- რუსეთი 2030 წლამდე ნატოსთვის მთავარ საფრთხედ დარჩება. ასეთია ნატოს გენერალური მდივნის ინიციტივით ჩამოყალიბებული 10 კაციანი ექსპერტთა ჯგუფის პროგნოზი, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამომავლო განვითარებისა და რეფორმის შესახებ ანგარიშში მოხვდა. 138 რეკომენდაციისგან შემდგარი დოკუმენტი 2020 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა. ანგარიშში რამდენჯერმეა ნახსენები საქართველო და ხაზგასმულია შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობა. დოკუმენტს ნატოს ლიდერები უნდა გაეცნონ, რის შემდეგაც ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საკუთარ წინადადებას მოამზადებს. ანგარიშის ერთ-ერთი ავტორი გახლავთ პოლონელი ევროპარლამენტარი, პოლონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ანა ფოტიგა, რომელსაც დოკუმენტის შესახებ ვესაუბრეთ.
- დემოკრატები ტრამპის იმპიჩმენტს ხელმეორედ ეცდებიან. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრები მის გადაყენებაზე უარს იტყვიან. თუ მოვლენები ამ სცენარით განვითარდება ეს იქნება პირველი შემთხვევა აშშ-ის ისტორიაში, როდესაც თეთრი სახლის ლიდერის იმპიჩმენტს კანონმდებლები მეორედ ეცდებიან. დემოკრატიული პარტიის წევრები ტრამპს, აჯანყების წაქეზებაში სდებენ ბრალს. როგორც ისინი ამტკიცებენ ამ ქმედებით, ტრამპი აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას და კონსტიტუციას დაემუქრა. ერთ-ერთ ბოლო სატელევიზიო ინტერვიუში კონგრესში დემოკრატების ლიდერმა ნენსი პელოსიმ აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს პუტინის მოახლე უწოდა და არ გამორიცხა, რომ რუსეთის პრეზიდენტს აშშ-ის ლიდერზე კომპრომატი ჰქონდეს. როგორც ამერიკული მედია იუწყება, დემოკრატების ინიციატივას ჯერ არც ერთმა რესპუბლიკელმა არ დაუჭირა მხარი. ექსპერტების თქმით კი, იმ შემთხვევაში, თუ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა ამ კვირაში დაიწყება, სენატს ამისთვის ფაქტობრივად დრო არ ეყოფა. დემოკრატები კი აცხადებენ, რომ ტრამპისთვის სამომავლოდ სახელმწიფო თანამდებობის დაკავების აკრძალვა სურთ. ამრიგად, თუ იმპიჩმენტი შედეგება ტრამპს 2024 წელს პრეზიდენტად კენჭისყრის იურიდიული უფლება აღარ ექნება. ამ თემაზე ვესაუბრეთ საქართველოს პირველი არხის ანალიტიკოსს რეზი ქოიავას.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: