27 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი გამართავს უნიკალურ ფესტივალს, „მეხსიერების ძაფები: მუზეუმი და სამეზობლო”, რომელიც შეეხება მუზეუმებისა და სამეზობლოების კავშირს, კერძოდ, იმ განსაკუთრებულ ისტორიასა და შრეებს, რომელიც აბრეშუმის მუზეუმს გააჩნია მის ირგვლივ არსებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. რა ცოდნას ინახავს მუზეუმი თავისი შემოგარენის შესახებ, რა სახის ახალი ისტორიების შეგროვება და შენახვა შეუძლია მას სამეზობლოსთან დაკავშირებით? რა როლი შეიძლება ჰქონდეს მას სამეზობლოში?…
ფესტივალის ფარგლებში გამოცხადდა ღია მიღება მონაწილეობაზე, როგორც უცხოელი, ისე ადგილობრივი ხელოვანებისთვის. „მეხსიერების ძაფები: მუზეუმი და სამეზობლო“ აერთიანებს სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილ ათ სხვადასხვა სახის ნამუშევარს, რომლებიც პასუხობს აბრეშუმის მუზეუმისა და მისი სამეზობლოს საკითხს. ასევე, ფესტივალის ფარგლებში გაიმართება მოძრაობის თეატრის პერფორმანსი, გასვლითი ტურები, საგანმანათლებლო პროგრამა „მოსწავლე გიდი“ და სუვენირების დამზადების ვორქშოფები.
სტუმრები: ნინო კუპრავა – აბრეშუმის მუზეუმის დირექტორი , ნინი ფალავანდიშვილი – ფესტივალის კურატორი