სირიის პროვინცია იდლიბში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. 28 თებერვალს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის არმიამ, რომელსაც ზურგს რუსეთის ავიაცია უმაგრებს, იერიში მიიტანა აღნიშნულ პროვინციაში დისლოცირებულ სირიელ ოპოზიციონერ მებრძოლებსა და თურქ სამხედროებზე. დაიღუპა 33 თურქი ჯარისკაცი. საპასუხოდ ანკარამ საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა სირიის არმიას. თურქეთის პრეზიდენტი მოითხოვს, რომ ასადის მებრძოლებმა უკან დაიხიონ და დაბრუნდნენ იმ პოზიციებზე, რომლებიც 2018 წლის სოჭის შეთანხმებაშია გაწერილი. ამ ხელშეკრულების მიხედვით, იდლიბის პროვინცია თურქეთმა უნდა გააკონტროლოს. ვითარების დაძაბვის გამო, საგანგებო სხდომა გამართა ნატოს ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ. როგორც ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, ნატო მხარს უჭერს თურქეთს და გმობს სირიისა და რუსეთის იერიშებს. მოსკოვში კი ამტკიცებენ, რომ თურქი სამხედროები რუსულ ავიაციას არ დაუბომბავს. ამ ფონზე თურქეთმა იდლიბის საჰაერო სივრცის დახურვა მოითხოვა. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მოუწოდა დასავლეთს, მოახდინოს ზემოქმედება ასადზე და მის მხარდამჭერ რუსეთზე. ერდოღანმა ასევე განცხადა, რომ სირიელ ლტოლვილებს ევროკავშირის საზღვრებისკენ გზა გაუხსნა. სირიის პროვინცია იდლიბში არსებული სიტუაციის შესახებ პოლიტოლოგებს – მეჰმეთ ემინ იკბალ დურეს და ტოგრულ ისმაილს ვესაუბრეთ.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: