თანმიმდევრობა

 

ტალღებმა დინება ჩაჰკიდეს ერთმანეთს.

სანაპირო მათი ჩახუტების მოლოდინში

სიმშრალის დასაკარგად გაემზადა…

და ეს-სუნთქვაა;სუნთქვაა ზღვის.

სიხშირე-იმ სუფთა შეხების დროულობა,

რომელიც თვალის ფსკერს,

ისე შეუძლია ამოისახოს საკუთარ ზედაპირზე,

რომ ლიბრმაც ვერ შეუშალოს ხელი ადამიანს,

დაინახოს ეს ყველაფერი, სამყაროში გახედვის გარეშე…

სხვა დანარჩენს, ხელოვნური ფერი აქვს ირგვლივ,

როდესაც ხვდები, რომ მხოლოდ სისხლის

ჯგუფიღა შემოგრჩა დადებითი.

 

 

 

დეკემბერი

 

დეკემბრის ფიქრით ზამთრისთვალა ამინდის რუჯი

ჩააფრინდება მიწადაღლილ ქალაქის კდემას,

რომ მიითვალოს ნაგროვები კუთვნილი ღალა;

მზეგადახდილი ელოდება, სივრციდან ბღუჯავს

თეთრს, ჩამოაცრის დედამიწას თოვლს. დაიღალა…

დროებითია – ხან ზეციდან წაიღოს ლურჯი

ფერი. იხილოს რომ ყვითელი დალაქი კვდება.

 

 

1 2 3 4 5 6 7