ღია სტუდია - 2019 წლის ბიუჯეტის პარამეტრების განხილვა თბილისის საკრებულოში
„ქალაქის გარეუბნებში ნაგვის ურნების პრობლემა დგას“ – აცხადებს თბილისის საკრებულოს ურბანული კომისიის თავმჯდომარე რეზო სოხაძე. მისი თქმით, მნიშვნელოვანია თბილისის თანაბარი განვითარება. კომისიი თავმჯდომარის ინფორმაციით, გარეუბნებში ინფრასტრუქტურული პრობლემები მრავლად არის და ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს მათი მოგვარება უნდა წარმოადგენდეს. სოხაძის განცხადებით, გარეუბნების განვითარების პრიორიტეტი აისახა თბილისის ბიუჯეტთან დაკავშირებით საკრებულოს მიერ მერიისთვის გადაგზავნილ რეკომენდაციებში. „არ შეიძლება, რომ 21-ე საუკუნეში ქალაქის გარეუბნებში ნაგვის ურნების პრობლემა იდგეს. მე როგორც ვარკეთილის მაჟორიტარი ბევრ უხერხულობას ვაწყდები ამის გამო“ – აცხადებს ურბანული კომისიის თავმჯდომარე. „ასევე პრობლემურია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, სკვერები, ბაღები. ამ პრობლემების მოგვარება ნიშნავს, რომ მათი ქონება მკვეთრად გაძვირდება, ქალაქის ყველა უბანი თანაბრად განვითარდება. ადამიანებს დასვენების, გართობისა და მუშაობისთვის არ მოუწევთ შორ მანძილზე გადაადგილება. ეს თავის მხრივ ნაკლები ავტომობილის მოძრაობას, ნაკლებ საცობებს და ნაკლებ გამონაბოლქვს ნიშნავს“ – აღნიშნა რეზო სოხაძემ.
ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრის ლილე ლიპარტელიანის განცხადებით, ბიუჯეტის პროექტში წლევანდელ ბიუჯეტთან შედარებით 73 მილიონი ლარით შემცირებულია ინფრასტრუქტურული ხარჯები, სამაგიეროდ 7 მილიონით იზრდება სახელფასო და წარმომადგებლობითი ხარჯები. ჩვენ თბილისის მერს შევთავაზეთ 5-პუნქტიანი წინადადება, რომელიც ითვალისწინებს 200-ლარიანი მედიკამენტების ვაუჩერს ყველა პენსიონერისთვის, 150-ლარიანი კომუნალური ვაუჩერს საშუალო და დაბალი შემოსავლების მქონე ოჯახებისთვის, უფასო მგზავრობას სტუდენტებისთვის, 1.18 ლარის ნაცვლად უფასო სასადილოების დაფინანსების მკვეთრ ზრდას, დამატებით 50 მილიონი ლარის გამოყოფას ინფრასტრუქტურის და გამწვანებისთვის – აცხადებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. ლიპარტელიანის განცხადებით, 5 პუნქტიანი შეთავაზების დასაფინანსებლად ცენტრალურმა ბიუჯეტმა თბილისს 130 მილიონი უნდა გამოუყოს, ხოლო მერიამ სახელფასო და წარმომადგენლობითი ხარჯები 83 მილიონიდან 43 მილიონამდე უნდა შეამციროს. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე რეზო სოხაძე კი აცხადებს, რომ ინფრასტრუქტურული ხარჯების 73 მილიონიანი კლება დაფიქსირდა იმის გამო, რომ ბიუჯეტში ჯერ არ ასახულა ცენტრალური ბიუჯეტის მიერ გამოყოფილი ტრანსფერი. მაგალითად, წელს ტრანსფერით 20 მილიონი ლარით დაფინანსდა საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ხოლო 32 მილიონი ლარით ავტობუსების შეძენა. რაც უკვე გაკეთებული და შეძენილია, ამ მუხლში ხელახლა ვეღარ აისახება. სამაგიეროდ დაფინანსდება ახალი პროექტები – დასძინა სოხაძემ. „რაც შეეხება სოციალურ დახმარებებსა და ვაუჩერებს, გამგეობები და მერიის შესაბამისი სამსახურები აქტიურად აფინანსებენ როგორც წამლების პროგრამას ასევე საყოველთაო ჯანდაცვის მიმართულებას. უფასო სასადილოების დაფინანზებაზე, კომისიის სხდომაზე მოვითხოვეთ მეტი არგუმენტაცია – რატომ უნდა იყოს წელს ისევ 1,18 ლარი გამოყოფილი ერთი ადამიანის სადილისთვის. ოცნების დეპუტატებმა კითხვა დავსვით, ეს რამდენად რეალური თანხაა“ – განაცხადა ურბანული კომისიის თავმჯდომარემ. „მედია ისე აშუქებს, თითქოს უმრავლესობის დეპუტატები ყველაფრით უკმაყოფილო ვიყავით. ჩვენც გვქონდა სერიუზული შენიშვნები და დებატები მერიის სამსახურებთან. ვფიქრობ, რომ წინა წელს მერიის მიერ აღებული პრიორიტეტები მნიშვნელოვანია და ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს“ – განაცხადა რეზო სოხაძემ.
სტუმარი: რეზო სოხაძე – საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა, საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე.
სატელეფონო ჩართვით: ლილე ლიპარტელიანი – საკრებულოს წევრი.