მსოფლიოს ამბები - ნატოს განახლებული არსებითი პაკეტი
მსოფლიოს ამბები - ნატოს განახლებული არსებითი პაკეტი

ნატო საქართველოს განახლებულ არსებითი პაკეტს გადასცემს. გადაწყვეტილება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 2 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, ალიანსის ყველა წევრი მზადაა პრაქტიკული დახმარება გაუწიოს საქართველოს. ამ ეტაპზე ჯერ უცნობია, კონკრეტულად რა ტიპის დახმარებას მიიღებს საქართველო ახალი პაკეტის ფარგლებში. ერთადერთი განცხადება გააკეთა ნატოში გერმანიის მისიამ, რომელშიც ნათქვამია, რომ გერმანიის მეთაურობით მოქმედი მულტიეროვნული სამედიცინო კოორდინაციის ცენტრი საქართველოს სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების ნატოსთან თავსებადობის განვითარებაში დაეხმარება. ამას გარდა, ნატოს მინისტერიალის მონაწილეებმა განიხილეს ალიანსის განვითარების გეგმა, რომელიც ნატოს გენერალური მდივნის ინიციატივით ექსპერტთა ჯგუფმა მოამზადა. ამ დოკუმენტში, სახელწოდებით „ნატო 2030“ ასევე რამდენჯერმეა ნახსენები საქართველო და ნათქვამია, რომ ნატომ უნდა განამტკიცოს საქართველოსთან თანამშრომლობა. ექსპერტები ასევე ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ნატოსთვის მთავარ გამოწვევად დარჩება რუსეთი, თუმცა ამასთან ერთად აღნიშნულია მსოფლიო ასპარეზზე ჩინეთის როლის გაძლიერებაც, ნატოს მინისტერიალზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ვესაუბრეთ ნატოში საქართველოს მისიის ხელმძღვანელ ვიქტორ დოლიძეს.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: