კოლონა, კორდონი, პიკეტი.

 

ხიდსგაღმა ისევ ორმოს თხრიან,

ვინმე მოვიდოდეს-ასანთს მთხოვდეს,

ხვალ ხომ იმედის ორმოცია,

ნეტავ, ხვალ მაინც არ მოთოვდეს.

 

მთვრალი პოეზია ილანძღება,

მხოლოდ ასეთიღა არსებობს.

თქვენი მუცელი არ გაძღება,

როგორ გინდა წერო , ასეთ დროს.

 

კარაველაა აფრიანი,

თვითფრინავი თუ ორთქმავალი,

ყველა ბილეთებს აფრიალებს,

ყველამ მოიწყო მომავალი.

გემშვიდობებით. აბა, კარგად!-

ამბობდა ნდობა ხშირ-ხშირად,

მერე კი, სადღაც დაიკარგა,

როგორც რადიო სიხშირე

 

შური გაშავდა გარდასახდა,

რამდენიც გინდა , იხმაურე-

სიმართლე სხვაგან გადასახლდა.

დავრჩი მხოლოდ მე – სიხარული

 

1 2 3 4