***
ღამის თორმეტ საათზე
მეტროს ბოლო მატარებელში მოხვედრილები
მთელი წაღებული ქალაქიანა მიჰქრიან სადგურ-სადგურ
და მათთანაა რაღაც ისეთი გამაოგნებელი
და გამაშეშებელი სინათლე,
როგორც დაუმსახურებელი სამოთხე.
სინამდვილეში კი სიმართლე ჩვენკენაა –
ვინც ვერ მივუსწარით ბოლო მატარებელს,
ვისაც ცხვირწინ მოგვეხურა
ბოლო ვაგონის ბოლო კარი.
ვინც დავრჩით ქალაქგატანილ უსულო სადგურში,
სადაც ხმის ამოღებასაც რომ ვერ მოსთხოვ
და ჩასასუნთქადაც რომ ვერ გაიმეტებ,
ისეთი გადაქანცული ჟანგბადი დაგვიტოვეს.
***
ნორმალურებო, სწორდით და სმენა!
თქვენს მწკრივში ძალით ჩავაყენე ჩემი შვილები.
საითაც წახვალთ, წაიყვანეთ,
უთხარით, დედა სხვა მწკრივშია,
სხვა აღლუმზე,
სხვა ბელადის მოედანზე,
ბევრ კითხვას არ დაგისვამენ,
მოერიდებათ.
***
ვერც ერთი ხმა ვერ დამეწია,
ისე ზუსტად მივყვებოდი მჭიდრო გვირისტებს.
ძაფთან ერთად ჩავდიოდი თითქოს ბილიკში,
ამოვდიოდი ორ მილიმეტრში
და მერე ისევ ორ მილიმეტრში ჩავდიოდი.
ეს გზა არასდროს მოერღვევა აქაურობას.
ასე არავის გაუვლია, ამ თავგანწირვით –
ერთხელაც არ გადახტომოდა
გვირისტების წყეულ ტირეებს.
ვინ დამაწევდა ამ სიგიჟეში რაიმე ნუგეშს?
ყველამ მხოლოდ მოკლე გზა იცის –
სიყვარულმაც, სიტყვამაც, ფიქრმაც,
ასე გრძელი გზით ვერ გამოგყვება ვერავინ ვერსად,
მით უფრო, თუ იციან,
რომ ვერასოდეს მოაღწევენ შენს დაღლამდე
და შემთხვევით, რომც მოაღწიონ,
ვერც შენ გაიგებ
მოვიდნენ თუ ისევ მარტო ხარ,
არც მათ ექნებათ წარმოდგენა,
მოგიხერხეს რაიმე, თუ ვერ მოგიხერხეს.
* * *
ვხედავ:
ლამაზი, გაპრანჭული გოგოები –
ბეჭებზე მოკიდული მძიმე ტუმბოებით,
რომლებშიც შეუყრიათ სურნელოვანი პარფიუმერია
და უნაკლო სიტყვების მარაგი –
შროშანების ესენციით.
ისინიც დაიღალნენ ცხოვრებით
და მსგავსი საშიშროებებით
და მაინც არ ივიწყებენ,
რომ ქალი უნდა იყოს ძალიან სუფთა.
თუმცა
ათას ცხიმიან ამბავში იზილება
ქალაქის უსისხლო მტვერი
და ცხვება აღუწერელი სევდა კანზე.
ცხვება, იწვება, ნახშირდება
და ზოგიერთი ქალი ხდება ქანდაკება,
რომელიც ჰგონიათ მკვდარი
და მარხავენ არცთუ ტყუილუბრალოდ.