ნუ გეშინია, არ გაიქცე!

 

ნუ გეშინია ,არ გაიქცე,
არ  გამერიდო,არ შეგეხები,
თუ არ გინდა,არ შეგეხები!
ჩიტი ხომ არ ხარ,
დამფრთხალი რომ შუშებს ეხლები?
არ შეგეხები,ხომ გითხარი ,არ შეგეხები!
დაჯექი მიღმა ჩემი  დივნის,ჩემი მაგიდის,
ჩემი წიგნების,ნაწერების,ნაცოდვილარის
მიღმა დაჯექი-მე დაგხატავ,
დაგიმახსოვრებ,
და მერე  წადი – რა გზითაც გსურს იმ გზით იარე!
ზურგზე დაგრჩება ჩემი მზერა  ,როგორც სვირინგი.
და წამოთხრილი ბროლის თვალი მზესთან იდება.
მე  ათას  ასი ლექსითაც ვერ შემოგირიგე,
შენ ერთი ლექსიც არ გჭირდება შესარიგებლად!

 

 

სიმარტოვის მელანქოლია

 

წავლენ სოფლიდან,
წავლენ ისე რომ,
არ მოიხედავს უკან არავინ.
ხის ქვეშ დარჩება ჭიქა  და ჩერო,
ველზე  -ბორცვები,ბორცვზე – კარავი.
მე თქვენ არავის შეგეცოდებით,
მე თქვენ მიტოვებთ სოფელს სრულიად-
ზემო იმერეთს თავის  ოდებით
და ტყეს, რომელიც დანისლულია.
თქვენ არ  გაღელვებთ ჩემი შიშები,
იქნებ კარებთან დამხვდეს ტოტია!
არ გესმით ,როცა ვყვირი ,,მიშველე,,
და თოფს კედელზე  ვეპოტინები.
ყველა  წავიდა,ყველამ  გაიშვა,
და ჩემო თავო დარჩი რაღა  შენ?
შენც გადაგეღო ფოტო პარიზში
კოშკთან
ან ლუდის  კათხით  პრაღაში.
გავსებულია ვაშლით სახილე,
მსხალიც თავისით წყდება ყუნწიდან.
წავედი, ვნახო ჩემი ნახირი,
ფეხიდან ნაკელს გამოვუწმინდავ.

 

 

 

 

1 2 3