რა მშვენიერი საღამოა

 

რა მშვენიერი  საღამოა ,გავს ეს  საღამო
ჩემს რბილ ხასიათს,მოთმინებას ,სევდას,უჩინარ
უხმო ტკივილებს,ჩემს  სიბრმავეს,მაჯებს  დაღალულს,
ჩემს მოულოდნელ აღტაცებას  გავს ეს საღამო.
რა მშვენიერი  საღამოა,რა სასაცილო,
დავხუჭავ თვალებს,არ მჭირდება  აბი საძილე,
ვინატრებ თოვლს და მე ამ თეთრი თოვლის სითეთრეს,
როგორც თხილის გულს  გავტეხავ და გაგინაწილებ .
არც მიფიქრია,რომ ამ ღამეს ვინმე მითევდეს,
სად გავექცევი თავს ,რომელიც  ყბებით მიჭირავს .
საკმარისია, ვაჯავრებდე  ციცინათელებს
ახალ–ახალი ნაფაზებით და  შტერ ჭრიჭინას
არ დავურღვიო იდილია,ღამის არია-
საკმარისია,საკმარისი  ჩემთვის ეს ღამე!
სანამ  გამოვლენ ალიონზე  აისორები
და  ბინძურ  ქუჩებს წრფელი ცრემლით ჩამორეცხავენ .
მოდით , დამტოვეთ  ჩემს ღამესთან,მოდით,ამ უკუნ
ბნელ და  ცივ ღამეს  შემატოვეთ ,არ მეშინია.
რა ნათელია, რომ  ამ ღამეს ვერც გავამუქებ,
ვერც გავათეთრებ …მე უბრალოდ გალეშილი  ვარ!
გალეშილი ვარ  სიყვარულით ,ცხადით,სიზმრებით,
მთვარით, იებით, გირლანდებით,წვიმით,თოვლებით.
და თუ სიკვდილი მიწერია,ღმერთმა ინებოს,
ეს მოხდეს ღამით და მოვკვდები სიამოვნებით !

 

საყვედური დედას

 

დედა,
რანაირ კაცად მომავლინე,
რომ დღედათვლილი პეპლების სიცოცხლეს ვდარდობ.
არ შეიძლება  კაცის  ცრემლიო და
როგორ  შევაკავო ,
თვალებმა რომ  არ გამყიდონ?
ამ ცრემლის გამო მივეჩვიე მარტოობასაც .
თუ ვერ  მხედავენ,
მიხარია,
მდინარეებს  დავიდენ და ვრჩები.
ან თრობა მაინც შემძლებოდა,
ან ნადირობა,
ჯიხვის მოკვლისგან აღტაცებულს
მეყვირა :-
,,ეჰეეეე,,
და მთებს  ბანი მოეცათ .
დარდიან გულს განვიქარვებდი!
მე კი,
ის ჩიტი მესიზმრება,
შურდულით მოკლული,
თვალები რომ ღია  დარჩა და
თითქოს ბუდეში ჩარჩენილ ბარტყებს ჩიოდა.
რანაირ კაცად მომავლინე, დედა?
ეს ლექსი შენთვის  ნათქვამი  ერთადერთი  საყვედურია.
ეს საყვედური დედაშენსაც შეგიძლია უთხრა ,
რომ შენც ჩემნაირი  გაგაჩინა.
ეს ლექსი შენნაირი  დედების საყვედურია,დედა,
ერთადერთი საყვედური!
თუმცა ვიცი,
რომ შენ ქალღმერთი ხარ და ყოვლისშემძლე.
ახლა მასწავლე ამ ცრემლის უკან დაბრუნება,
ან გადამალვა..
თავი რომ არ მომეჭრას.

 

 

 

1 2 3