„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენლის გიგი ჩიხლაძის განცხადებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ყველაზე მეტი ე.წ. ტექნიკური კანდიდატი დაფიქსირდა და ამ კანდიდატებმა ეს საჯაროდ აღიარეს. ტექნიკური კანდიდატი არ არის იურიდიული ტერმინი და ამ სახელით იმ ფორმალურ კანდიდატებს მოიხსენიებენ, რომელთა რეალური მიზანი არჩევნებში გამარჯვება კი არა სხვა კანდიდატის მხარდაჭერაა. ასეთი კანდიდატებისათვის გამოყოფილი კანონით გათვალისწინებული დაფინანსება სინამდვილეში სხვა კანდიდატს ხმარდება. ჩიხლაძის განცხადებით, ყველაზე მეტი ტექნიკურო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძის მხარდასაჭერად დარეგისტრირდა და მათ საჯაროდ აღიარეს, რომ ტექნიკურ კანდიდატებს წარმოადგენენ. მისივე თქმით, ტექნიკური კანდიდატების მხარდაჭერით ასევე ისარგებლეს დავით ბაქრაძემ, კახა კუკავამ და სალომე ზურაბიშვილმა. „ფინანსურ რესურსს, რომელიც ტექნიკურ კანდიდატებისთვის ბიუჯეტიდან არის გამოყოფილი, რეალურად სწორედ ვაშაძე, ბაქრაძე, კუკავა და ზურაბიშვილი იყენებენ, რაც კანონდარღვევაა“ – განაცხადა გიგი ჩიხლაძემ
არასამთავრობო ორგანიზაციები წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირებულ ტენდენციებსა და დარღვევებს აჯამებენ. ახალგაზრა იურისტთა ასოციაცია წინასაარჩევნო პერიოდში სოციალური ქსელების აქტიურ გამოყენებაზე საუბრობს. საიას საარჩევნო პროექტების კურატორის ლელა ტალიაურის განცხადებით, მათ დააფიქსირეს 4-5 შემთხვევა, როდესაც თვითმართველობის საჯარო მოხელეები ფეისბუქის მეშვეობით ხელქვეითებს მიუთითებდნენ თუ რომელი კანდიდატის მხარდამჭერი პოსტები გაეზიარებინათ, ან პირიქით მისი კონკურენტი კანდიდატების კონტრაგიტაცია ეწარმოებინათ. მსგავსი დარღვევის გამო წარდგენილი 5-მდე საჩივრიდან საოლქო საარჩევნო კომისიამ 1 დააკმაყოფილა – განაცხადა ტალიაურმა. სოციალურ ქსელს უკავშირდება კიდევ ერთი ტენდენცია. იქმნებოდა როგორც სალომე ზურაბიშვილის ასევე გრიგოლ ვაშაძის შეურაცმხყოფელი ფეისბუქ გვერდები. საიას წარმომადგენლის განცხადებით, ეს არის ჩვეულებრივი დაფინანსებული კამპანია და საზოგადოებამ არ იცის ვინ ასპონსორებს მას. შესაბამისად ეს თანხები არის გაუმჭირვალე რაც დარღვევას წარმოადგენს.
სტუმრები: გიგი ჩიხლაძე – „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენელი
სატელეფონო ჩართვა: ლელა ტალიური – საიას წარმომადგენელი