პიკის საათი - 12.10.2023
პიკის საათი - 12.10.2023

1) „ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტმა რეპორტიორ ქალთა აკადემიის ჯილდო მიიღო

კონკურსი თემაზე – ქალები და სხვადასხვა კრიზისული სიტუაციები (დისკრიმინაცია, კონფლიქტი, ეკოლოგია, მიგრაცია, ძალადობა, ქალთა სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობა) გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ჟურნალისტთა ასოციაციამ – „გენდერული მედია კავკასია“ და გერმანულმა ორგანიზაციამ „ანალიზისა და პოლიტიკის დიალოგის ინსტიტუტმა“ (IfAP) ჩაატარა.

თამარ ჩხიკვაძემ გაიმარჯვა სტატიით – „უსახლობა ომის ქვეყანაში“.

ამ კონკურსში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მედიაორგანიზაციებში დასაქმებული ჟურნალისტებისგან მომზადებული 130 ჟურნალისტური ნამუშევარი მონაწილეობდა.

თამარ ჩხიკვაძე ცხრა გამარჯვებულს შორის დასახელდა.

სატელეფონო ჩართვა: თამარ ჩხიკვაძე – ჟურნალისტი; ათასწლეულის სკოლის ლიტერატურის მასწავლებელი.

 

2) „ფარდის მიღმა“ – „ნათელა ურუშაძე და გიორგი გეგეჭკორი 100“

„ცხოვრება, რომელსაც ჩვენ ახლა ვიწყებთ იქნება შესანიშნავი, არაჩვეულებრივი, გადასარევი და საინტერესო, რაც მთავარია, გვაქვს ჩვენი ოთახი, რომლის ნახევარსაც დაიკავებს დივანი, მეორე ნახევარს კი პატარა მაგიდა, რომელიც ჯერ არ გვაქვს, მაგრამ აუცილებლად გვექნება. გვექნება ყველაფერი, რადგან ერთმანეთი გვიყვარს და ეს ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია!“, – წერს ახალგაზრდა მსახიობი გიორგი გეგეჭჯორი მომავალ მეუღლეს ნათელა ურუშაძეს.

ჩანაწერები და ფოტოსურათები მსახიობ გიორგი გეგეჭკორისა და თეატრმცოდნე ნათელა ურუშაძის არქივებიდნ.

რესპონდენტი: ანა მირიანაშვილი, წიგნის შემდგენელი და რედაქტორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.

 

3) „აკუსტიკისა“ და „წიგნების თაროს“ წამყვანები ეკრანს მიღმა

2023 წლის საბავშვო ევროვიზიაზე, რომელიც 26 ნოემბერს საფრანგეთის ქალაქ ნიცაში გაიმართება, საქართველოს ანასტასია ვასაძე, ნიკოლოზ ხარატი და ოთო ბაზერაშვილი ბეთხოსა და მებო ნუცუბიძის სიმღერით წარადგენენ.

„წიგნების თაროს“ წამყვანი ალექსანდრე ლორთქიფანძე ახალ წიგნზე მუშაობს.

სტუმრები: მებო ნუცუბიძე – მუსიკოსი; გადაცემა „აკუსტიკის“ წამყვანი, ალექსანდრე ლორთქიფანიძე – მწერალი; გადაცემა „წიგნების თაროს“ წამყვანი.

წამყვანი: მარიამ ჩოჩია.

 

4) „შაშვი შაშვი მაყვალი“ ქართულ ეკრანებზე

პატარა ტრადიციულ ქართულ სოფელში მცხოვრები ეთერო არის 48 წლის დაუქორწინებელი ქალი, რომელსაც აქვს საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზია. იგი ტკბება საკუთარი თავისუფლებითა და ნამცხვრებით, ემზადება ჭორებისგან თავისუფალი, მშვიდი და კომფორტული სიბერისთვის. თუმცა მისმა სასიყვარულო ურთიერთობამ დისტრიბუტორ კაცთან შეიძლება გაანადგუროს მისი გეგმები.

სტუმარი: ფიქრია ნიქაბაძე – მსახიობი; ნენოს როლის შემსრულებელი ელენე ნავერიანის ფილმში „შაშვი შაშვი მაყვალი“.

 

5) ხსოვნისა და სოლიდარობის საათი თბილისის სინაგოგაში

12 ოქტომბერს (ხუთშაბათს) 16.30 წუთზე ვიკრიბებით თბილისის სინაგოგის წინ, (კოტე აფხაზის ქ. 45) ისრაელში ტერორისტული აქტების დროს დაღუპულთა ხსოვნის საპატივცემულოდ და ისრაელის სახელმწიფოს მიმართ სოლიდარობის გამოსახატავად.

სატელეფონო ჩართვა: მერაბ ჩანჩალაშვილი – თბილისის დიდი  სინაგოგის გაბაი.

წამყვანი: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: