იონა და ლევიათანი
იონა და ლევიათანი

თემა, რომელზეც ამჯერად მინდა საკუთარი თვალსაზრისი გაგიზიაროთ, კაცობრიობის დიდი უმეტესობისთვის უზომოდ მიმზიდველი, მისასალმებელი და მეტსაც გეტყვით – ნამდვილი სტიქიაა, ვნებაა. ამ ვნებით განსაკუთრებით ახალი თაობაა „დასნებოვნებული“, თუმცა ამ სიტყვის ბრჭყალებს გარეშე თქმაც შეგვიძლია – იმიტომ, რომ ეს მართლაც სენია, უფრო სწორად – სენად იქცა, ცხოვრების წესად დამკვიდრდა და ჩვენი ყოველდღიურობის დიდი ნაწილი მიიტაცა, წაიღო ისე, რომ აღარ გვიბრუნებს.

ეს ტექნიკური ცივილიზაცია, თანამედროვე ტექნოლოგიები, ტექნოლოგიური პროგრესი გახლავთ, რომელიც ბოლო 30-40 წელიწადია რეაქტიული სისწრაფით ვითარდება და უფრო და უფრო მეტ ადამიანს, ბავშვს, ქალსა და მამაკაცს, ყველა პროფესიისა და სოციალური სტატუსის მქონე „ჰომო საპიენსს“ ითრევს და იტაცებს საკუთარ ელექტრონულ „სტომაქში“, გნებავთ ხახაში, საიდანაც თავის დაღწევა ან სრულიად შეუძლებელია, ან დიდ ნებისყოფას, მონდომებას და რაც მთავარია – გაცილებით ჯანსაღ ალტერნატივას ითხოვს.

მიუხედავად ამისა, თანამედროვე კაცობრიობის საკმაოდ სოლიდური ნაწილი, ბიბლიური იონასავით, თითქოს საკუთარი ნებით ხტება ამ უზარმაზარი „ვეშაპის“ თუ ლევიათანის ხახაში, ანუ თანამედროვე ტექნოლოგიების მორევში, საიდანაც ამოსვლა სულაც არ სურს. იქ, იმ სამყაროში, იმ გარემოში იგი თავს შესანიშნავად გრძნობს, ემორჩილება ყველა დაწერილ თუ დაუწერელ წესებს და კანონებს, მას აღარ სჭირდება წარმოსახვა, ფანტაზიის უნარის მოკრება, ღრმა განსჯა და სხვა ნამდვილად ადამიანური, ფასეული უნარ-ჩვევები. იქ, ლევიათანის ხახაში, საჭიროა მხოლოდ ლოგიკური აზროვნება, ცივსისხლიანობა, ემოციების მაქსიმალურად მოთოკვა, გრძნობების დავიწყება, და მხოლოდ იმით ტკბობა, რაც მათ ხელთაა – იქნება ეს ულტრათანამედროვე მობილური ტელეფონი, ე.წ. ტაბლეტი, ლეპტოპი თუ სხვა მაღალტექნოლოგიური პორტატული თუ სტაციონარული მოწყობილობები.

ახალი საუკუნე, ახალი ეპოქა და მისი ერთ-ერთი პირმშო – თანამედროვე ტექნოლოგიების მქონე გაჯეტები თავად კარნახობენ ადამიანებს ქცევის ახალ წესებს, ემოციების მართვას, ერთმანეთთან ურთიერთობას; ამკვიდრებენ უახლეს, სრულიად განსხვავებულ ტრენდებს, ქმნიან ამინდს ტექნოლოგიურ სამყაროში, აქვთ ათობით მილიარდიანი კაპიტალბრუნვა და თანდათანობით, ფარულად თუ თვალხილულად, მთელი სამყარო მათ ღრმა, უკიდეგანო და ასე ვთქვათ, უმზეო ხახაში იდებს ბინას. ეს არის ერთგვარი ტექნოლოგიური აპოკალიფსი, განკითხვის დღე, როდესაც კაცობრიობის ცივილიზაციას ადამიანებმა უვიცობა, ჩამორჩენილობა და განუვითარებლობა, უინტერესობა მოჰკითხეს, და ადამის მოდგმას მაშინვე მიუზღეს სასჯელი მთელ პლანეტაზე – დაამკვიდრეს ცხოვრების ახალი, თანამედროვე, ელექტრონულ-ვირტუალური წესი, უნარ-ჩვევები, ინსტინქტები, ემოციები და ინტერესი. შეცვალეს ბავშვთა, მოზარდთა და ზრდასრულ ადამიანთა ქცევა, სურვილები, მიზნები და ურთიერთობის ფორმა. ლევიათანის სტომაქში მყოფი ოცდამეერთე საუკუნის ადამიანები თავიდან ბოლომდე ტექნიკურ-ვირტუალურ სამყაროს არიან მიჯაჭვულნი და ცხოვრობენ იმ ყოველდღიურობით, რომელიც საკუთარი თავის ამ ნივთებთან თანაცხოვრებით შეიქმნეს.

გრძნობები, ნიჭი, უნარები, ფასდაუდებელი თვისებები, რომლებიც ცივილიზაციის ამ ბოლო გამოძახილის გარეშე არსებობდა, და რომელსაც კაცობრიობის უდიდესი ნაწილი საკუთარი ცხოვრების მანძილზე ატარებდა, რომლითაც არსებობდა, სუნთქავდა და რაც ყველაზე მთავარია – ქმნიდა, თესავდა და მომავალ თაობას ასწავლიდა, თანდათანობით ქრება, დავიწყების წყვდიადში ინაცვლებს. დროთა განმავლობაში სულ უფრო უცხო და სასაცილო ხდება ადამიანისთვის სასოება, თვინიერება, უანგარობა, გულუბრყვილობა, ბედნიერების განცდის უნარი, სილაღე, გულწრფელობა, უშურველობა, თავდაჭერილობა, და კიდევ ბევრი სხვა ღირსეული და წმინდა ადამიანური უნარი, ნიჭი, რომელიც მთავარი შემოქმედისგან მიეცა ადამიანს. ის, როგორც ბაბუაწვერას, სულს უბერავს და სურს განძარცვოს საკუთარი არსება ამ სიმდიდრისგან.

რასაკვირველია, სწორედ ტექნოლოგიისა და მეცნიერების არნახული წინსვლის შედეგია, რომ დღეს უკვე ისეთი დაავადებების განკურნებაა შესაძლებელი, რომლებიც სულ რაღაც 20-30 წლის წინ ცალსახად საბედისწერო იყო და მხოლოდ ლეტალური გამოსავალი ჰქონდა. ტექნოლოგიისა და ზოგადად ცივილიზაციის განვითარების დამსახურებაა, რომ ადამიანი უკვე თანდათანობით ხვდება საკუთარი პლანეტის ფასს და ყველაფერს აკეთებს დედამიწაზე ეკოლოგიური კატასტროფის შესაჩერებლად; ტექნოლოგიების პროგრესისა და ახალი ტექნიკური ქმნილებების წყალობითაა, რომ თანამედროვე ადამიანის ცხოვრების ტემპი საოცრად აჩქარდა და გაიოლდა ერთმანეთთან კავშირი, საბანკო ოპერაციები, საგანმანათლებლო და მასმედიის საქმიანობა. თუმცა ყოველივე ამ მონაგარითა და სიმდიდრით აღჭურვილი კაცობრიობა, მთავარია ღირსებისგან, სულიერებისგან არ განიძარცვოს და ლევიათანის წყვდიადიდან ამოღწევისას, მის სტომაქში არ დატოვოს ღვთისგან ნაბოძები უმთავრესი, არსებითი საგანძური – ადამიანობა!
იონამ ლევიათანის სტომაქს თავი უნდა დააღწიოს! არ მეთანხმებით?..