ნუ დაგვტოვებ, ახალი წლის დღესასწაულო!
ნუ დაგვტოვებ, ახალი წლის დღესასწაულო!

ბევრ სხვა თავისებურებასთან ერთად, უამრავ უჩვეულო, გადასხვაფერებულ, დამახინჯებულ, გაუკუღმართებულ ტრადიციასთან თუ წესებთან ერთად, ძალზე საყურადღებო და მეტსაც გეტყვით – ერთობ შესასწავლი ფენომენია ახალი წლის დღესასწაულის აღნიშვნა, საახალწლო ზეიმი და მისი შემდგომი დღეები ჩვენს ქვეყანაში. ეს გახლავთ მოვლენა, რომელსაც ჩვენ – ქართველები, რატომღაც განსაკუთრებულად ვზეიმობთ, დიდი ამბით ვემზადებით და საგანგებოდ ვიხარჯებით, რომ საკუთარი სუფრა არავისზე ნაკლებ მდიდარი, ჩიტისრძიანი, გოზინაყით დათაფლული თუ საცივით ჩანიგოზებული იყოს. არადა, ახალი წლის დღესასწაული, მე თუ მკითხავთ, ერთი უღიმღამო, სრულიად არაქართული, ძალით გაფეტიშებული და დღეს უკვე ღრეობის მიზეზადქცეული მოსალხენი დღეა.
თანამედროვე ქართველი მოქალაქე ახალი წლისთვის მზადებას 1 იანვრამდე დაახლოებით 2 კვირით ადრე იწყებს: ახორციელებს საახალწლო ხარჯებისთვის საჭირო თანხის ფორსირებულ კონცენტრაციას, წინასწარ იძენს ისეთ პროდუქტებს, რომელთა ფასები ახალ წლამდე 2–3 დღით ადრე კატასტროფულ ნიშნულ აღწევს და ჩვეულებრივი, საშუალოსტატისტიკური ადამიანისთვის, მაგალითად ნიგვზის, თხილის, თაფლის, ინდაურის ან თუნდაც ყველის შეძენა ამ პერიოდში პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. სწორედ ამიტომ, გონიერი ჩვეულებრივი ქართველი თადარიგს იჭერს და სანამ ზემოთ აღნიშნულ პროდუქტებს მომაკვდინებელი ფასები დაედება, მანამდე ასწრებს მათ შეძენას და მომარაგებას. აქ ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ ქართველი ადამიანი – ქალი თუ მამაკაცი, ამ საქმეს, მზადებას ისეთი მონდომებით, გულმოდგინებითა და რუდუნებით, სასოებითაც კი აკეთებს, რომ გაიფიქრებ კაცი: ნეტავ ასე, ამგვარად – სწრაფად, ხარისხიანად, ეფექტურად და გულით აკეთებდეს ქართველი ქალი თუ კაცი სხვა საქმესო. მაგალითად, სამსახურში საკუთარ მოვალეობას ასრულებდეს, შვილებს ზრდიდეს, მშობლებს ყურადღებას აქცევდეს, საკუთარი ქუჩის ან სადარბაზოს სისუფთავეზე ზრუნავდეს, ღირსეული ხელისუფლების არჩევაზე იყოს მოწადინებული, სწავლა–განათლებას იყოს მოწყურებული და საკუთარი ქვეყნის გარემოს დაცვისთვის იბრძოდეს – ვიმეორებ: ისეთივე თავგანწირვითა და ისევე თავგადაკლულად, როგორც საახალწლო სუფრის პროდუქტების შესაძენადაა ხოლმე ჭაპანწყვეტაში ახალ წლამდე ორიოდე კვირით ადრე. მაგრამ არა, ბატონებო. ქართველი ქალი ან კაცი, ასე მხოლოდ საახალწლო სუფრის საჭმელების შეძენისას გახლავთ თავაწყვეტილი.

ამ ვნებათაღელვის მეორე ნაწილი უშუალოდ ახალი წლის დღესასწაული – საკრალური 31 დეკემბერი და სტატიკური, ნაყროვანებისა და ბახუსის განსახიერება – 1 იანვარი გახლავთ. ქეიფი და ღრეობა, ხმაური და მძვინვარება, ეიფორია და თავდავიწყება – ეს არის საქართველოში მცხოვრებ ადამიანთა უმრავლესობის ერთი ჩვეულებრივი დღე 1 იანვარს. რასაკვირველია, ღმერთმა ნუ მოგვიშალოს სამხიარულო და საზეიმო დღეები, მაგრამ ჩვენ რისი ქართველები ვართ, თუ ყველაფერი ჩვენებურად არ გავაზვიადეთ, გადავაგვარეთ და ხშირ შემთხვევაში უმსგავსობად არ ვაქციეთ. 31 დეკემბრისა და 1 იანვრის უკუღმართობის, ნაყროვანებისა და სასმელში ჩახრჩობის თვალნათელი შედეგია სასწრაფო სამედიცინო დახმარების უკიდურესად გახშირებული გამოძახებები მთელი ჩვენი ქვეყნის მასშტაბით, და განსაკუთრებით დედაქალაქში; ახალი წლის დღესასწაულის ზედმეტი ეიფორიისა და უსაფრთხოების ტოტალური უგულვებელყოფის შედეგია სხეულის სხვადასხვა სახის ათობით დამწვრობა, განსაკუთრებით ბავშვებსა და მოზარდებს შორის. ახალი წლის დღესასწაულს სამწუხარო სტატისტიკაც ახლავს: ათობით ავტოავარია, დაშავებულები და დაღუპულები; კონფლიქტი ოჯახში ან სხვა გარემოებაში – რა თქმა უნდა სუფრაზე ან ქეიფის შემდეგ, რომელსაც უმეტეს შემთხვევებში დაზარალებულები, ზოგჯერ კი მსხვერპლიც ახლავს; გარდა ამისა, საკვები პროდუქტებისგან ორგანიზმის მოწამვლის, კუჭ–ნაწლავის, ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის პრობლემებით მიმართვიანობის გახშირება კლინიკებსა და საავადმყოფოებში. ყოველივე ეს ახალი წლის დღესასწაულების „მონაგარია“, რომელსაც, სხვათა შორის, დასასრული არ უჩანს.

ასე გამოიყურება წინასაახალწლო და უშუალოდ ახალი წლის დღეების ყოველწლიური და მარად უცვლელი ქრონიკა, რომლის შეცვლის, გაუმჯობესების, შეკვეცის, ან სულაც გაუქმების, ან თუნდაც შემსუბუქების, ან უფრო ცივილიზებული იერსახის მიცემის იოტისოდენა სურვილიც კი არ გაგვაჩნია ჩვენ – საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეებს. ეს ჩვენი გაუნძრევლობა და უგვანობისადმი ტრფობა ცოტა ხნით იქით იყოს და, არანაკლებ საინტერესოა, მეტიც – აბსოლუტურად უნიკალურია პოსტახალიწლის დღესასწაულების მომდევნო დღეები, უფრო სწორად – რამდენიმე კვირა, პრაქტიკულად იანვრის თვის ბოლომდე, რომელსაც მე მაძღარი საღათას ღრმა ძილს დავარქმევდი. უფრო ზუსტი თუ ვიქნები, ეს სრულიად განუმეორებელი, მსოფლიოში ალბათ ერთადერთი პერიოდი, საქართველოში 29–30 დეკემბერს იწყება და 19–20 იანვრამდე გრძელდება. თითქმის 1 თვის განმავლობაში აბსოლუტურად პარალიზებულია ყველა ორგანიზაცია და ინსტიტუცია, საწარმო, კომპანიები, მომსახურებისა და სავაჭრო ობიექტები, კომპანიების პიარსამსახურები, მარკეტინგისა და ლოგისტიკური სამსახურები, საბანკო ოპერაციების სისწრაფე, ყოველივე ამასთან ერთად, თავისთავად ცხადია – ხალხი, ადამიანები, თანამრომლები, მუშა–მოსამსახურეები – ყველანი ერთიანად ქეიფსა და დროსტარებას, თვლემას, დასვენებას, ქალაქგარეთ მიგრაციას და საზღვარგარეთ გაქცევას ეძლევიან. სწორედ ამ დროს, ამ პერიოდში, აბსოლუტურად გამორიცხულია კერძო ან კორპორაციული, თუნდაც საჯარო საქმე, გეგმა, პროექტი განახორციელო, რა დროსაც სრულიად რელევანტური და ეფექტურია, დროულია და უპრიანია ერთი საყოველთაო, ჯადოსნური ფრაზები: „გადაიაროს ამ ახალმა წლებმა და მერე მივხედოთ“, ან ასე: „იცით, ახალი წლების შემდეგ შემოიარეთ, მანამდე აქ არავინ იქნება“, ან ეს: „მოდი ასე გავაკეთოთ: ახლა მაინც ვერაფერს მოვასწრებთ, ახალი წელი კარზეა მომდგარი. გადავაგოროთ ეს დღესასწაულები და მერე დავცხოთ და გავაკეთოთ…“ გეცნობათ ეს სიტყვები?.. რასაკვირველია! ეს ხომ ასეთი მშობლიურია, ასეთი ავთენტური და ჩვენი ხასიათის, ჩვენი მენტალობის წიაღიდანაა აღმოცენებული. ჩვენია და ვერავინ წაგვართმევს! პრინციპში, არც არავის სჭირდება, რომ წაგვართვას!

ასეთია ეს ჩვენი დღეები. საახალწლო. ნაძვის ხითა და ახალი წლის გამსაკუთრებელი რომელიღაც ცხოველის თუ არსების თოჯინებით, სათამაშოებით, თითიდან გამოწოვილი, მუცლითმეზღაპრეების მიერ შეთითხნილი ბრიყვული ასტროლოგიური პროგნოზებით, სადაც ზოდიაქოს 12–ვე ნიშნისთვის ბრწყინვალე, უნიკალური, გრანდიოზული და ნობელის პრემიებითა თუ ჯეკპოტებით დახუნძლული იქნება მომავალი – კენტავრის ან ჭიანჭველაჭამიას წელიწადი; სადაც სურვილები და სადღეგრძელოები თავზესაყრელად გვაქვს, თუმცა მის საქმედ ქცევასა და განხორციელებაზე აღარავინ ფიქრობს. როდესაც ამ ერთი ან ორკვირიანი ქეიფისა და თავდავიწყების შემდეგ, მოულოდნელად დგება სიცარიელისა და მოწყენილობის შეგრძნება, როდესაც ახალი წელიწადი ახალი, არც ისე სასიამოვნო ამბებით იწყება და შენც უმალვე ფხიზლდები ამ საღათას თვლემისგან. მაგალითად იმ ამბებით, რომ ტარიფები ელექტროენერგიაზე, ბუნებრივ აირსა და სასმელ წყალზე უსათუოდ გაიზრდება, რასაც პურზე და სხვა პირველადი მოხმარების სხვა საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდა მოყვება; მაგალითად ის, რომ ლარის კურსი ისევ ჰაერშია გამოკიდებული და თანაც – უფსკრულშია ჩაშვებული, სადაც უკვე თვალსაც ვეღარ ვკიდებთ; მაგალითად ის, რომ ასეთი სირთულეების ფონზე, ამ მყიფე სოციალურ–ეკონომიკურ გარემოში, შენი ცხოვრებაც, შენი უფლებების დაცულობაც, შენი სამსახურიც, და რაც ყველაზე მთავარია – შენი ფიზიკური თუ სულიერი სიჯანსაღეც მყიფე და მერყევია – არავინ იცის, როდის შეიძლება ბზარი გაუჩნდეს, შეირყეს და საფრთხე შეგიქმნათ შენც და შენს ოჯახსაც… სხვა რა გითხრათ?.. მაინც და მაინც არც ის მინდა, ჯერ კიდევ საახალწლო განწყობა წაგიხდინოთ, თუმცა ყოველივე ეს ხომ სიმართლეა? ხომ არაფერს ვაჭარბებ? და ხომ მაინც სისულელეა ეს ჩვენი მთვრალი, მაძღარი, ხმაურიანი და გაუთავებელი ახალწლობანა?.. რამდენი მეთანხმებით, ნეტავ შემეძლოს დათვლა…