* * *
ეს თამაში – არავისთან –
ქარის ბარტყებს (სახეზე რომ მაწყდებიან)
ახალისებს –
ვარ და აღარ ვარ.
საქანელას შევყავარ და გამოვყავარ
რაღაც ახალში,
სადაც არ ვდგავარ მარტოდმარტო
არც ერთ ღამეში –
გაოგნებული,
ბებუთივით სანახევროდ ჩასობილი
ქალაქის ბეჭში.
ესენი კი წვეთოვანებს აქეზებენ
ჩემს წინააღმდეგ –
თეთრ ხალათებში რომ მალავენ
კანზე მიმჯდარ წყვილ-წყვილ მკერდებს,
როგორც ლეკვებს –
ჯადოს თუ ახსნი,
ქოფაკებად რომ იქცევიან.
წამალი დაშლის,
კვერთხებივით ჩამომართმევს
თვითმკვლელობის ძახილის ნიშნებს.
და დავრჩები
ისე არავისთვის,
როგორც ამოქოლილ გვირაბში გათოვება…
***
აღმოჩნდა,რომყველა სიტყვა –
მდუღარე წყლის ფსკერზე.
ჩავდივარ, ხორცს ვიწვავ, ამომაქვს,
ვითვლი, ზუსტად ორად ვყოფ:
ზოგი – შვილებს, ზოგი – ლექსებს.
არ ჩავალ-მეთქი დანარჩენებისთვის მდუღარეში.
ქუჩა კი გრძელია და ფართო
და ყველგან თქვენა ხართ.
ხოლო გზად გხვდებით ასეთი სამარცხვინო მე:
კაბა – ცალ მხარეს გრძელი,
რადგან ჩამომერღვა,
დაუვარცხნელი თმა – შავი რეზინით შეკრული
და გულიც კი იაფფასიანი საფულესავით
შესაკრავმოშლილი –
თავისით მეყრება იქიდან
სიმწრით გადანახული
შვილებისა და ლექსების სიტყვები
და ასე გამოდის,
რომ გელაპარაკებით.
* * *
თვალის გახელა უკვე მხოლოდ იმის ნიშანია,
რომ მზადა მაქვს ძარღვები ლიანდაგებად.
და ბეჭების შემცივნულ ბაქანზე
ხერხემლის წყვეტილ და გამაფრთხილებელ ზოლს იქით დგანან
მოსაგვარებელი ამბები.
ამის მერე
ახალი დღეც ისე გრიალით შემოდის ტანში,
როგორც მობერებული, ძვლებამოყრილი მატარებელი
მორიგ სადგურში
და ეს დაფეთებული გაღვიძება
ყველაფერს ერთმანეთზე ახეთქებს:
როგორ არიან, ვინც მიყვარს,
ამინდმა ქალაქის ფერები როგორ გადააწყო,
ხომ ყველა სახლში დაბრუნდნენ ისინი,
ვისაც მთელი ღამე ელოდნენ
და მათაც ხომ შეძლეს გაღვიძება, ვისაც არავინ ეძებს,
ხომ ყველა თონე გახურდა
და ყველა პურის ცომი ამოფუვდა,
ხომ ისევ მზადა მაქვს გული,
რომ გავიყვანო კიდევ ერთ ახალ დღეში,
როგორც მძინარე ახალშობილი –
თვალუწვდენელი სამჭედლოს ზრიალში
და ვხვდები:
ან ზედმიწევნით ზუსტად უნდა იცოდე
როგორ მოყვე საჩვენებელი სიცოცხლის ზურგსუკანა ამბები,
ან ზედმიწევნით ზუსტად უნდა იცოდე
როგორ გაჩუმდე.
